სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში 5 წლის შემდეგაც დარჩებიან. ამის შესახებ მან რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ხუთ წელიწადში უნდა მოვასწროთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მრავაწლიანი ისტორია აქვს, მე არ ვფიქრობ, რომ რეგიონში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადა ხუთი წლით შემოიფარგლება. ხუთი წელი - ეს მხოლოდ პროცესის გადაწყისია, თუმცა შეთანხმებაში გათვალისწინებულია ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობაც. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მთავარია მთიან ყარაბაღისა და მისი მოსახლეობის სტაბილურობის უზრუნველყოფა. იმედი მაქვს, რომ რუსი სამშვიდობოების მისი წარმატებული იქნება და ისინი მიაღწევენ დასახულ მიზნებს“, - აცხადებს ფაშინიანი.
მან ასევე ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებაზე. ფაშინიანის თქმით, სომხური საზოგადოება ხვდება, რომ შექმნილი სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა.
„არა მგონია, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები რამენაირად ემუქრებოდეს ამ შეთანხმების ჩაშლას. სომხური საზოგადოება ხვდება, რომ შექმნილ სიტუაციაში სხვა რეალური, უკეთესი ალტერნატივა არ გვქონდა. სხვა საკითხია ის, რომ ჩვენ ახლა უნდა გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ეს და რატომ აღმოვჩნდით ასეთ სიტუაციაში“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.