„ოპოზიცია აქტიურობდა, მუშაობდნენ, მაგრამ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის აღება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე.
„გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, შემოსულია უკვე 300-ზე მეტი უბნის მონაცემები ოქმების მიხედვით. აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე საჯაროდ. 563 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდით მათ, რომ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ ოლქში. ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი, ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. 17 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნება. ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ. მათ აიღეს 50 000 ხმა, ისინი აქტიურობდნენ, მუშაობდნენ, მაგრამ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში, გაყალბების საბაბით, ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულობას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში.
„იმედია, ოპოზიცია ამას სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულობას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.