ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა შეზღუდვები ძალიან სწრაფად არ უნდა შეამსუბუქონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შობის შემდეგ ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში კოვიდ-სიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია.
„ზაფხულის სიტუაციიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები. შეზღუდვების ძალიან სწრაფად და ძალიან ფართოდ შემსუბუქება შობის შემდეგ მესამე ტალღის დადგომის საფრთხეს შეიცავს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის რეგიონი კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წყაროა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის რეგიონზე კორონავირუსის გლობალური შემთხვევების 44% და კორონავირუსით სიკვდილიანობის 49% მოდის.
16 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე პერიოდში ევროპის რეგიონში კორონავირუსის 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 32 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.