logo_geo
eng_logo
გიორგი ფხაკაძე: პიკის შესაჩერებლად ერთადერთი საშუალება ლოკდაუნია
- +

23 ნოემბერი. 2020. 16:05

 

 

„კვირის პალიტრის“ სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ბუნებრივია, ჩვენი ინტერვიუ კოვიდსიტუაციის შეფასებით დაიწყო:

 

– ფაქტია, საქართველომ გალახა წითელი ხაზი, სიკვდილიანობის რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ არის საკმარისი და სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. შესაბამისად, ზოგიერთი გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები. ლაპარაკი აღარ არის დღეებზე, ლაპარაკია საათებსა და წუთებზე.

 

– გამოსავალი არ არის?

 

– ვფიქრობ, რამდენი ადამიანია ინფიცირებული, ამ სტატისტიკამ დაკარგა აზრი. როცა ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 3000–ს გადასცდა, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში დათვლას მნიშვნელობა აღარ აქვს. ფოკუსირება უნდა იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. საწოლების რაოდენობა ქალაქების, რეგიონების მასშტაბით და სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ეს ორი ინდიკატორი ცხადყოფს, რა მდგომარეობაშიც ვართ. ახლა „შუქნიშანი“ უნდა ჩავრთოთ – იქ, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50%, არის მწვანე ზონა, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50-დან 75%-მდე, ეს ყვითელი ზონაა და უკვე გამკაცრებული ზომებია მისაღები, თუ საწოლების დატვირთვამ 75%–ს გადააჭარბა, ის ზონა უნდა ჩაიკეტოს. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ მარტო „კოვიდისგან“ არ არის გარდაცვალების ინდიკატორი. ის რომ პაციენტს აქვს გულის შეტევა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე არ მოდის, რომ ადამიანს ოპერაცია სჭირდება და არ არის შესაბამისი რეანიმაციული განყოფილება, ნიშნავს, რომ შესაძლოა პაციენტი არ გარდაცვლილა უშუალოდ „კოვიდისგან“, არამედ გარდაიცვალა „კოვიდით“ შექმნილი სიტუაციის გამო. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ კოვიდისგან დატვირთულმა სამედიცინო დაწესებულებამ ვერ მისცა საშუალება, დახმარებოდა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და ის გარდაიცვალა. შესაბამისად, უნდა შევცვალოთ ის ძველი მეთოდები, რომლებითაც ეპიდემიას ვმართავდით. ამჟამად ეპიდემიას ვმართავთ ისე, როგორც პირველი ტალღის დროს, როცა ყოველდღიურად 10-20 შემთხვეა გვქონდა. ეპიდემიის მართვის სადავე გაგვექცა. ამიტომაც აუცილებელია მკაცრი ზომები.

 

– თქვენ კარგა ხანია, ლოქდაუნის მომხრე ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აპირებს შემოღებას.

 

– მე პოლიტიკოსი არა ვარ, არც ეკონომისტი და არც ხელისუფლების წევრი, მე დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ – ჩემი გათვლებით (და არა მარტო ჩემით, საერთაშორისო ექსპერტებისაც), ლოქდაუნი ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოეღოთ. არავინ არსად არ უნდა გავიდეს, მიმოსვლა მინიმალური უნდა იყოს. მოქალაქეებს ერთმანეთთან მინიმალური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, რათა ვირუსი გაჩერდეს, არ გავრცელდეს. დანარჩენი, ალაგ-ალაგ რაღაცები ჩავკეტეო, კატათაგვობანას თამაშია. რა არის ყველაზე მთავარი? – ადამიანის სიცოცხლე?

 

რაც შეეხება ეკონომიკას, მე გავეცანი ცნობილი ეკონომისტების ანგარიშს, სადაც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული მათემატიკური მოდელი – ვინც უფრო მალე ჩაკეტავს ქვეყანას, მით მალე წამოდგება ფეხზე როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანდაცვის კუთხით, ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კატა-თაგვობანას თამაშობენ, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება – ეკონომიკისთვისაც და ხალხისთვისაც.

 

– ესე იგი ლოქდაუნი დაგვიანებულია?

 

– ძალიან. ლოქდაუნი უნდა გამოცხადებულიყო მაშინვე, როგორც კი ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 1000-ს გადასცდა. პიკამდე ჯერ არ მივსულვართ, ერთადერთი საშუალება პიკის შესაჩერებლად ლოქდაუნია, მხოლოდ პირბადეების ტარებამ არ იმუშავა, ხალხი თავშეყრის ადგილებში ისევ დადის, შესაბამისად, ვირუსი ვრცელდება.

 

ნახეთ, 2 კვირაში რა იქნება, ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებლით თითქმის საბერძნეთისა და თურქეთის დონეზე ავედით. რამხელაა თურქეთი და რამხელაა საქართველო?!

 

დღეს ყოველ წუთში აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იწირება იმის გამო, რომ არ არის მიღებული საჭირო გადაწყვეტილება. რაც უფრო გავაჭიანურებთ გადაწყვეტილების მიღებას, მით მეტ მოქალაქეს დავკარგავთ.

 

ეს ჩვეულებრივი ომია, მესამე მსოფლიო ომი, და რას ველოდებით? ვიცით, მტერი სად არის, ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ და რატომ ვაყოვნებთ?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არის ინფორმაცია მეორედი ინფიცირების შესახებ. ამასთან, უნდა მოვამზადოთ პოსტკოვიდური კლინიკებიც. კვლევებით დადგინდა, რომ იმ ხალხს, ვისაც კოვიდი ჰქონდა, უმძიმესი პოსტკოვიდური სინდრომები დაეწყო. უკვე წერენ, რომ ეს პრობლემები გრძელვადიანი და ძალზე მწვავეა აზიანებს ტვინს, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტირების უნარს. ეს არის პასუხი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მომხრეებისთვის, ამით ოფიციალურად ამბობ, მოდი, დავხოცოთ ჩვენი მოქალაქეებიო.

 

ყველა რეანიმაციული საწოლი სასწრაფოდ უნდა იქნეს მობილიზებული. გაიძახიან, სტაციონარებში 7000-8000 საწოლი გვექნება. ეს ციფრების ბრახუნია, რადგან ბევრ მათგანს არ ახლავს ჟანგბადის აპარატი. უამისოდ კი რა მნიშვნელობა აქვს, საწოლი სახლში იდგება თუ საავადმყოფოში?! პირიქით, პაციენტი, მსუბუქი იქნება თუ მძიმე, თუ მას არა აქვს ძალიან გამოხატული სინდრომი, ჯობია სახლში იყოს, უფრო უსაფრთხოდ იქნება. ახლა ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ იმ პაციენტებზე, რომელთაც რეანიმაციული საწოლები სჭირდებათ, რათა მოქალაქე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის თანამდევი პრობლემა, კოვიდს არ ემსხვერპლოს. ერთადერთი გზა, რომ გავათავისუფლოთ ჯანდაცვის სისტემა, ჩაკეტვაა. ზამთარში ვაქცინა არ იქნება და ფუჭი იმედის მიცემა, არაეთიკურია. დღეს გვაქვს ძალიან მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. სიტუაცია მძიმეა, უკონტროლო, რაც უფრო ვწელავთ დროს, მით უფრო მწარე იქნება შედეგი. თუ ახლავე ჩავკეტავთ ქვეყანას, პიკს დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში მივაღწევთ. თუ არადა, პიკი იანვარ-თებერვალში გადაიწევს. როცა მდგომარეობა მძიმდება, სახელმწიფომ მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ევროკავშირმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – თუ ერთ ქვეყანას ძალიან უჭირს, მეორე რეგიონში გადაჰყავთ პაციენტები. საქართველოში სად უნდა გადავიყვანოთ – ვლადიკავკაზში, დერბენტში, განჯაში თუ სოხუმში?

 

– სოხუმიდან აქეთ გადმოჰყავთ...

 

– მეც მაგას ვამბობ, ევროპაში სულ სხვა ჯანდაცვის სისტემაა, სხვა ეკონომიკური მდგომარეობა, სხვა გაგება. ბიზნესმენები იქაც აწყობენ დემონსტრაციებს, არ მოსწონთ შეზღუდვა, მაგრამ სახელმწიფო იღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას – მან იცის, რომ ეკონომიკა განადგურდება, მაგრამ მისთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა და არა ფული.

 

სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა ინფიცირებულია. ახლა ყველაზე საშიში სამედიცინო დაწესებულებებია, უფრო დიდი შანსია, კოვიდი იქ გადაგედოთ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ – თუ არა გაქვთ მძიმე სიტუაცია, ნუ მიეკარებით სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გამოიძახებთ სამედიცინო დახმარებას.

 

– ერთმა ექიმმა ასეთი რამ თქვა: „ჩვენი ეპიდსიტუაცია პოლიტიკური პროცესის მძევალია“. რა როლს ასრულებს აქციები კოვიდის გავრცელებაში?

 

– ყველაფერი უნდა გაჩერდეს, მიტინგს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთის მატჩი რომ გაიმართება, ნორმალური იყო? თუ ქვეყანა არ ჩაიკეტა, ძალიან მაღალსიკვდილიანობის მაჩვენებელზე ავალთ.

 

– ბოლო დროს ლაპარაკია აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისა და გერმანული კომპანიის ვაქცინის შესახებ, უფრო ადრე ლაპარაკი იყო ოქსფორდის ვაქცინაზე. თქვენი აზრით, როდის გვექნება ნანატრი ვაქცინა?

 

– ალბათ, იცით, რომ მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა ბოლო ვაქცინის დამტკიცებაში თებერვალში. 8 კაცი ვართ ტექნიკურ საბჭოში, ჩვენ მივიღეთ ახალი პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცების გადაწყვეტილება. იმავე მექანიზმით იქნება დამტკიცებული კოვიდის ვაქცინაც. მე ისევ ამ ბორდის წევრი ვარ და ვიცი, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, ამიტომ მარტივად გეტყვით – სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, სხვა ყველაფერი სპეკულაციაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. კომპანიები, რომლებმაც ერთად შექმნეს ვაქცინა, რას აკეთებენ? – გააჟღერებენ ახალ ამბავს და ერთ დღეში იღებენ დიდ ფინანსურ მოგებას. მაგალითად, „პფაიზერმა“ ერთ დღეში 82 მილიარდი დოლარი იშოვა, მეორე დღეს კი მთელმა მენეჯმენტმა გაყიდა თავისი აქციები. ექსპერტიც რომ არ იყო, მიხვდები, რომ რაღაცაშია საქმე. თუ ასეთი მაგარი კომპანიაა და ასეთი აქციები აქვს, რატომ უნდა გაყიდოს?! ამის შემდეგ კიდე უნდა ვიმსჯელოთ, ეს ვაქცინები კარგია თუ არა?! როცა შეიქმნება, შემოვა კიდეც ქვეყანაში, მანამდე კი დღევანდელ დღეს მივხედოთ.

 

– ლაპარაკია კოვიდის მუტაციაზეც.

 

– დიახ, კოვიდმა შეიცვალა ბუნება: ზოგი შტამი აგრესიულია, ზოგი არა. არის ახალი შტამიც, რომელმაც ტაქტიკა შეიცვალა და ცდილობს დაიპყროს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, მაგრამ იმდენად სასიკვდილო არ არის.

 

ამ ვირუსს ასეთი თვისება ახასიათებს – ეძებს ჩვენს ორგანიზმში ყველაზე სუსტ წერტილს და მას ურტყამს. რომ ამბობენ, თანმხლები დაავადება ჰქონდაო, კოვიდი იმუნურ სისტემას თიშავს და პაციენტი კვდება იმ ქრონიკული დაავადებით, რომლის მატარებელიცაა.

 

– იმუნიტეტის ასამაღლებლად ათას მეთოდს იმართავენ, ზოგი ვიტამინს იღებს, ზოგი სისხლის გამათხელებლებს...

 

– წამალი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად ვჭამოთ ჯანსაღი პროდუქტი: ყოველდღიურად 5 სხვადასხვა დასახელების ხილი ან ბოსტნეული, ვიაროთ სუფთა ჰაერზე 30-40 წუთი და არ ვინერვიულოთ.

 

 

ეკა სალაღაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner