logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: დაიმახსოვრეთ ეს დღე, თვის ბოლოს ეგენი პარლამენტში იქნებიან!
- +

24 ნოემბერი. 2020. 12:39

 

 

2020 წლის არჩევნები... გაყალბების მოტივით ქუჩაში გასული მარადმწვანე ოპოზიცია და ისევ რევოლუციური მოწოდებები... გავა დრო და არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკეთ შეაფასებს ისტორია, მანამდე კი, ლოგიკურ დასკვნებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსი და ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ამ პროცესების უკან რუსეთი დგას, რომელსაც კიდევ ერთხელ ჩაეფუშა ქვეყნის არევის გეგმა!

 

– 2020 წლის არჩევნებს დემოკრატიის ზეიმს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში პარლამენტში პირველად შევიდა 9 პარტია და არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცნეს. ერთადერთი, ვინც ეს არ აღიარა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ის პარტიებია, რომლებიც დღეს რუსთაველზე რუსული ფულებით ტინგიცობენ. ასე დაწერეთ ზუსტად!

 

– ფიქრობთ, ოპოზიციური პარტიები რუსეთიდან იმართებიან? ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა ინტერესი უნდა ჰქონდეს რუსეთს?

 

– რუსეთს სურს ბატონობდეს სამხრეთ კავკასიაში, აღიდგინოს ის გავლენა, რომელიც პოსტსაბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ამიტომაც ცდილობს და მომავალშიც შეეცდება სიტუაციის არევას. რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაუნდობელი ომი დასრულდა, ვინ გამოვიდა ყველაზე მოგებული? რუსეთი! სამშვიდობო ძალების სტატუსი მიიღო. თუ რას ნიშნავს რუსეთის სამშვიდობო ძალების სტატუსით სხვა ქვეყანაში შესვლა, ამის კარგი მაგალითი გვაქვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

 

– რუსეთისკენ ხელს დღეს ოპოზიციაც იშვერს...

 

– ეს მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილია, რუსეთზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ მისი ლანძღვა მოდაშია. ფაქტებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიზნებსა და როლზე.

 

სიის მეორე ნომერი ნაცმოძრაობის პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახლავთ, რომელსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, საიდანაც კადრები სუკის ნომენკლატურაში აჰყავდათ. ის მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, ერთხელაც არ მახსვოს , გაეკეთებინოს საპროტესტო განცხადება, როდესაც აფხაზეთში ომი იყო გაჩაღებული, მეტიც, ერთ–ერთ ცნობილ რუსულ ტელეარხზე განაცხადა – რუსული კულტურის წარმომადგენელი გახლავართ, ორი მშობლიური ენა მაქვს – ქართული და რუსულიო. 2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ეს ბატონი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად კულტურის მინისტრი გახლდათ. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრობა მოინდომა, მთელი ნაცმოძრაობა ეჯაჯგურებოდა და ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს რუსეთის მოქალაქეობა.

 

– თქვენ მიერ დასახელებულმა გრიგოლ ვაშაძემ ორიოდე დღის წინათ სახტად დატოვა მთელი ოპოზიცია, როდესაც აღნიშნა, პროცესი სასწრაფოდ გადავიტანოთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანადო.

 

– მასში ქართული სისხლიც არის, მაგრამ როგორც იტყვიან, კაცურკაცობა, ვაჟკაცობა არა აქვს, თითქოს სცადა დამოუკიდებლად თამაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი სანაცეთი აკივლდა, უკან დაიხია. პარტიული სიის მეხუთე ნომერი კობა ნაყოფია გახლავთ, რომელსაც ბიზნესი რუსეთში აქვს. როგორ ფიქრობთ, კობა ნაყოფიას უფლებას მისცემდა პუტინი იმ ქვეყანაში ეკეთებინა ბიზნესი, რომელსაც ნაცმოძრაობა დღე და ღამ აძაგებს?! გჯერათ, რომ ასეთი გულუბრყვილოა პუტინი? ნაცმოძრაობის სიის ექვსეულშია დევი ჭანკოტაძე, მის მეგობარს თამაზ დუმბაძეს წიგნი აქვს დაწერილი, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ 1991 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს დევი ჭანკოტაძემ სამაჩაბლოში მოხსნა არტილერია, მოიტანა მთავრობის სახლთან და ეროვნულ ხელისუფლებას, კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს დაუშინა. ცხონებული თამაზი ამ წიგნში იმასაც წერს, რომ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი ღამეებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის კაბინეტში ათენებდნენ, მგონი, რუსი სარდალი ქართული საქმის მკეთებელ ხალხს ღამეს არ გაათევინებდა. აი, ამ ადამიანებს ემორჩილებოდა დევი ჭანკოტაძე, დანარჩენი თავად განსაჯეთ. მტკიცებით არაფერს ვამტკიცებ, ვამბობ იმას, რაზეც დოკუმენტი არსებობს და რაც შეიძლება ლოგიკურად დავასკვნათ. ბედის ირონიაა, დღეს დევი ჭანკოტაძის გვერდით ნუგზარ წიკლაური რომ არის, თუ ზვიად გამსახურდიას სცემ პატივს, რა გინდა მისი მკვლელების გვერდით?! რა საერთო უნდა ჰქონდეს გიგა ბოკერიასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, უნივერსიტეტის ეზოში ზვიადისტურად განწყობილი ახალგაზრდების მიმართ რეპრესიებს ატარებდა? ვის სჯერა გია ბარამიძის პროდასავლურობა?! ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძეს დსთ-ში შესასვლელად ხმები არ ჰყოფნიდა, ამ კაცმა თავქუდმოგლეჯილი აირბინა კიბეები და ქოშინით შევიდა ოთახში – დამაგვიანდა, ხმას დსთ-ში შესვლას ვაძლევო, ნუთუ ეს ჩანაწერი წაშლილია? როგორ დავიჯერო, რომ ის ადამიანები, რომლებმაც იარაღი აღმართეს ეროვნული ხელისუფლების წინაღმდეგ და წლების წინათ დსთ-ში შესვლას ითხოვდნენ, დღეს საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან?

 

– ხომ შეიძლება, პოზიცია შეეცვალათ?

 

– ეს ადამიანები დღესაც რუსეთს ემსახურებიან! ვის დროს ჩაბარდა კოდორი რუსეთს? ვინ და რატომ მიჰყიდა ეს სტრატეგიული ობიექტები მათ? ასეთი არაერთი შეკითხვაა. ისტორია შედეგების მიხედვით ფასდება. შედეგების მიხედვით კი აშკარაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიკარგა დამატებით ტერიტორიები და რუსული საქმე გაკეთდა. დღეს რუსეთი სააკაშვილის ხელით ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას. ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს ატარებს! სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ნინო ბურჯანაძისა და „ნაცმოძრაობის“ ჩაკვარახჭინება?! თუ ბურჯანაძეს არ ახსოვს, მე შევახსენებ „მოდელირებულ ქრონიკას“, სადაც მას და ირაკლი ოქრუაშვილს სდებდნენ ბრალს საქართველოში რუსის ჯარის შემოყვანაში. ესენი ახლა ერთად იბრძვიან ამჟამინდელი ხელისუფლების წინაააღმდეგ. რა უნდა ვიფიქროთ? მათი ყველა გზა მოსკოვისკენ მიდის! ნინო ბურჯანაძემ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი, იმდენად გავეშებულია სკამზე, რომ ყოველგვარ ზნეობას გადააბიჯა, გვერდით დაუჯდა მისი პარტიის წევრების მკვლელებს. 26 მაისის ერთ-ერთ შემოქმედთან გიგი უგულავასთან პირდაპირ ეთერში სელფიც კი გადაიღონ. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სალაპარაკოც აღარაფერია. პოლიტიკურადაც და მორალურადაც გაცვეთილია. არჩევნებზე მიღებული ნული პროცენტიც დიდია მისთვის. ჯობს, ოჯახის საქმეებს მიხედოს. საბედნიეროდ, არც ამჯერად გამოუვიდათ მორიგი დესტაბილიზაციის მოწყობა საქართველოში.

 

– ანუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია?

 

– დაიმახსოვრეთ, ეს დღე - თვის ბოლოს ეგენი პარლამენტში იქნებიან! ამაში ისეთი დარწმუნებული ვარ, როგორც მე თქვენ გესაუბრებით. ამ პოლიტიკურ ალიაქოთს წერტილი პომპეოს ვიზიტმა დაუსვა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, ტყუილად არსად დადის. არჩევნები რომ გაყალბებულიყო, როგორ ფიქრობთ, ამერიკის პრესტიჟს ჩრდილს მიაყენებდა და საქართველოს ესტუმრებოდა?! ის აქ საქართველოს სახელმწიფოს მხარდასაჭერად ჩამოდის!

 

ნაციონალური რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდ დამსახურებად გიორგი გახარიას გაპრემიერება მიმაჩნია, მან მიაგნო იმ პიროვნებას, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და შეუძლია ქვეყნის ისე მართვა, როგორც ქართულ სახელმწიფოს ეკადრება. გიორგი გახარია ქართული პოლიტიკის ვარსკვლავია, მის ნიჭსა და უნარზე ძალიან ბევრი რა არის დამოკიდებული. იმედი მაქვს ქვეყნის მართვას მომავალშიც ასეთივე შემართებით გააგრძელებს. შეიძლება დღეს ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს, ძნელი გასარჩევია, ვინ ვინ არის და რა ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ მოვა დრო, გაიხსნება არქივები და ჩემს სიტყვებს ისტორია დაამტკიცებს!

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner