ჩაფუშული რევოლუცია, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და მაიკ პომპეოს სტუმრობა საქართველოში – როგორც პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყველებს – მოძველდა ე.წ. ლიბერალური დემოკრატია და საჭიროა სოციალური სამართლიანობის ახალი აზროვნების ტიპი:
– როგორც ცნობილი ფილოსოფის და პოლიტმეცნიერების თეორეტიკოსი სლავოი ჟიჟეკი აცხადებს, ნეოლიბერალიზმის კრიზისმა მთელი მსოლფიო მოიცვა. საქართველოშიც ეს პროცესი მიმდინარეობს, ნეოლიბერალური პარადიგმა თავის პოზიციებს თმობს – ოღონდ ამ პარადიგმის სამსახურში დღეს, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობაა და აქედან გამომდინარე მათ პირველ ნომრად პრეისტორიული ფიგურა გამოიყვანეს – ჯერ კიდევ მოდერნისტული პერიოდის გვიანდელი წარმომადგენელი, ბატონი ბუბა კიკაბიძე, სხვათაშორის, გათვლა იყო იმაზე, რომ ბევრ უფროსი თაობის ადამიანს მოენატრა „ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო“.
ამ პროცესს ლაკანი ხსნის არაჩვეულებრივად – ძველი ფსიქოსოციალური სისტემა, რომელიც აღვიძებს ფროიდისა და მარქსის აჩრდილებს. ბატონმა ბუბამ, რაღა თქმა უნდა, ძალიან კარგად იმღერა ლენინის, ანუ თავისუფლების მოედანზე, თანაც რუსულად, მაგრამ ამ პარადიგმატულმა თამაშმა მაინც ბოლომდე ვერ გამოიღო შედეგი. ხალხს მაინც ახალი პარადიგმა უნდა – მოძველდა ეგრეთწოდებული „ლიბერალური დემოკრატია“, როგორც ჟიჟეკი ამბობს და აქედან გამომდინარე, დღეს საჭიროა სოციალური სამართლიანობის ახალი აზროვნების ტიპი, რომელიც, ალბათ, უფრო დეცენტრალიზებული იქნება, ვიდრე დოგმატური მარქსისტული მოდელები იყო. აშკარაა, რომ მარქსისტულმა „ჩიტო გვრიტომ“ ვერ იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა და რეზო გაბრიაძის გენიალური სცენარი პირადად ჩემთვისაც ძალიან ტკბილ მოგონებებს იწვევს. დღეს სიახლეა საჭირო და ახალი პარადიგმა გახლავთ „მრავალხმოვანი განვითარება“.
– მრავალხმოვან განვითარებაში, ალბათ, ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას არ გულისხმობთ, რომელსაც თემურ ალასანია დირიჟორობს...
– როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ ამბობს, დღეს ჩვენ გვაქვს „თეატრის რაფსოდიის“ დრო, თემურ ალასანიაც ჯერ კიდევ „რაფსოიდიამდელ“ დროს მიეკუთვნება და მისი ტიპის „იარაღით ვაჭრობა“ და „განიარაღების კომიტეტი“ ჩაბარდა მეოცე საუკუნის რეალობას. მას ჰგონია, რომ შეძლებს მეოცე საუკუნის ბოლოს დაბრუნებას და იგივე იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის „კაგებეს“ მეოთდების ისევ ჩართვას საქართველოში. თუმცა, ვერ ხვდება იმას, რომ აქაც ფუნდამენტურად შეიცვალა სამოქმედო და სექსუალური პარადიგმა: დღეს ყველა ყველაფერს იღებს და იწერს. თემურ ალასანია სახტად არის დარჩენილი, როდესაც ახალგაზრდა წყვილები და კერძოდ კიმ კარდაშიანი საკუთარ სექსუალურ აქტსაც კი იღებს. ასეთი ჩაწერებით სავსეა მთელი სოციალური სივრცე და ეს უკვე გასცდა სპეცსამსახურების დომეინს.
აქედან გამომდინარე, თუ თემურ ალასანიას არცთუ ისე რომანტიკულ ჩანაწერს მოვუსმენთ გუბაზ სანიკიძესთან – ის ჩქარობს და ზედმეტად ჩქარობს. ამ დროს მას ავიწყდება ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის ოსვალდო არდილესის ცნობილი გამოთქმა „მოჩქარეს მოუგვიანდესო“. ამ შემთხვევაში კი ოსვალდო არდილესის ანდაზა თემურ ალასანიას აუხდა და ის ახლა გახლავთ პირდაღებული. იმედია, მალე მოახერხებს ბატონი გენერალი ალასანია საკუთარი პირის დამუწვას და დაამუშავებს ახალ პოსტსტრუქტურალისტურ გეგმებს. ამის შესახებ მას უნდა მოესმინა ისეთი დიდი ფეხბურთელების მოსაზრებებიც, როგორებიც არიან მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და დაისაჯა კიდეც ამისთვის. დღეს გრუ-ზია გრუს-ზია აღარ არის. დღეს გრუ-ზია მეტად დაგრუ-ზულია პოსტეგზისტენციური კრიზისით და ელოდება მაიკ პომპეოს მესიჯებს!
– ანუ მოძველებულ ლიბერალურ დემოკრატიასთან ერთად „ნაციონალების” მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმაც წარსულს ჩაბარდა? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში საუბრობდით მოსალოდნელი აჯანყების შესახებ...
– 2020 წლის აჯანყების შესახებ პირადად გავიგე დავით ზვიადაურისგან ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში. ბატონმა დავითმა, რომელიც ცნობილი იარაღის ბარიგაა, ჩემთან და მიშა კაჭკაჭიშვილთან საუბარში ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში აღიარა, რომ ის ეწეოდა ტერორისტების ტვირთის გადაზიდვას ქალაქ ხოფიდან ისლამური იმარატის სამფლობელოებში და ამაში ფულს იღებდა ბატონი გიორგი უდესიანი. უდესიანთან ერთად მან ახსენა ბატონი კეზერაც, მისი თქმით, ეს თანხა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი, საქართველოში სამხედრო გადატრიალებას უნდა მოხმარებოდა.
2019 წლის 20 ივნისს სააკაშვილმა სცადა ამ გადატრიალების დაჩქარება – ცხადია, ამის შესახებ ნაცისტურ პარტიაში მის გარდა ბევრმა ადამიანმა არ იცოდა, მაგრამ მან უბრძანა ამ გადატრიალების მოწყობა. მაშინ ბატონმა ზვიადაურმა გვითხრა, რომ ეს იყო „საწყისი ეტაპი“ ამ გადატრიალებისა, რომ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მაინც დავუდ იბრაჰიმი და ხალიფატის ხელმძღვანელობა იღებდა. და ეს ფული იდებოდა მედიაში, ენჯეოებში, პარტიებში, ზონდერებში და 2020 წლისთვის მზადდებოდა ყველაფერი, მართლაც ასე მოხდა. ამის შემდეგ ბატონმა ზვიადაურმა ისევ ამ იარაღის ბარიგების სისტემაში გადაინაცვლა და ახლაც ეხმარება იმარატს სლობოდან ტეშიჩთან ერთად თავისი სამხედრო მიზნების მიღწევაში. მაგრამ, როგორც მაიკ პომპეოს ჩამოსვლამ გამოავლინა, ეს არ აღმოჩნდა მთლად ადვილი!
– მაინც, რატომ არ შედგა დაანონსებული რევოლუცია?
– წარიმართა გარკვეული პროცესები კონფუციანური ცივილიზაციიდან, რამაც ხელი შეუშალა ბატონ ზვიადაურს, უდესიანთან ერთად განეხორციელებინა სამხედრო გადატრიალება. თუმცა, ამ გეგმაზე მას ხელი ჯერ კიდევ არ აუღია. სხვათა შორის, ზვიადაურისა და სლობოდან ტეშიჩის იარაღით ვაჭრობის საკითხებში კარგად არის გათვითცნობიერებული ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული უსაფრთხოების არასამთავრობო სტრუქტურის საქართველოს ფილიალის ზედამხედველთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი კოტე ფორჩხიძე, რომელსაც მთელი ეს ინფორმაცია დადებული ჰქონდა რიგ საერთაშორისო კონფერენციებზე. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ გადატრიალების მოხდენის წინააღმდეგ.
– რას ეტყოდით ქუჩაში გადასულ ოპოზიციას, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს, საქართველოში დიქტატურაა, თავისუფალ სიტყვას საფრთხე ემუქრება და ა.შ.
– როგორც დიდმა ქართველმა, დამწვრობის ფსიქოლოგმა და პარლამენტარიზმის ერთ-ერთმა მამამ ზვიად ბოკუჩავამ თქვა – აუცილებელია ყველა ქუჩაში გასულ ახალგაზრდას წაკითხული ჰქონდეს ჯოდი დინის და მისი პარტნიორის პოლ ჰასავანის ნაწერები ქარზე და შტილზე.
თავისუფალი სიტყვა დღეს საქართველოში არ არის, არსებობს ცენზურა, რომელსაც მართავს ე.წ. მითების პროჟექტორი, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ტელევიზიის უფროსი თამარ კინწურაშვილი. ეს არის ძალიან ცუდი რეალობა და ჩვენ ამაზე ვაპირებთ ზომების მიღებას. ავიწროებენ მალხაზ გულაშვილს, ფილიპე მეორე მახარაძეს და თვით სორენ კიერკეგორსაც კი. დანიელი ფილოსოფოსის ნაწერების აკრძალვა საკმაოდ მძიმე დაეტყო ჩვენს დღევანდელ დღეს. რაც შეეხება ქარის და შტილის ურთიერთობის სტრუქტურულ ანალიზს თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში, ჯოდი დანისა და პოლ პასავანის აზრით, „ქარის მერე ყოველთვის შტილია და შტილის მერე ყოველთვის ქარი“. ეს არის დღევანდელი სოციალური მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა.
ახლა აუცილებელია პოსტინდუსტრიული ოპერის დადგმა და ამას ვაკეთებთ ირაკლი გოგიასთან ერთად. ოპერას ჰქვია „ჩემი ძმა ჰაშიში ან სიყვარული სახელმწიფო დეპარტამენტში“. მთავარ როლებს ასრულებენ სოფო ბათილაშვილი და გიორგი ცხადაძე. აგრეთვე მუსიკაში და ქორეოგრაფიაში მონაწილეობენ გია დიასამიძე და გია მარღანია.
– როგორ ფიქრობთ, უნდა დათმოს თუ არა ხელისუფლებამ პორტფელები ქუჩაში გასული ოპოზიციის სასარგებლოდ?
– ქუჩაში გასულ ოპოზიციას საკმარისი მიზეზები არ აღმოაჩნდა იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესები წარემართა. ეს ხომ სააკაშვილის მთავარი იარაღია. სააკაშვილს აშკარად დააკლდა განათლება იმისთვის, რომ კვალიფიციურად წაეყვანა რევოლუციური პროცესები. მან აშკარად ვერ მოახერხა ანტონიო ნეგრის ახალი ნაწარმოების „რევოლუციის დროების“ წაკითხვა. სწორედ ამიტომაც დაშვებული იქნა სტრატეგიული შეცდომები. ამას, ალბათ, გუბაზ სანიკიძეც გრძნობდა და ახლა ის, ალბათ, დაწერს „უქარქაშო ხმლების“ ქარქაშიან ვერსიას. ეს მეტად საინტერესო შრომა იქნება, როგორც ანტონიო ნეგრი ამბობს, არ არსებობს „ნახევრად რევოლუცია“ და ამიტომაც ხელისუფლების მიერ პორტფელების დათმობა ვერანაირ წარმატებად ვერ ჩაითვლება.
– უკვე დაიწყო მოლაპარაკებების სერია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის...
– არ ვიცი, ვინ რა უნდა დათმოს, მე არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში და არც ის ვიცი, რა არის დეტალები. ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან სიმპათიური პოლიტიკური ძალებიც – არანაცისტური ძალები და მათ სასარგებლოდ რომ დათმოს, ამის წინააღმდეგი სულაც არ ვიქნები.
– ერთ-ერთ პოსტში ხაზგასმით აღნიშნეთ, სამშობლოს გამყიდველებთან – თემურ ალასანიას შნირებთან არანაირი ლიბერალური მიდგომა, ყველა მოძალადე ციხეში და ყველა ძალადობის მქადაგებელი ციხეშიო...
– სახელმწიფო გადატრიალების ყველა მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში ციხეში უნდა იჯდეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ლიბერალური პოლიტიკა მოძალადეებთან. ჩემი აზრით, ხელისულფება საკმაოდ კვალიფიციურ ნაბიჯებს დგამს პანდემიის გათვალისწინებით და თუ ასე გააგრძელებს, მას შეუძლია ქვეყანაში შედარებით სტაბილური ვითარება დაამყაროს. მთავარია, არ იყოს ფიზიოკრატების ბატონობა და ქართველი ხალხი არ ჩავარდეს ბიოპოლიტიკის მონობაში. თუ ეს მოხდა, მაშინ პანდემია შეგვჭამს ყველას. თუმცა, გიორგი გახარია დღეს ავლენს, რომ ის არ არის ფიზიოკრატი და წარმატებულად უმკლავდება ბიოსაშიშროებებს.
– მოცემულ რეალობაში, რაზე მიანიშნებს მაიკ პომპეოს საქართველოში სტუმრობა? რას უნდა ველოდეთ ამ ვიზიტით?
– ახლა ბევრი რამ არის გაურკვეველი მსოფლიო პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე, ჩვენ ალბათ, გავიგებთ ამის შესახებ მაშინ, როცა ის ჩამოვა. ეჭვი მაქვს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გართულებული მდგომარეობის გამო ჩამოდის და თბილისს სახავს მშვიდობის ცენტრად. ის აგრეთვე პატრიარქს ხვდება, და ცხადია, ეს იქნება მიმართული ნაბიჯი იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქრისტიანული ცივილიზაცია, რომლის პოზიციებიც ბოლო ხანებში ძალიან შერყეულია. მგონი, დროა მაიკ პომპეოსთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამ უფრო აქტიური როლი დაიჭიროს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და ივაჭროს ქრისტიანული სამყაროს ფორპოსტის როლით. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამის შესახებ კარგად იცის, ისინი ახლო კონტაქტში არიან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან. ეს არის ახალი „დიდი თურქობის“ დასაწყისი და საკმაოდ სახიფათო პროცესი! სწორედ ამიტომ ერევა ამერიკა ამ პროცესში, რომ ქრისტიანების მდგომარეობა არ გაუარესდეს და კიდევ ერთხელ არ მოხდეს გენოციდი.
– რას გულისხმობთ „დიდი თურქობის“ დასაწყისში?
– მგონი, ეს საკითხი ახლა მაიკ პომპეოს ჩამოსვლის მთავარი თემა იქნება. ერდოღანის ბოლოდროინდელი აგრესიული გამოსვლები – ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობა ყარაბაღის კონფლიქტში და ბოლოს თურქეთის აშკარა ასპირაციები ოსმალური იმპერიის აღდგენისკენ. ამაზე ერდოღანი აშკარად საუბრობს და არამარტო საუბრობს, მოქმედებს კიდეც. მან განაცხადა, რომ ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავზე სრული უფლება აქვს ჯარი გადასხას როგორც ნახიჭევანში, ასევ აჭარაში. ეს ხუმრობა არ გეგონოთ, ეს სერიოზული საშიშროებაა. სწორედ ამიტომაა საჭირო მაიკ პომპეოს მაგარი ხელი, რომ არავინ იფიქროს საქართველოს სამხრეთის ოკუპაცია.
– საინტერესოა, რას ამბობენ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმრობაზე? წლების განმავლობაში მუშაობდით მის ორგანიზაციაში, სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ ამ დეტალებზე „უცნობთან“ გადაცემაში...
– რაც „უცნობთან“ თქვი, ის კარგადაა ცნობილი და დანარჩენი ყველაფერი ჟაკ რანსიერის გარდა, თითქმის ყველასთვის უცნობია!
– როგორ ფიქრობთ, შეიცვლება პოლიტიკური სურათი ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ და როგორ აისახება იგი საქართველოზე?
– რა თქმა უნდა, შეიცვლება, თუმცა მთლად ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ორი აზრი არ არსებობს, რომ ტრამპი და ბაიდენი მეტად განსხვავებული ფიგურები არიან. ბაიდენი ლიბერალია, ტრამპი – დელიოზისა და გატარის პერსონაჟი – რიზომედან ამომხტარი აჯანყებული, ოღონდ საპნის ოპერის პერსონაჟი, რომელიც ლიბერალიზმს ანგრევს. თუმცა, ნეოლიბერალიზმს რამდენად ანგრევს, ძნელი სათქმელია. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აისახება ბაიდენის გაპრეზიდენტება საქართველოზე. პოლიტიკური პროგნოზირება საქართველოსთან მიმართებაში (არ არის ადვილი). ჩვენ ხომ ცნობილი წიგნის „შიზოფრენია და კაპიტალიზმის“ წამყვანი პერსონაჟები ვართ და აგრეთვე ბორია წიფურიას, ირაკლი გოგიას და ალეკო ახვლედიანის სამშობლო. ეს კი მოვლენებს სრულიად ამოუცნობად აქცევს!
ნატო ფოცხიშვილი