logo_geo
eng_logo
ელენე ხოშტარია: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დღეს დიდგორზე ყრილობის ჩატარების დროა
- +

2 ივლისი. 2016. 02:42


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ არ იზიარებს სააკაშვილის ინიციატივას პარტიის ყრილობის დიდგორის ველზე ჩატარების შესახებ:


"ბუნებრივია, ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს [ყრილობის ჩატარების] ფორმებთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხის  განხილვა არ მიმდინარეობს. მით უმეტეს, არანაირი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. მე წარმოუდგენლად მეჩვენება დიდგორზე ყრილობის ჩატარება. დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანები. ეს არის ძალიან კონკრეტული, საქმიანი გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისული ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ეს არის ეკონომიკური გეგმა, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ კარდაკარ ვიაროთ და საზოგადოებას გავაცნოთ გამოსავალი. ამიტომ დღეს დიდგორის თუ მსგავსი ტიპის ყრილობა აბსოლუტურად არ შედის [ჩვენს ამოცანებში]...  ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ არის ნამდვილად განსხვავებული [სააკაშვილისგან]და არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არის საარჩევნო კამპანიის სწორი ფორმა,"- განაცხადა მან.


ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ამ ეტაპზე ყრილობის ჩასატარებლად ადგილის შერჩევაც არ მიმდინარეობს:


"არანაირი განხილვა ამ საკითხისა არ მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ვართ კონცენტრირებული სამუშაო, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.  გვქონდა ამის პრეზენტაცია, გვექნება კიდევ რამდენიმე პრზენტაცია, ვართ აბსოლუტურად სამუშაო რეჟიმში და ყრილობის საკითხი საერთოდ არ განიხილება ჯერჯერობით პარტიაში,"- ამბობს ის.


30 ივნისს გავრცელებული ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, ოდესაში, სადაც საქართველოს წინა პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი დიდგორზე ყრილობის ჩატარების ინიციატივის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ესაუბრა, ამ ინიციატივას დადებითად შევხვდნენ. ელენე ხოშტარია ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიაში ეს საკითხი არ იხილება:


"ვერ გეტყვით, იქ მე არ ვიყავი და შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული აზრები, მოსაზრებები, დამოკიდებულებები. თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ჩვენს გეგმებში ეს არ შედის.  შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში ეს არ განიხილება,"- ამბობს ელენე ხოშტარია.


ხოშტარიასგან განსხვავებით 1 ივნისს ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში დიდგორზე ყრილობის ჩატარების იდეა განიხილება, რაზეც ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანები ერთმანეთში განიხილავენ ამ საკითხს, თუმცა, პარტიულ დონეზე მსჯელობა არ მიმდინარეობს:


"ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა.  არ ვიცი, შეიძლება ვიღაც ერთმანეთში ამაზე ლაპარაკობს, თუმცა ამ საკითხის პარტიული განხილვა არ მიმდინარეობს".


შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა ყრილობას იმ შემთხვევაში, თუ ის დიდგორის ველზე გაიმართება,  ხოშტარია ამბობს, რომ დემოკრატიული წესით, ერთიანად მიღებულ გადაწყვეტილებას შეასრულებს:


"პარტიაში დღეს არის ძალიან გახსნილი, დემოკრატიული პროცესი, სადაც ძალიან ბევრს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება გარკვეული პროცედურით. ეს გადაწყვეტილებები არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან დემოკრატიული. შესაბამისად, ერთიან და დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ყველა მივიღებთ მონაწილეობას,"- ამბობს ხოშტარია.


 რაც შეეხება საკითხს, უხერხული ხომ არ იქნება წევრებისთვის პარტიის ლიდერის ინიციატივაზე უარის თქმა, ხოშტარია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი რამ შეიცვალა:


"სააკაშვილი არის პარტიისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ვითარება, როდესაც ადამიანები არიან გაძევებული ქვეყნიდან, ან არიან ციხეში და ამით იზღუდება მათი პოლიტიკური მოღვაწეობა. თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს ამ კონკრეტულ ინიციატივასთან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ შეიძლება გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა პარტიაში გადაწყვეტილების მიღების ძალიან დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესი არსებობს. სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, პარტიისთვის, ქვეყნისთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც სააკაშვილს უწევს გაქცეულ მდგომარეობაში განცხადებების კეთება. ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, პირველ რიგში.

 

ყველას აქვს უფლება, რომ აზრი გამოთქვას,  ლიდერსაც და ნაკლებად ლიდერს. ჩვენს, როგორც გითხარით, პარტიაში შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების, განხილვის პროცედურა.  ეს არის ძალიან დემოკრატიული. ამაზე თავად სააკაშვილი საუბრობდა, რომ ეს არის გუნდი, გუნდური გადაწყვეტილება. მე ამ კონკრეტულ მომენტში ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, მაგრამ ჩემზეც არ არის. მე კონკრეტულად ნამდვილად არ ვიზიარებ იმას, რომ დღეს არის დიდგორზე ყრილობის ჩატარების დრო. ჩვენ, მიმაჩნია, რომ სრულიად სხვა ამოცანები გვაქვს. თუმცა ყველაზე მთავარი არის, რომ პარტიაში არის დემოკრატიული პროცესი, რომელიც გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას,"- ამბობს ელენე ხოშტარია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner