logo_geo
eng_logo
ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უფასო იქნება
- +

23 ნოემბერი. 2020. 10:29

 

 

ესპანეთში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება უფასო იქნება. ხელისუფლებამ 2021 წელს ვაქცინის შესაძენად 1 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ესპანეთში იმედს გამოთქვამენ, რომ „Pfizer“-ის ვაქცინის 20 მილიონი დოზის მიღებას 2021 წლის დასაწყისში შეძლებენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და „AstraZeneca“-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე.

 

პრემიერ- მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 2021 პირველ ნახევარში მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდ-19 -ზე უკვე აცრილი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე პრიორიტეტი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს მიენიჭება. ამ ჯგუფში შედიან ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ქრონიკულ დაავადებებში რისკის შემცველ ფაქტორად განისაზღვრა დიაბეტი და რესპირატორული დაავადებები.

 

ესპანეთი გერმანიასთან ერთად ევროკავშირის წევრებიდან ვაქცინაციის გეგმის და სტრატეგიის შემუშავების ნაწილში დაწინაურდა. მთავრობა კოვიდ-19 -ზე ვაქცინაციის გეგმას 24 ნოემბერს წარადგენს.

 

„ჩვენ იმუნიზაციის სქემაზე სექტემბრიდან ვმუშაობდით და უკვე მზად ვართ. ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ამას ყოველდღიური მონაცემები ადასტურებს. ჩვენი მიზანია ვაქცინის დისტრიბუციამდე მაქსიმალურად შევძლოთ ვირუსის გავრცელების შემცირება .ნოემბრის პირველ კვირას 100 000 მოსახლეზე 530 ინფიცირებული მოდიდა და დღეს 436. ჯერ შორს ვართ ამბიციური განაცხადიდან, რომლის თანახმადაც გვინდა 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე 25 ინფიცირებული გვყავდეს“, - განაცხადა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა.

 

„El Pais“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 10 გამოკითხულიდან 4 ფიქრობს, რომ კოვიდ-19 -ზე ვაქცინაციის უკან კონსპირაცია იმალება. გამოკითხვაში 2000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 24.1%-ს სურს კორონავირუსის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე აიცრას, გამოკითხულთა 36.9%-ს ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებათ. 20.6 %-მა განაცხადა, რო მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება. გამოკითხულთა 13.1%-მა კი განაცხადა, რომ კოვიდ-19-ზე ვაქცინის გაკეთებას საერთოდ არ აპირებს.

 

ბოლო 24 საათში ესპანეთში კოვიდ-19 -ით ინფიცირების 15 156 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 328 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში 1 589 219 შემთხვევაა გამოვლენილი. 9 თვეში 42 619 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე ესპანეთი მეექვსე ადგილზეა და ინფიცირებულთა რიცხვის მიხედვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საფრანგეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner