logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: უჩვეულოა რუსეთის მხრიდან გიგი წერეთლის მხარდაჭერის გამოცხადება
- +

ავტორი ანა ფერაძე

1 ივლისი. 2016. 19:58


თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა, რომ რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს. ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ესუბრა, რომელმაც აღნიშნა რომ გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან მისთვის უჩვეულო იყო.




„გიგი წერეთელი ამჟამად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. წერეთელი ამ პოზიციაზე თავის დროზე „ევროპის სახალხო პარტიიდან" იქნა წარდგენილი, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ.

 

ახალ პოზიციაზე გიგი წერეთლის კანდიდატურა იმავე ევროპის სახალხო პარტიამ წარადგინა. ამავე დროს არის სხვა კანდიდატურაც, სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან დასახელებული.

 

მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება" გაერთიანებულია ევროპის სოციალ-დემოკრატების ოჯახში და ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ იმ კანდიდატურის მხარდაჭერა.

 

ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო, რომ რუსეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გიგი წერეთლის კანდიდატურას, როცა მანამდე ჩვენ ვისმენდით პოლიტიკურ სპეკულაციებს „ნაციონალური მოძრაობისგან", რომ თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნება" და რუსეთის დელეგაცია  არ უჭერს მათ მხარს.

 

ვერ ვიტყვი, რომ გიგი წერეთელი პრორუსულია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, დაიბობა ქალაქები, დაიბომბა ჩვენი ტერიტორია, რუსეთის მხრიდან მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია... აქედან გამომდინარე ჩემი მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობა" აღიქმება, როგორც პუტინის მოკავშირე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner