თავდამსხმელი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, წერილს ავრცელებს და მძევლად აყვანილ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.
ლევან ზურაბაშვილმა წერილი აჭარის მაუწყებელს გაუგზავნა.
„ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ, თუ არა მათ, იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა, რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში, რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას.
ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება, შეიძინონ საჭირო მედიკამენტები, ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები.
მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ, სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე.
ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, – წერს ზურაბაშვილი წერილში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.