„მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ აღნიშნა, რომ მისი მეთაურობით ყველაფერი კეთდება, რომ ახალი ბიუჯეტი განსხვავებული იყოს და თბილისში უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლონ.
„რატომღაც ოპონენტების მხრიდან ყოველი წლის ბოლოს მიზანმიმართულად ხდება, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოადგინონ, რომ თითქოს დავიღუპეთ და ბიუჯეტი მცირდება. მე გუშინაც გავაკეთე განცხადება, რომ ეს თანხა რომელიც გაიგზავნა 840 მილიონის სახით, პირველადი ბიუჯეტია და რა თქმა უნდა, ყოველ წელს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ გავწვდებით იმ მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს წინაშეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება. ასევე მინდა, ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი იყოს განსხვავებული, ვიდრე საკრებულოში წარდგენილია პირველადი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი", - განაცხადა კალაძემ.