logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დისკუსიისა და დებატებისთვის მზაობას აცხადებს, ოპოზიციისგან კი უარს იღებს - სააკაშვილის დროს ყველაფერი პირიქით იყო
- +

25 ნოემბერი. 2020. 18:42

 

 

„ქართული ოცნების~ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებზე სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ მასშტაბი მიზერულია. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებული ხარვეზი არჩევნების საერთო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

„მაგალითად, მოსყიდვაზე მუდმივად არის საუბარი, მუდმივად იწერება დასკვნებში ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, მოსყიდვა არის დანაშაული. ერთ მხარესაც არის დამნაშავე, რომელიც ქრთამს აძლევს და მეორე მხარესაც არის დამნაშავე, რომელიც ქრთამს იღებს. როდესაც საუბარია მოსყიდვაზე, ჩვენ ვეუბნებით ყველას, ადგილობრივ, საერთაშორისო დამკვირვებლებს, პარტიებს, მოიტანეთ ფაქტი და გვითხარით, რომ X პირმა Y პირს მისცა თანხა და ამ შემთხვევაში, რეაგირება იქნება. ასეთი ფაქტები ვერ მოაქვთ. რაც შეეხება ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებს, მაგალითად, ჩავხედე საია-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშს, სადაც იდენტიფიცირებული იყო სავარაუდო მოსყიდვის 7 ფაქტი, აქედან 2 უკავშირდებოდა „ქართულ ოცნებას“, 5 კი ოპოზიციას. სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ მასშტაბი არის მიზერული. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, საია-მ 7 ფაქტი დაადგინა, (მერე გაიზარდა რაოდენობა, 20 თუ 25 გახდა) იქაც იყო დისბალანსი ოპოზიციის მხარეს, ანუ ოპოზიციის მხარეს მეტი სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის იდენტიფიცირება მოხდა, ვიდრე „ქართული ოცნების“. ეს ხარვეზი არის, მაგრამ მთლიანად არჩევნების შეფასებაზე გავლენას ხომ ვერ მოახდენს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დისკუსიისა და დიალოგისთვის მზად არის.

 

„ჩვენ დისკუსიისთვის, დებატებისთვის ყველასთან მზად ვართ. ხომ არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ცალ კარში თამაში? ჩვენ აქეთ ვსაუბრობთ რაღაცაზე, ისინი სხვაგან. ერთად დავსხდეთ. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ეთერში შევთავაზეთ ასეთი ფორმატი - ჩვენ და პარტიები, მაგრამ უარი თქვეს. დებატებს რომ ჩვენ ვითხოვთ და ოპოზიცია უარს ამბობს, ეს რისი მანიშნებელია? ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ თუნდაც კრიტიკა მოვისმინოთ. დებატებს ვითხოვთ, ისინი კი უარს ამბობენ. სააკაშვილის დროს ყველაფერი პირიქით იყო. ახლა ვართ საპირისპირო სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება დისკუსიისა და დებატებისთვის მზაობას აცხადებს, ოპოზიციისგან კი უარს იღებს. პირიქით, ეს პარადიგმა ახლა მთლიანად შეტრიალებულია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებმა შედეგები გამოიღო იმ თვალსაზრისითაც, რომ „რიტორიკაში გარკვეული კორექტივებია შეტანილი“. კობახიძეს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს ამერიკელი მეგობრების დამსახურებაა.

 

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მათ შორის იმის გამო, რომ საერთაშორისო პარტნიორები ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებას“,-განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის იყო მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner