„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს. ლინას ლინკევიჩუსის თქმით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, საერთო ჯამში, სტანდარტების დაცვით ჩატარდა, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომელთა გამოსწორება აუცილებელია.
„ჩვენ ვერ უარვყოფთ ამ არჩევნებს და ვერ ვიტყვით, რომ ის არასწორად ჩატარდა, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ახლა მნიშვნელოვანია წინსვლა და პრობლემების გამოსწორება. მნიშვნელოვანია მდგრადობის შენარჩუნება და წინ წაწევა. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.