„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე ენმ-ს წევრ აკო მინაშვილზე წერს:
„დიდგორზე დამელოდე. ცხენით იყავი და ხელში ხმლით. თუ არ გარბენინო ტრაბზონამდე, მე ვიყო სურენა!"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ დიდგორის ველზე პარტიული ყრილობის ჩატარების ვარიანტს პარტია ნამდვილად განიხილავს. როგორც მინაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც პარტიაში ამ იდეას უჭერს მხარს და პირადად თვინონაც მომხრეა, რომ ყრილობა დიდგორის ველზე ჩატარდეს.
“ბუნებრივია, განიხილება. ნაციონალურ მოძრაობას ექნება ყრილობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება იქნება ჩვენი პარტიის, რადგან ენმ გამარჯვებას აპირებს ამ არჩევნებში. ქართულ ოცნებას არც სურვილი აქვს და არც უნარი, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს. “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში დამარცხდება.
ყრილობა იქნება… ერთ-ერთი [ვარიანტი] სწორედ დიდგორის ველზე იქნება. ბუნებრივია, გარდა ამისა, როგორი იქნება კამპანია და რა მიმართულებით წავა ის, ამ ყველაფერს საზოგადოება გაიგებს”, – განუცხადა ნეტგაზეთს დეპუტატმა.
კითხვას, რა არგუმენტები არსებობს დიდგორის ველზე ყრილობის ჩატარების სასარგებლოდ, იგი ასე პასუხობს:
“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დღეს საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. 2012 წელს იყო ძალიან კარგი წინაპირობა და დიდი რესურსი ქვეყნის წინსვლისთვის. ნაცვლად ამისა, გვაქვს გაუარსება ყველა მიმართულებით. ქვეყანა არის ურთულეს ვითარებაში, ქვეყანა არის გადასარჩენი და, ბუნებრივია, მათ შორის დიდგორი არის ქვეყნის გადარჩენის [სიმბოლო]. ეს ერთ-ერთი იდეაა”, – ამბობს იგი და არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა დიდგორის შესახებ განცხადება დავით აღმაშენებლის და ამ ისტორიულ ფიგურასთან “მისი მსგავსების” ფაქტორის გამო გააკეთა. დეპუტატის თქმით, თუ ვინმე სააკაშვილის საქმიანობას თვალს ადევნებს, ყველა დარწმუნდება, რომ ეს უკანასკნელი აღმაშენებლის სახელთან კავშირების გაბმას არ ცდილობს.
“აქ არ არის კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერზე ლაპარაკი, საუბარია საქართველოზე და სახელმწიფოზე. დიდგორი არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვების სიმბოლო, ეს არ არის ერთი ადამიანის სიმბოლო. ამიტომაც არსებობს იქ ყრილობის ჩატარების იდეა. არა ვიღაცის პირადი ინტერესების, არამედ საქართველოს გამარჯვების [სიმბოლოს გამო]”, – გვითხრა მინაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დიდგორის ველზე ჩატარდეს. ამის შესახებ სააკაშვილი ოდესაში ენმ-ის წევრებთან შეხვედრისას საუბრობს. აღნიშნულის ვიდეოჩანაწერს “თავისუფალი ზონა” ავრცელებს. სააკაშვილის განცხადებით, ყრილობა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.