„ჩვენ ყველანი, საქართველოს მოქალაქეები ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები. სიცრუეა, რომ ამბობენ, საავადმყოფოებში საწოლები არ არის. როგორ არ არის?! საქართველოში იმაზე მეტი საწოლია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს კარები და თქვეს, რომ არ შევუშვებთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ამბობენ, რომ არ აქვთ რეანიმაციული საწოლები“, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს და კორონავირუსის ეპიდემიის გამო გეგმიური ოპერაციების 4 თვით გადადების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება.
ჯანდაცვის ექსპერტი კერძო კლინიკებს მიმართავს:
„კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული იშოვონ. ბოდიში, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველაფერი არის კერძო. კერძო სექტორის ერთადერთი გამოსავალია მოხდეს ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია. ხალხი კვდება, არ მინდა ვიყო ემოციური, მაგრამ რაც ხდება, ყველანაირ ზღვარს სცდება. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გენერილიზებული ეპიდემიაა. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, უკვე კატასტროფაში ვართ, რადგან კერძო კომპანიების მძევლები ვართ, რომლებმაც, პრაქტიკულად, ჩაკეტეს თავიანთი საავადმყოფოები, ჩაკეტეს თავიანთი ლაბორატორიები, რომლებიც ყიდიან ტესტებს და ყიდიან თავიანთ საწოლებს. ეს არასწორი მიდგომაა,“- ამბობს ფხაკაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა რეანიმაციული საწოლისა და სამედიცინო რესურსის გამოყენება:
„მე არ ვამბობ, რომ კერძო სექტორს რამე უნდა წავართვათ, პირიქით, როცა ეპიდემიაა, უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია და ეს საწოლები იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, მართვა უნდა გააგრძელონ კერძო კომპანიებმა. როგორც კი ეპიდემია დასრულდება, დაუბრუნებათ უკან. ეკონომისტებმა და იურისტებმა მოაგვარონ ამ საკითხის დალაგება ბუღალტრულად, მაგრამ ახლა ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა გამოვიყენოთ.
არ ვგულისხმობ, რომ ყველა კერძო კლინიკის რეანიმაცია სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა გადვიდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის კლინიკაში, ამბობს, რომ აქვს კოვიდი და ეუბნებიან - არ მიგიღებთ, წადი სხვა საავადმყოფოში, ეს არასწორი მიდგომაა.
როდესაც სახელმწიფოს უნდა გამოიყენოს რომელიღაც საავადმყოფოს რესურსი, კერძო საავადმყოფო პასუხობს: არა, არ შეგიშვებ, არ მინდა. რას ნიშნავს არ მინდა?! ესთეტიკური საავადმყოფოების საწოლებიც კი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე, აღარ არის ზოგად საკაცობირო საკითხებზე საუბარი“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტლების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის:
„საქართველოში რამდენ ექსპერტს აუშენებია საველე ჰოსპიტალი? მე ამიშენებია, დაახლოებით, 7 საველე ჰოსპიტალი და ვიცი, ეს რაც არის. საქართველოში არანაირი საველე ჰოსპიტლები არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. პორტალზე ოფიციალურად რეგისტრირებულია 415 საავადმყოფო“, - განმარტა ფხაკაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების საკითხს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ აზრს ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ინტერესი მხოლოდ ფულის შოვნაა:
„ვეთანხმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მიმდინარე პროცედურები გადაიდოს. რა თქმა უნდა, გეგმიური ოპერაციები უნდა გადაიდოს. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ამ აზრს ეწინააღმდეგებიან. ესენი არიან ფარმაკომპანიები, მომწოდებლები, კერძო კომპანიები, რომლებსაც ფულის გაკეთება უნდათ ამ ეპიდემიის დროს. არ შეიძლება ხალხნო, მოითმინეთ სამი თვე და სამი თვის შემდეგ იზრუნეთ ფულის შოვნაზე. ახლა მიხედეთ ეპიდემიას და ნუ უჯანყდებით მინისტრს.
ბევრ რაღაცაში მინისტს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომლის გაჟღერება, სხვათა შორის დაგვიანებულია. ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს უკვე აპრიორია“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გეგმიური ოპერაციები და პროცედურები 2021 წლის პირველ მარტამდე გადაიდება.
მინისტრის განმარტებით, საწოლფონდის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს მან, ვისთვისაც ეს აუცილებელია.
„ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლებით, ექიმის მომსახურება ბინაზე და სასტუმროებში შეუძლია მიიღოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროება. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ინტენსიური სარეანიმაციო საწოლი ესაჭიროება, ადგილი გამოთავისუფლდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკიკარაძემ.