ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს ვესაუბრებით:
– უტიფრობისა და პროვოკატორობის აპოთეოზია, რომ „ნაცები“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. მაშინ, როცა ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღეს. პირადად ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამხელა მხარდაჭერა ჰქონდეს რეჟიმს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრა.
– არჩევნების გაყალბებაზე არამარტო ნაცები, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც აპელირებენ!
– ყოვლად გაუგებარია, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იმაზე მეტ ხმას მიიღებდნენ?! ახალშექმნილი პარტიები არიან, არჩევნებში პირველად მონაწილეობდნენ და ხმების 2-3 პროცენტის მოგროვება რომ შეძლეს, ეს მათვის ნამდვილად დიდი წარმატებაა.
– თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და სააკაშვილის ნაკარნახევი რევოლუციური დღის წესრიგით მოქმედებენ!
– სააკაშვილის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით და ნებისმიერ ფასად მოვიდეს, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნია, რადგან საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობის თვალში მხოლოდ დესტაბილიზაციასა და არეულობასთან ასოცირდება. 31 ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, სულ ცოტა, მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც მათთვის პოლიტიკური განაჩენია და უნდა მიხვდნენ, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს. ისე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას რომ აპროტესტებენ და გაიძახიან ერთი პოლიტიკური ძალა ქვეყნის სათავეში სამი ვადით არ უნდა იყოსო, საინტერესოა, სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მერამდენედ სურთ მოსვლა, როცა ორი ვადით უკვე იყვნენ ხელისუფლებაში?
და კიდევ: ძალიან მიკვირს, რატომ აჰყვნენ სააკაშვილის პარანოიას და რატომ გაებნენ მის ხაფანგში ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს? შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინიც თავიდანვე გადატრიალებაზე ფიქრობდნენ და არჩევნები არც აინტერესებდათ!
– გამორიცხავთ, რომ ეს ოპოზიციური პარტიები სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან“ გარკვეული ვალდებულებებით იყვნენ მიჯაჭვული ან ყოფილი რეჟიმი მათ სულაც ძველი კომპრომატებით აშანტაჟებდეს?
– ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ, როცა შენ წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს, პოლიტიკას თავი უნდა გაანებო და იმ ადამიანების ნდობა არ გააცუდო, რომლებმაც ხმა მოგცეს, მაგალითად, არჩევნებამდე ბევრი მიმტკიცებდა, რომ „ლელო“ იყო ის ზომიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრს დააბალანსებდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ხაზარაძის პარტია დესტრუქციულ რიტორიკაში ნაციონალებს არათუ არ ჩამორჩება, ზოგჯერ უსწრებს კიდეც. უბედურება ის არის, რომ 2003 წლის ე.წ. რევოლუციის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვერ გაიზარდა და 17 წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლა. მათ საკუთარი ხელწერაც კი ვერ შექმნეს და სააკაშვილის სცენარს მიჰყვებიან, საზოგადოება კი განსაკუთრებით ამ პანდემიის ფონზე, მშვიდად ცხოვრებას ითხოვს. დიახ, დღეს ლენინი, „ავრორა“ და რევოლუცია აღარავის სჭირდება, მაგრამ ოპოზიცია ხალხს სხვას ვერაფერს სთავაზობს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერის დაწესება არასწორი ექსპერიმენტი იყო, ხელისუფლებამ ზედმეტი დემოკრატობანა მოინდომა და ახლა სწორედ ამის სამწუხარო შედეგს ვიმკით.
– მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ეხვეწება – პარლამენტში შემოდიო, არადა, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი უკვე 9 წელია ამ დღის დადგომაზე ოცნებობს, როცა პარლამენტში ნაცის ჭაჭანება არ იქნება. ამაზე რას იტყვით?
– ამ ვითარებამდე კოჰაბიტაციის საშინელმა ექსპერიმენტმა მიგვიყვანა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად აუცილებელი იყო! დიაც, 8 წლის წინათ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, „ნაცმოძრაობას“ საერთაშორისო ასპარეზზე იმდენად ძლიერი პოზიციები ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო ქვეყანა ჩამოეშალა. კოჰაბიტაცია იყო დროის მოგების საშუალება იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობა დაელაგებინა და საგარეო მხარდაჭერა მოეპოვებინა. ახალმოსული ხელისუფლებისთვის საგარეო მხარდაჭერის არქონა როგორ სავალალოდაც მთავრდება, ეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მაგალითზე კარგად დავინახეთ. მოდით, ასე დავსვათ კითხვა– საშინელი კოჰაბიტაციის მოთმენა ჯობდა თუ სააკაშვილისა და მისი მანიაკალური ბანდის კლანჭებში აღმოჩენა?!
– ეს რიტორიკული კითხვაა, მაგრამ რა აუცილებლობას წარმოადგენდა, „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემა მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის ჩაებარებინა, პროკურატურაში ადეიშვილის პროკურორები დაეტოვებინა და ძალოვან სტრუქტურებში მერაბიშვილ-ახალიას კადრები შეენარჩუნებინა?
– ამ მიმართულებით „ოცნების“ საკადრო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არასწორია და ხელისუფლებას თავიდანვე მეტი პრინციპულობის გამოჩენა მართებდა. „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტ ხმას აგროვებს, მაგრამ საპროტესტო აქციაზე 5 ათასი კაცი ძლივს გამოჰყავს, რაც ყველას უკვირს და კითხვას სვამს – ნაცების ზღვა ამომრჩეველი მიტინგებზე რატომ არ ჩანსო? ამაზე მარტივი პასუხი არსებობს – „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც მას არჩევნებში აძლევენ ხმას, მიტინგებზე არ ჩნდებიან, რადგან საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული და ბევრს საკმაოდ მაღალი თანამდებობაც უკავია! ხომ ხედავთ, ძალოვანი სტრუქტურებიდან ოპერატიული, საიდუმლო ინფორმაცია უპრობლემოდ ჟონავს და „ნაცმოძრაობის“ ტელეარხებზე ხვდება! ამას სწორედ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ!
– დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიაღწიოს?
– ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ რომც ჩატარდეს, პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერცერთი პარტია ვერ მოხვდება! ფაქტია, პატარა ოპოზიციური პარტიები ხელახალი არჩევნების შემთხვევაში 1-პროცენტიან ბარიერსაც ვეღარ გადალახავენ, რადგან ვინც ხმა მისცა, ისინიც აღარ დაუჭერენ მხარს! დიახ, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებმა, ნაცების გამოკლებით, ხმა მისცეს არა შეშისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ პარლამენტში ნორმალური ოპოზიციის ყოფნას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩნენ, რადგან მათი მხარდაჭერილი ძალები სააკაშვილის დესტრუქციულ სცენარში ჩაეწერნენ! ასე რომ, „ლელოს“, „გირჩს“, ვაშაძისა და ელისაშვილის პარტიებს იმ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი, რომელმაც 31 ოქტომბერს ხმა მისცა, უკვე დაკარგული ჰყავთ!
დავით ჭანია