პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეწყალების კომისიის სკანდალური საქმის გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ფარდა აეხდება. ამის შესახებ მან გადაცემა 2030-ში ისაუბრა.
მისი განცხადებით, ის თავად არის დაინტერესებული გამოძიების სწრაფად დასრულებაში, „რათა საზოგადოებამ შეიტყოს, რამდენად სასაცილოა ელისაშვილის ბრალდებები."
"იმედი მაქვს, ამ ბუნებაში არარსებულ ბრალდებებს გამოძიება წერტილს დაუსვამს. მართალია, ელისაშვილი ჟურნალისტის მანტიას ეფარება, მაგრამ ის პოლიტიკოსია, აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და პოპულისტური განცხადებები პოპულარობისთვის სჭირდება. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ელისაშვილი. მთავარია, საზოგადოება რას იფიქრებს. საზოგადოება კი, მოვლენებს სწორად აფასებს. საბედნიეროდ, ვინ უნდა იყოს პარლამენტში, ამას საზოგადოება წყვეტს და არა ელისაშვილები."- აღნიშნა კობახიძემ.
მანანა კობახიძის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გუნდისთვის საჭირო აღარ არის, საქმიანობას პროფესიით განაგრძობს. "ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩემთვის პარლამენტში ყოფნა იდეაფიქსი არ არის."- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
"კოალიციის წევრებს შორის ურთიერთდაპირისპირება ცხელ გულზე დაიწყო და შემდეგ, უკან არავინ აღარ დაიხია. ასეთი ტიპის რყევები გუნდს აზარალებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ურთიერთდაპირისპირება დამთავრდეს. კოალიციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები და ასეთ მოცემულობაში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, გუნდის გახლეჩვა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფო ინტერესებს აზარალებს."- განაცხადა მანანა კობახიძემ „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით.
გადაცემაში სტუმრობისას, მანანა კობახიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ გაცხადებული პროდასავლური, ევროატლანტიკური კურსი.
„რატომ დასავლეთი?! იმიტომ, რომ დასავლეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, სუვერენიტეტს და დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერს და გვეხმარება. დიახ, ეს რუსეთს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები და ამოცანები გვაქვს."- აღნიშნა მანანა კობახიძემ.