„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ წინასაარჩენო პროგრამაში ჰქონდა ნათქვამი, რომ 2024 წელს აპირებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე. ამის შესახებ პაპუაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია უფრო მეტი ინტეგრაციისკენ, როგორც NATO-ში, ასევე ევროკავშირთან, არათუ მისაღებია, არამედ ჩვენი ინიციატივაა. ეს განცხადება ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრება იყო, საჭირო არის ამ დიალოგში მოვძებნოთ ჩვენ ის ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება, როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.