თურქმა სამართალდამცველებმა ორი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც 28 ივნისს სტამბოლის აეროპორტში თავი აიფეთქეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები - რაკიმ ბულგაროვი და ვადიმ ოსმანოვი არიან.
გამოძიებამ თავდასხმის ადგილას მათი პასპორტები აღმოაჩინა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე პირები რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.
ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერორისტულ შეტევას 44 ადამიანი ემსხვერპლა და 244 დაიჭრა. თურქეთის ხელისუფლება ტერაქტში „ისლამურ სახელმწიფოს" ადანაშაულებს.