„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.