logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა ნიკა გვარამიას დედა აგინა, რასაც გვარამიამაც გინებით უპასუხა!
- +

20 ნოემბერი. 2020. 23:29

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილსა და ნიკუტა გვარამიას შორის ატეხილ ლანძღვა-გინებაზე მოგვითხრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება რუსეთის გარდა მთელმა მსოფლიომ მიულოცა:

– სააკაშვილს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად რამდენიმე ბინძური გეგმა აქვს. ერთ-ერთი ასეთი გეგმა ამ რამდენიმე თვის წინათ უკრაინელი ჟურნალისტების წყალობით გამოაშკარავდა, როცა ისინი მიხვდნენ, რა დიდ შარში ჰქონდათ თავი გაყოფილი. მოგეხსენებათ, სააკაშვილის გეგმით, უკრაინელ ჟურნალისტებს გიორგი გაბუნია უნდა დაეპიარებინათ და აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად წარმოეჩინათ. ამის შემდეგ სააკაშვილი აპიარებდა გაბუნიას მოკვლას და თბილისში რევოლუციური ტალღის აგორებას, აქაოდა, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა პუტინის პირადი მტერი მოგვიკლაო! – რაც ჩაფლავდა. ახლა, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, სააკაშვილის მორიგი ბინძური გეგმით, ისევ უნდა აგორებულიყო საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი გახლდათ ცრუ მოლოდინის შექმნა და საზოგადოებაში იმ განწყობის დათესვა, თითქოს ნაცმოძრაობა არჩევნებს იგებდა და ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

– ბატონო ლევან, ტექნიკურად ეს როგორ უნდა განხორციელებულიყო?

– ამ ბინძური გეგმის განსახორციელებლად სააკაშვილმა ნიკა გვარამიას დაურეკა და უბრძანა, რომ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ეგზიტპოლის მიმდინარე მაჩვენებლები ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ხელოვნურად გაეზარდა. გვარამიამ ნაცების რეიტინგს ცხადია, მაშინვე მოუმატა, მაგრამ იმდენი ვერა, რამდენსაც მისგან სააკაშვილი ითხოვდა. სააკაშვილმა გვარამიას კიდევ დაურეკა და უბინძურესი სიტყვებით შეამკო – რეიტინგი კიდევ მოგვიმატეო! გვარამიამ სააკაშვილს გაღიზიანებულმა უთხრა, რომ ნაცმოძრაობას მეტ რეიტინგს ვეღარ მოუმატებდა... იმის გამო სააკაშვილმა ნიკა გვარამიას დედა აგინა, რასაც გვარამიამაც გინებით უპასუხა. ერთი სიტყვით, ამ ორმა მანიაკმა ერთმანეთს აგინა! როგორც თვითმხილველები ყვებიან, სააკაშვილი ისე იყო გამძვინვარებული, გვარამია ხელში რომ მოხვედროდა, ისე სცემდა, როგორც პირუტყვს! ნიკა გვარამიას არ დაუმალავს, რომ ეგზიტპოლების შედეგების გაყალბებაზე წინასწარ მუშაობდა, გაიხსენეთ რა თქვა – მთელი ღამე არ მიძინია, ეს ციფრები გამომყავდაო!

– სააკაშვილი და გვარამია იმ გინების შემდეგ შერიგდნენ?

– გეტყვით იმას, რომ გვარამია როგორც მსახური, ლაქია და ხელქვეითი თავის ბელადს კვლავაც ერთგულად ემონება და ფაქტია, რომ ბინძურ დავალებებსაც ძველებურად ასრულებს. სტრუქტურულად ნაცმოძრაობა ასეა აწყობილი – სათავეში დგას მთავარსარდალი და ბელადი სააკაშვილი, მერე მოდის რევოლუციურ-ნაცისტური შტაბის მეთაური ნიკა გვარამია და ბოლოს – სარდლები: ნიკანორ მელია, ხცატია დეკანოიძე, დავით კირკიტაძე, გრიგოლ ვაშაძე და ა.შ. მაგალითად, ხატია დეკანოიძე არამარტო ნაცმოძრაობის, არამედ იმ წვრილ-წვრილი პარტიების სარდალია, რომლებმაც დაკარგეს თავმოყვარეობაც, ელექტორატიც და თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობას ჩამოეკიდნენ. ხატია დეკანოიძე ამ წვრილ-წვრილი პარტიების ლიდერებს პირადად კარნახობს, სად უნდა დადგნენ პრესკონფერენციის გამართვის დროს, ვინ ვის შემდეგ უნდა გამოვიდეს და რა უნდა თქვას...

– წვრილ-წვრილი პარტიები სააკაშვილს რატომ ემონებიან, ამის გაკეთებას რა აიძულებთ!

– ზოგს ფული აქვს აღებული სააკაშვილისგან და ვალდებულია ასე მოიქცეს, ზოგსაც ეშინია, რომ „მოღალატეს“ დაუძახებენ და გამოაჭენებენ!

– აშკარაა, რომ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს, მაგრამ საამისოდ ძალები არ ყოფნის, თუ ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და პრეზიდენტი ბაიდენი გახდა, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ თავისი შეფასება უკან წაიღოს და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად ცნობს?

– ეს გამორიცხულია! საერთოდ, რაც გინდა მოხდეს, ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, მაგრამ ხელისუფლებისადმი თეთრი სახლის მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს. თუმცა, ეს არ მოხდება იმ ფორმით, როგორც ნაცებს წარმოუდგენიათ. პირველ რიგში, არავის დაავიწყდეს, რომ ამერიკაში არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ გარკვეული არ არის! მეორე და მთავარი – თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში 1021 წლის იანვრამდე ნებისმიერ შემთხვევაში ისევ დონალდ ტრამპი იქნება და მესამე – ფიქრიც კი სასაცილოა იმის შესახებ, რომ ამერიკა 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებას შეცვლის! 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად აღიარა არამარტო შეერთებულმა შტატებმა, არამედ ეუთომ, ოდირმა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ და ჩვენმა მეზობლებმა – თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. ყველა ამ ქვეყანამ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს არ გაუკეთებია, გახლავთ რუსეთი, რადგან კრემლს საქართველოში არჩევნები და ხელისუფლების ლეგიტიმურად ცვლა კი არა, გადატრიალება, სისხლისღვრა, უბედურება, სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი აწყობს! კრემლია საქართველოს ხელისუფლებას 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს, რადგან მომხდარით გაბრაზებულია! „ქართულ ოცნებას“ არ ულოცავს, მაგრამ ნაცმოძრაობას რომ გაემარჯვა, პუტინი სააკაშვილს გამარჯვებას აუცილებლად მიულოცავდა, რადგან სააკაშვილი იმის პროდუქტია, მისი თოჯინაა და სადაც სჭირდება, იქ გადაისვრის – ხან უკრაინაში და ხანა – საქართველოში!

– შესწევს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ძალა, აღკვეთოს სახელმწიფოს მტრების პარპაში და ის დაანონსებული გადატრიალება, რომელიც სააკაშვილის ცხოვრების მიზნად იქცა?

– ცხადია, ქართულ სახელმწიფოს დღეს ამის აღსაკვეთად ყველანაირი ძალა და უნარი შესწევს და თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად გავიხსენებთ, რომ ქართულმა სახელმწიფო უკანასკნელ წლებში გადატრიალების მცდელობა არაერთხელ აღკვეთა. ამის სადემონსტრაციოდ შარშან, 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენებიც კმარა... ნაცებს გადატრიალების სურვილი აქვთ, მაგრამ ძალა არ ყოფნით, ხალხი მხარს არ უჭერს და აღარ იციან, რა ქნან! იმიტომაც დაარბენინებენ თავიანთ სექტას აღმა-დაღმა.

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner