კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა. გასული 24 საათის მანძილზე მსოფლიოში ლეტალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, გარდაიცვალა 12 ათასამდე ადამიანი. გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ნახევარი კვლავ ევროპის კონტინენტზე ფიქსირდება.
მიუხედავად მძიმე პანდემიური მდგომარეობისა, ევროპა საშობაოდ რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს. საფრანგეთი შაბათიდან COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების დაწყებას გეგმავს, ქვეყანაში შობისთვის მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება, ადამიანებს კი დღესასწაულის თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად გატარების საშუალება ექნებათ. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოქალაქეებს გარეთ გასვლისთვის ისევ სპეციალური დოკუმენტი დასჭირდებათ.
რეგულაციების შემსუბუქებაზე მუშაობენ გერმანიაშიც, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დასაშვები გახდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, რათა ოჯახებმა და მეგობრებმა შობა და ახალი წელი ერთად იზეიმონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.