ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა სავარაუდოდ უფრო სწრაფად ჩაივლის.
„არჩევნების მეორე ტურზე მხოლოდ ერთი ბიულეტენია, შესაბამისად ხმის დათვლას უფრო ცოტა დრო დასჭირდება“, - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
„ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს „ფეისბუქზე“, „იუთუბსა“ და საიტზე მოხდება.
კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.