logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს!
- +

23 ნოემბერი. 2020. 23:18

 

 

– რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ უამრავი მძიმე დანაშულის ჩამდენ და ქართველი ხალხის სისხლში ამოგანგლულ ნაციონალურ მოძრაობას ნახევარ მილიონზე მეტმა ამიომრჩევლმა მისცა ხმა? – ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ცნობილ ჟურნალისტთან და ანალიტიკოსთან თეიმურაზ კვირკველიასთან, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქართულ სატელევიზიო სივრცეში არსებულ ‘ბაკქანალიას“ მიიჩნევს:

 

– სანამ ქართული საინფორმაციო სივრცე პოლიტიკური არამზადებისგან არ გაიწმინდება და ტელევიზიების ეთერში ხშირად არ გამოჩნდებიან გონიერი და ზნეობრივი ადამიანები, რომლებსაც მოვლენების კვალიფიციური და ობიექტური ანალიზი შეუძლიათ, ყოველი არჩევნების მერე სწორედ ასეთ მახინჯ სურათ მივიღებთ. ხომ ნახეთ, რამხელა საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა ტელეეთერში ბატონი მინდია უგრეხელიძის გამოჩენასა და მის უაღრესად კომპეტენტურ ანალიზს იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან? ახლა გეკითხებით, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერ გინახავთ მინდია უგრეხელიძე ქართულ სატელევიზიო სივრცეში?

 

– ძალიან იშვიათად!?

 

– აი, სწორედ ამაშია საქმე! მინდია უგრეხელიძის გარდა, ბევრი სხვა ღირსეული ადამიანიც გვყავს, რომლებიც თავთავიანთი საქმის უმაღლესი პროფესიონალები არია, მაგალითად გია მეფარიშვილი, თედო ნინიძე და სხვები, მაგრამ მათთვის სატელევიზიო სივრცე ჩაკეტილია და ამ ხალხს საინფორმაციო ველზე არ აჩენენ. უბედურება იცით რა არის? ნაცმოძრაობის მიერ მოძულებული და ჩარეცხილი ადამიანები დღემდე ასეთებად ჰყავთ დატოვებული, მიუხედავად იმისა, რომ 8 წელია ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში აღარ არის. სამაგიეროდ, დააკვირდით, ვის აქვს დაკავებული მთელი სატელევზიო სივრცე – მაჭუტაძეს, ჩერგოლეიშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებს, ბაქრაძეს, უგულავასა და სხვებს, რომლებსაც არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ დღე და ღამე საზოგადოება მოძღვრონ.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობაც ისეა მოწყობილი, რომ ვინც ტელევიზიით ყველაზე ხშირად გამოდის, სწორედ ისინი ჰგონიათ ჭკვიანი და მისაბაძი ადამიანები.

 

– იმის თქმა გინდათ, რომ ტელევიზიების მეშვეობით საზოგადოებას შეგნებულად ურეცხავენ ტვინს, რათა ხალხმა მცდარი არჩევანი გააკეთოს და უღირს პოლიტიკურ ძალებს მისცეს ხმა?

 

– დიახ, სწორედ ასეთ მავნებლობასთან გვაქვს საქმე და კვლავაც ხაზგასმით ვიტყვი: ვიდრე საინფორმაციო სივრცე დაკავებული ექნებათ ვიც და უინტელექტო პოლიტიკურ არამზადებს, რომლებიც მხოლოდ ფულსა და სკამებს არიან დახარბებული, მანამდე სწორედ ასეთი სავალალო სურათი გვექნება! ის ნახევარი მილიონი ადამიანიც ,რომელიც არჩევნებში ნაცმოძრაობას აძლევს ხმას, სწორედ სატელევიზიო სივრცეში გამეფებული უწესობისა და უზნეობის მსხვერპლია!

 

– როგორ ფიქრობთ, თუ ოპოზიცია თავის სიტყვას შეასრულებს და პარლამენტში არ შევა, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის განვითარებას წაადგება?

 

– დარწმუნებული ვარ, ერთპარტიულ პარლამენტს არ მივიღებთ! ჯერ ერთი, ნაცმოძრაობა ჰაერში ნუ ყვირის – პარლამენტში არ შევალო, არამედ საკუთარი საარჩევნო სია ოფიციალურად გაანულოს და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი დადოს, რომელიც პარლამენტში მის შესვლას ნამდვილად გამორიცხავს? ამის შემდეგ უნდა მოხდეს ის, რაც ბატონმა მინდია უგრეხელიძემ ბრძანა – საარჩევნო კოდექსში შესწორება შეიტანონ და ნაცმოძრაობის სადეპუტატო მანდატები იმ პარტიებს გადაუნაწილონ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს!

 

– თუმცა, პარლამენტში შესვლაზე არამარტო ნაცმოძრაობა, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც უარს აცხადებენ?

 

– მერწმუნეთ, ბარიერგადალახულ პარტიებს, რომლებმაც 3-4 მანდატი მოიპოვეს, ნაცმოძრაობის მანდატებს თუ გადაუნაწილებენ და თითოეულს კიდევ 3-4 დეპუტატი დაემატება, პარლამენტში აუცილებლად შევლენ. საერთოდ, საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სახელმწიფომ პროვოკატორებს პოლიტიკური კრიზისის შექმნის შანსი არ დაუტოვოს, თორემ ყოველთვის გამოჩნდებიან ვიღაც ვირიშვილები, რომლებიც თავიანთი პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის არევას მოინდომებენ.

 

– იზიარებთ თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შასვლაზე უარს აცხადებენ, სააკშავილისა და ნაცმოძრაობის შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან?

 

– სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ არამარტო სხვა ოპოზიციური პარტიები, არამედ თვითონ ნაცმოძრაობის ლიდერებიც კი იმყოფებიან, რისი ნათელი მაგალითიც გრიგოლ ვაშაძე გახლავთ! დიახ, ვაშაძე, რომელსაც ბევრი რამის გამო პატივს არ ვცემ, კონსტრუქციული ინიციატივით გამოვიდა – ქუჩის პროტესტი პოლიტიკური დიალოგით უნდ ჩავანაცვლოთო, რის გამოც მისივე თანაგუნდელებმა შეაჩვენეს და, როგორც ახლა იტყვიან, დააბულინგეს. წარმოიდგინეთ, ნაცების სახით რა პოლიტიკურ სექტასთან გვაქვს საქმე, რომ თავიანთი პარტიის თავმჯდომარესაც კი პირადი აზრის გამოთქმა არ აპატიეს! როგორ ფიქრობთ, ესენი თავიანთი გუნდის წევრის განსხვავებულ აზრს რომ უპირისპირდებიან, საზოგადოების რომელიმე წევრის განსხვავებულ მოსაზრებას აიტანენ? ნაცები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებს იმაზე 9-ჯერ უარესს უზამენ, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლოაბში უშვრებოდნენ!

 

– ერთი სიტყვით, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავს?

 

– დიახ, ოპოზიციის დირიჟორი სააკაშვილია, რომლის უკანაც ბიძამისი თემურ ალასანია დგას. ყველამ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილის ბიძა გუბაზ სანიკიძეს ესაუბრება და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით დირექტივებს აძლევს, რაც პირდაპირი საფუძველია იმისთვის, რომ მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!? დიახ, ხელისუფლებამ თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას, რადგან ოპოზიცია სწორედ იმ ანტიკონსტიტუციური სცენარით მოქმედებს, რომელზეც ისინი ფარულ ჩანაწერში საუბრობენ!

 

– როგორ ფიქრობთ, ნაცმოძრაობასა და მასთან დაკავშირებულ ოპოზიციურ ძალებს სახელმწიფო გადატრიალების ან „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოწყობის რესურსი გააჩნიათ?

