ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ: 2008 წელს დეკემბერში მე და ჩემი ძვირფასი მეგობარი ლუარსაბ ტოგონიძე ერევანს წავედით. რატომ წავედით, არც მახსოვს. ჰო, მიზეზი გამოვნახეთ, წავსულიყავით და გვენახა იქაური მშრალი ხიდის მსგავსი საკვირაო ბაზრობა, ძველებური ფოტოები უნდა ეყიდა ლუარსაბს, მე კი წიგნები. ორივეს იმედი გვქონდა, „თევზაობა“ წარმატებული იქნებოდა. არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
მე უფრო გამიმართლა - ტოკარსკის წიგნი ვიყიდე სომხურ არქიტექტურაზე, ლუარსაბმა რესტორანში აღნიშნა ჩვენი ექსპედიცია, ერთი კურიოზიც მოხდა: რესტორნიდან ტაქსით გადავწყვიტეთ წამოსვლა, გავაჩერეთ, ჩავსხედით და არც დაძრულა ტაქსი, მე შევამჩნიე, რომ ჩვენი სასტუმრო ჩანდა. ვუთხარი მძღოლს, აღარ გვინდა-მეთქი, მე უკვე გადავატრიალე ე.წ. შჩოჩიკიო, ბრატო, დავაი დენგიო, ლუარსაბი შეეკამათა, მე კი ვეკითხები: სომხურად პრაკაცელეს რას ნიშნავს-მეთქი. ასეთი სიტყვა არააო სომხურშიო. აბა, სიკვდილი როგორაა-მეთქი? მაღაცელესო. გადავუხადე 1500 დრამი. რასაც ითხოვდა, 3 დოლარი იყო მაშინ და გაოცებული დარჩა ლუარსაბი. მძღოლმა მოგვაძახა: ს რუსკიმი ნე ნადო შუტიტ, გრუზინიო! და წავიდა. კი მივხვდი, ნიშნის მოგებით რაც გვითხრა. აგვისტოს ამბებზე წაგვიგველა. მოიშხამა ლუარსაბი.
მოვედით სასტუმროში. ვზივართ ნომერში. კონიაკი და სუჯუკი გააძრო ლუიმ და ჩავარტყით. ის „პრაკაცელეს“ რაში გაინტერესებდაო? მეკითხება ლუარსაბი. მე კი ჩვენი ოჯახის ერთი ამბავი მოვუყევი. მამაჩემისგან ათასჯერ მოსმენილი. მამაჩემის დედა ცუცა (ანგელინა შარაშენიძე) ტობანიერიდან იყო. მის ძმას სერგოს სახლის მეორე სართულზე ტობანიერში სოფლის მოსამართლე ვიღაც სომეხი შეუსახლეს. სერგოიას პირველ სართულზე საღამოს ჭრიალის ხმა უშლის ხელს ძილში, თურმე ზემოთ სომეხი მოსამართლე ცოლთან ღლაბუცობს, აიღო სერგომ თოფი და ჟაკანი გლიჯა იატაკის იმ ადგილს, სადაც ჭრიალი ესმოდა. ეს მოსამართლე არ დაჭრილა, მაგრამ მეორე დღეს გულის შეტევით გარდაცვლილა. მამაჩემი ამბობდა: იქ სომხები ყვიროდნენ: პრაკაცელეს, პრაკაცელესო, სერგოსაც დაუყვირია: ოდინ კრასნი სომეხ პრაკაცელესო. მე კი დავადგინე ერევანში, რომ მაღაცელეს უთქვამთ.
მეორე დღეს ქალაქის ცენტრში მოედანზე წიგნების მაღაზიაში შევედით. ვათვალიერებ წიგნებს და ლუარსაბი გაშეშებული ერთ წიგნს დასჩერებია. უნდა ვიყიდოო. ფასი იკითხა და ახლა წარმოიდგინეთ მაღაზიის გამყიდველის სახე: ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯალში ლუარსაბს რომ დაინახავს: 300 დოლარიო. ვაი შენს ლევანს. დააძრო საფულე ლუარსაბმა და იხდის. ვეუბნები: ეს ფასი არ ღირს ეს წიგნი-მეთქი. ამ სურათს აქ ვერ დავტოვებო. სურათი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაა, დავით მეხუთესიო, იატაკს რომ ხეხავს. შევედი დირექტორთან. რომ გაიგო, თბილისიდან ვიყავი და თან ეროვნული ბიბლიოთეკიდან, აბა ყავა-ჩაი, ნამცხვარი, კონიაკი... თბილისს ვენაცვალეო, მშურს თქვენი ერისო კარგის გაგებითო, პოლიტიკური სიბეცე კი ჩვენებისო, რუსები ჩვენ არ გაგვახარებენო, ევროპას რომ უყურებთ, ეს ერთადერთი გამოსავალიაო.
ეს ფოტოც დაგვისკანერა, მოგვიბოდიშა, შემოტანილიაო. დიდი მადლობა გადავუხადეთ. ლუარსაბმა მაინც იყიდა ბოლოს. დიდი ამბით გამოგვაცილეს. არის რაღაც ისტორიული ფესვები ჩვენს ერებს შორის. არ მეგონა, ასე თუ გაწირავდნენ რუსები სომხებს. რუსებმა სომხეთი მაღაცელეს. ასეა ეს. აი ეს ფოტოც, სომეხი ფოტოგრაფის დაჭერილი წამი.