„პატარა ოპოზიციური პარტიები ხელახალი არჩევნების შემთხვევაში 1-პროცენტიან ბარიერსაც ვეღარ გადალახავენ, რადგან ვინც ხმა მისცა, ისინიც აღარ დაუჭერენ მხარს“, - ამის შესახებ, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
„ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ რომც ჩატარდეს, პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერცერთი პარტია ვერ მოხვდება! ფაქტია, პატარა ოპოზიციური პარტიები ხელახალი არჩევნების შემთხვევაში 1-პროცენტიან ბარიერსაც ვეღარ გადალახავენ, რადგან ვინც ხმა მისცა, ისინიც აღარ დაუჭერენ მხარს! დიახ, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებმა, ნაცების გამოკლებით, ხმა მისცეს არა შეშისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ პარლამენტში ნორმალური ოპოზიციის ყოფნას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩნენ, რადგან მათი მხარდაჭერილი ძალები სააკაშვილის დესტრუქციულ სცენარში ჩაეწერნენ! ასე რომ, „ლელოს“, „გირჩს“, ვაშაძისა და ელისაშვილის პარტიებს იმ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი, რომელმაც 31 ოქტომბერს ხმა მისცა, უკვე დაკარგული ჰყავთ!“- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.