 

– ნაციონალებს გადატრიალებისა და რევოლუციის რესურსი ნამდვილად არ გააჩნიათ, რადგან ხალხის მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა არის არა დესტაბილიზაცია და არეულობა, არამედ სტაბილურობა და სიმშვიდე. დიახ, დღეს ქვეყანაში უამრავი ადამიანია დასაქმებული, ზოგს მცირე ბიზნესი აქვს, ზოგს ცოტა უფრო დიდი, პურის ფულს შოულობენ, ოჯახებს არჩენენ, მეწარმეებს არავინ ახრჩობს და ავიწროებს, არც საჯარო და მითუმეტეს , არც კერძო სექტორში მომუშავე ხალხს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ დევნის და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ვის რაში სჭირდება?

 

– საზოგადოებამ მოისმინა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის ფარული აუდიოჩანაწერიც, რომელშიც ამბობს, რომ სააკაშვილს, როგორც არასტაბილურ პერსონას, დასავლეთის მხრიდან დიდი წითელი ხაზი აქვს გადასმული, მაშინ, როცა იგივე დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს სტაბილურობის გარანტიად და საქართველოს საიმედო პატრონად მიიჩნევს, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

– სამადაშვილს რომ არ ეთქვა, ამას ჩვენც მშვენივრად ვხედავთ. დასავლეთში სააკაშვილს მხოლოდ ის ცალკეული პოლიტიკოსები თუ დიპლომატები უჭერენ მხარს, რომლებმაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში ფული აკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ და არ სჭირდებათ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ახალი კატაკლიზმები გამოიწვიოს და რუსეთი იმაზე დიდი დოზით შემოიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე ეს 2008 წელს გააკეთა! სააკაშვილის, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორის, საქართველოში დაბრუნება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და ის სცენარიც ,რომელსაც ახლა ნაცმოძრაობა მიჰყვება, წმინდა წყლის რუსული სცენარია!

 

– აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტიც სწორედ იმას ხომ არ უკავშირდება, რომ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ დესტაბილიზაციის რუსული სცენარის განხორციელება ვერ შეძლონ?

 

– პომპეოს ვიზიტი ცალსახად არის დაკავშირებული სამხრეთ კავკასიაში შექმნილ მძიმე ვითარებასთან, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომს უკავშირდება. ის ფაქტი, რომ ყარაბაღის ტერიტორიას რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ, ამერიკისთვის, რა თქმა უნდა, არახელსაყრელია, რადგან რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება. ამდენად, შესაძლოა ამერიკელებმა საქართველოსთან მიმართებაში ერთობ მოულოდნელი გადაწყვეტილებაც კი მიიღონ.

 

– რას გულისხმობთ?

 

– სულაც არ გამიკვირდება, რომ პომპეოს ვიზიტის შემდეგ ნატოში დაჩქარებულად მიგვიღონ! ყოველ შემთხვევაში, ამერიკელები მაქსიმალურად შეეცდებიან თავიდან აგვარიდონ ყველა ის საფრთხე, რასაც სომხეთ-აზერბაიჯანის ომი გვიქადის და ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამხრეთ ამერიკაში რუსეთის ხალახალი ბატონობა არ დაუშვან. რაც შეეხება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ხელით საქართველოში რუსული სცენარის განხორციელებას, აშშ კარგად ხედავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ საფრთხეს კარგად უმკლავდება. ამერიკის ელჩი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლები ოპოზიციას აუხსნიან, რომ ჯობს, პარლამენტში შევიდნენ, თუ არადა, ხელისუფლებას კარტბლანში მიეცემა, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი ზომები გამოიყენოს! დიახ, ვინც კანონს არ ემორჩილება, იმისი ადგილი ციხეშია, მორჩა და გათავდა!

 

გიორგი ძაძამია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner