ანალიტიკოსი და ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოში რუსეთის ინტერესებზე საუბრობს.
„რუსეთს სურს, ბატონობდეს სამხრეთ კავკასიაში, აღიდგინოს ის გავლენა, რომელიც პოსტსაბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ამიტომაც ცდილობს და მომავალშიც შეეცდება სიტუაციის არევას. რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაუნდობელი ომი დასრულდა, ვინ გამოვიდა ყველაზე მოგებული? რუსეთი! სამშვიდობო ძალების სტატუსი მიიღო. თუ რას ნიშნავს რუსეთის სამშვიდობო ძალების სტატუსით სხვა ქვეყანაში შესვლა, ამის კარგი მაგალითი გვაქვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
რუსეთზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ მისი ლანძღვა მოდაშია. ფაქტებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიზნებსა და როლზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახლავთ, რომელსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, საიდანაც კადრები სუკის ნომენკლატურაში აჰყავდათ. ის მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, ერთხელაც არ მახსვოს, გაეკეთებინოს საპროტესტო განცხადება, როდესაც აფხაზეთში ომი იყო გაჩაღებული, მეტიც, ერთ–ერთ ცნობილ რუსულ ტელეარხზე განაცხადა – რუსული კულტურის წარმომადგენელი გახლავართ, ორი მშობლიური ენა მაქვს – ქართული და რუსულიო. 2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ეს ბატონი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად კულტურის მინისტრი გახლდათ. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრობა მოინდომა, მთელი ნაცმოძრაობა ეჯაჯგურებოდა და ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს რუსეთის მოქალაქეობა.
მასში ქართული სისხლიც არის, მაგრამ როგორც იტყვიან, კაცურკაცობა, ვაჟკაცობა არა აქვს, თითქოს სცადა დამოუკიდებლად თამაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი სანაცეთი აკივლდა, უკან დაიხია...“ - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.