მე არ ვარღვევ დიპლომატიურ ეთიკას, არ ვუპირისპირდები ჯანსაღ აზრს, მე ვამხელ უმწიფარ, უტიფარ, უწიგნურ ურა-პატრიოტთაგან ზოგიერთ წარმომადგენელს. არ მეშინია „იარლიყების“ მიწებების. საქართველოში, შესაძლოა სხვაგანაც, თაღლითები ადგილობრივ სამოსს, მსოფლიოში სახელგანთქმული ფირმების იარლიყებს აკერებენ ხოლმე და ასე ასაღებენ — „დასავლურია, ბრენდია“ და გამოსაჩენია. „იარლიყიანი“ ე.წ. პოლიტიკოსებიც არ მერევა „ბრენდულში“.
პოლონეთი შემთხვევით არ ამირჩევია. ამ სახელმწიფოს დიპლომატიურმა უწყებამ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად შეაფასა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, აღნიშნა მისი დიდი წვლილი არჩევნების წარმატებაში ურთულესი პანდემიის პირობებში.
მეც ვუხდი მადლობას მათ რეალობის დანახვისთვის და სწორედ ამიტომ, ამ სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლიანი ერთი წარმომადგენელი მივმართავ პოლონეთის მესვეურებს — კარგად წაიკითხონ ეს წერილი და მითხრან, ვინც ურევს საქართველოს, ვინც სპორტულ ენაზე, რომ ვთქვა არ იცის როგორ მოიქცეს ღირსეულად გამარჯვებულის წინაშე, არ მოსწონს საქართველოს მოქალაქის ვთქვათ პოლონელობა, აზერბაიჯანელობა, სომხობა, ებრაელობა თუ სხვა რა, რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ? კარგად ვიცნობ ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილებს, ვიცი და ვიცნობ თითქმის ყველას ვინც პოლიტიკურ ასპარეზზეა, მაგრამ არ ჩავრთულვარ არჩევნების დროს ღია დისკუსიებში, არ გამომიქვეყნებია ჩემი მოსაზრებები, გნებავთ პროგნოზები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად ახდა.
შეცდომა დამიშვია, ვაღიარებ. რატომ? იმიტომ რომ ღია ასპარეზზე გამოვიდნენ ისინი, ვისაც გამოსაჩენი სახე და საქმე არასოდეს ჰქონიათ, მათ სხვაგვარი პასუხები სჭირდებოდათ და სჭირდებათ. არც პრესის ფურცელზე გამომითქვამს ჩემი მოსაზრებები, ზემოქმედებას ავერიდე, მაგრამ გაწყდა მოთმინების ძაფი. საშინელი თავდასხმები განახორციელეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვოლსკიზე. იცით რატომ? თურმე ახალგაზრდობაში უმუშავია საქართველოს მეორე პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან, საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს რიგითი ინსტრუქტორობა, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა. ის თურმე „უცხოა“, „არაქართველია“ და რატომ უნდა მოუგოს ქართველებს, ვთქვათ ანა დოლიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და სხვებს? ეს არ არის არამხოლოდ უტიფრობა, არამედ კიდევ უარესი? კიდევ რატომ დაესხნენ თავს? თურმე გიორგი ვოლსკიმ არჩევნებამდე, გააკეთა მათთვის მიუღებელი შეფასება: „ უამრავი პოლიტიკური სვავი, ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნები, სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.“ მას კონკრეტულად არცერთი „სვავი“ არ დაუსახელებია, მაგრამ თვითონ გამოჩნდნენ და შეფასებებიც არაადეკვატური იყო. არ ვთვლი საჭიროდ მათი ნაბოდვარის ტირაჟირებას.
არ ვარ დიდუბის ან ჩუღურეთის ამომრჩეველი, რომ მიკერძოებული ვიყო. მით უფრო ამ ოლქში დასახელებული კანდიდატებისადმი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც მეტოქეობა, უღირსობის საფუძველი არ არის, ყველაფერი ისტორიას რჩება.
გიორგი-გია ვოსლკის არაფერი მმართებს, ჩემს სიცოცხლეში ხელიც არ წაუკრავს კარიერის ამა თუ იმ საფეხურზე ასვლისას, რომელიც საკმაოდ მქონდა ჩემი შრომით, წვალებით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. არც ახლა მჭირდება პირადი კეთილდღეობისათვის და ეს ყველამ იცის.
უბრალოდ მეცინება, სატირალი რომ არ იყოს, კომპარტიის რაიკომის პირველი მდივნების შვილები, როცა უწუნებენ გია ვოლსკის ცეკას ინსტრუქტორობას. ნეტავ ყველაფერი სხვებზე უკეთ არ ვიცოდე და ჩემს დუმილს, ოქროს ფასი არ ქონდეს რთულ ვითარებაში მყოფი ჩემი სამშობლოსათვის. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე უნიჭო არ გახლავთ, მაგრამ გამიკვირდა მისი ქედმაღლური განცხადება — „შენ ის ვოლსკი არა ხარ? თავდახრილი რომ მელაპარაკებოდი… და ა.შ.“ არავის უნახავს გია ვოლსკი ვინმეს წინაშე თავდახრილი და რაღა მაინცდამაინც ნინოსთან მოხდა ეს?
თუმცა, მეშლება… გია ვოლსკი თავდახრილი, გამწარებული, განადგურებული, ბევრმა ნახა 19 წლის შვილის „სასახლესთან“, მერე საფლავთან, მაგრამ ნინო ბურჯანაძესთან? საინტერესოა როდის დახარა თავი, ქალბატონ ნინოს თანამდებობრივ აღზევებამდე, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე, გია ვოლსკი იყო ამერიკაში, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსად. მერე გაეროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მცირე ხანი აცადეს და დასჭირდათ მისი ადგილი. როდის დახარა თავი? უმუშევარი რომ იყო?
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთში, თუ არ ვცდები 22 პირი იყრიდა კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის. რა, კატასტროფაა, თუ გია ვოლსკიმ თითქმის 43% მიიღო? მეორე ტურიც იყო, დიდი ამბავი. ზურაბ ჯაფარიძე „გირჩიც“ ნიჭიერი კაცია, ის თავის ტოლ-სწორად არ თვლიდა ანა დოლიძეს და იქადნებოდა, გია ვოლსკის მინდა მოვუგოო. ანა დოლიძეც ნიჭიერი, აქტიური ქალბატონია, მაგრამ ზურაბ „გირჩმა“ მის „წონაში ჭიდაობაზე“ უარი თქვა. ანა, გია ვოლსკის ებრძოდა და ებრძვის, მისგან საოცარი რამ გავიგე — „ვოლსკიმ ქალები ამადევნა, მითვალთვალებენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაზარალებულად“ მცნოსო“. ადევნება, თვალთვალი? უცნაურია… ვერ დავიჯერებ… რა არის ისეთი მსოფლიოში, მითუმეტეს საქართველოში დასამალი? ყველაფერი ხელის გულზე დევს.
მკითხველი იკითხავს, რატომ „გამოვესარჩლე“ დიდუბე-ჩუღურეთის მაცხოვრებელს, დეპუტატობის კანდიდატს? აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია და ვერც იქნება. მე დავრჩი 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღირსეულ ჯარისკაცად და არ ვემორჩილები იმ დროს ბუჩქებში მყოფთ, „გენერლის მუნდირები“ რომ მოიზომეს. აბა რა ხდება? რა ხდება და როცა აქცენტები კეთდება „ვოლსკობაზე“, ვერ გავჩერდები. როდესაც აქცენტი კეთდება, რომ მას არაფერი ესმის ხალხის გაჭირვების, ვერ გავჩერდები.
მახსენდება… დიდი გაწევ-გამოწევა იყო პარლამენტში, ოპოზიცია უტიფრად ანამუსებდა გია ვოლსკის, შვილმკვდარი მამის განცდები არაფრად მიგაჩნიაო, გული კინაღამ გამიჩერდა. ვუყურებდი გაფითრებულ გია ვოლსკის, თვითონ შვილმკვდარ მამას და ჩემს თავს ვეკითხებოდი, აიტანს? არაფერს იტყვის? არც უთქვამს.
იმ წუთებში მამაჩემის სახე დამიდგა თვალწინ, 19 წელს მიუღწეველი შვილი ყირიმიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ჩამოუსვენეს „ცინკის სასახლით“. მამაჩემს არასოდეს გადაუდია თავისი დარდი სხვისთვის, არასოდეს უგრძნობინებია ტკივილი, ის სხვებს უფრთხილდებოდა. რაღაც მსგავსი დავიჭირე გია ვოლსკიში, არადა, სკამებს გადამხტარნი არ ჩერდებოდნენ, უხმოდ გავიდა. დარწმუნებული ვარ სიტყვას ვერ იტყოდა, ყელში ცრემლის და ტკივილის ბურთი ექნებოდა გაჩრილი. ვიცოდი, ვგრძნობდი, გია ვოლსკი ყველაზე დიდი ჭირისუფალი იყო შვილმკვდარი მამებისთვის, მაგრამ ჩაყლაპა დაუმსახურებელი შეფასებები. აი ასეთ გია ვოლსკის ჰქონდა და აქვს ჩემი თანაგრძნობა.
რაც შეეხება მის „ვოლსკობას“… დიდუბელებს და ჩუღურეთელებს მინდა ვუთხრა, თუ დიდი ილია ჭავჭავაძის, წმინდა ილია მართლის გზით, ეროვნული სულით და გულით სურთ სიარული საქართველოში, უნდა იცოდნენ, რომ ვოლსკის ფესვები ქართულ ნიადაგზეა განტოტვილი, ის „სხვა“ არ არის, არ აჰყვეთ უტიფრებს!
გიორგი-გია ვოლსკის პოლონური წარმომავლობა, დიდ ქართულ საქმეებს უკავშირდება, პოლონელი იყო დიდი მეცნიერის, საქართველოს „მეჭურჭლეთუხუცესის“, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე ნინა პოლტარაცკაია. მათ საქართველოს განძი საზღვარგარეთ შეინახეს და დაგვიბრუნეს. პოლტარაცკაიას ნაირი ადამიანი ძნელად თუ მოიძებნება ჩვენს სამშობლოში, მათი მზერა მთაწმინდის პანთეონიდან ახლაც მათბობს, ეს ქართულ-პოლონური, თბილი მზერაა.
ქალბატონ ნინა პოლტარაცკაიას ძმას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მთაწმინდის საბაგირო გზა, საქართველოს რომ დაუბრუნდა ბელგიელებისგან, არა მგონია ვცდებოდე, მან გამოისყიდა.
გრიგოლ ვოლსკის
ქართული საქმეები
ერის სულიერი მამის, ილია ჭავჭავაძის, დიდი პოეტის აკაკი წერეთლის და ქართველი საზოგადო მოღვაწეების მეგობარი, ქართული საქმის მკეთებელი იყო პოლონური წარმომავლობის გრიგოლ ვოლსკი. ის თბილისში დაიბადა 1859 წლის 24 იანვარს. მამა ტიტულარული მრჩეველი იყო, იოსებ ლეონტის ძე ვოლსკი. იოსების მეუღლე მაგდანა იოსების ასული, კეჟერაძე გახლდათ. გრიგოლის ნათლობაც თბილისში იყო, წმინდა ალექსანდრეს ეკლესიაში 13 თებერვალს. თითქმის 100 წლის შემდეგ დაბადებულ გიაზე (დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს), რა პოლონელობა და ვოლსკობა აუტყდათ იმათ, რომლებიც საკუთარ წარმომავლობას და გვარს მალავენ? გინდათ „ასეთთა კილომეტრიანი სიები“? მიიღებენ, თუ ასე გააგრძელებენ.
ვიცი, გავიგე, რომ ცას კიბე არა აქვს, მაგრამ ადამიანებად რომ დავიბადეთ, უღირსობასაც ხომ აქვს საზღვარი?
გრიგოლ ვოლსკი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, ნოვოროსიისკის (ოდესის) უნივერსიტეტში. მიმართულება იყო ფიზიკა-მათემატიკა და ბუნებისმეტყველება, მაგრამ შეიცვალა, მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი წარმოშობით პოლონელის ქართულ საქმეებზე:
მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სული და გული იყო გრიგოლ ვოლსკი, მან გააჩინა „მდიდარი ბიბლიოთეკა“, კითხულობდნენ ქართულ ლიტერატურას, პოეზიას, ისტორიულ დოკუმენტებს, შექმნეს ურთიერთ-დახმარების სალარო, ეხმარებოდნენ — ქართველ ხელმოკლე სტუდენტებს. გრიგოლ ვოლსკი ექიმი-მკურნალი იყო ქუთაისში, თბილისში დაბრუნების შემდეგ დიდი პატივით მიიღეს საზოგადოებაში, რომლის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი და გიორგი წერეთლები, თედო სახოკია, სოფრომ მგალობლიშვილი და სხვები. ილია ჭავჭავაძის დიდი თხოვნით, გრიგოლ ვოლსკი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი, აჭარაში გაიგზავნა ექიმად. მაგრამ უფრო ზუსტად, ქართული ცნობიერების გამოსაცოცხლებლად. ეს 1888 წელი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ აჭარა თითქმის 300 წლის ტყვეობის შემდეგ, 10 წლის დაბრუნებული იყო დედა-სამშობლო, საქართველოსთან. დიდი იყო ოსმალური წნეხი, უძნელესი — ქართული საქმის კეთება. 1881 წელს, ბათუმში პირველი ქართული სკოლა გაიხსნა, მაგრამ არ ჰქონდათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არ იყო სახსრები. გრიგოლ ვოლსკიმ მოიფიქრა ლატარია-ალლეგროს ჩატარება, მოაგროვა სახსრები და იმდენად პატიოსანი იყო, რომ გაზეთს გაუგზავნა ანგარიში, რა შემოვიდა, რა გზით და როგორ გაიხარჯა. შემოსული თანხით მან სკოლას, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები შეუძინა.
გრიგოლ ვოლსკი ბათუმში ცხოვრობდა, წმინდა მარინე N52-ში. 2005 წლისთვის, მემედ აბაშიძის გამზირი იყო. აქ ხშირად ათევდა ღამეს ილია ჭავჭავაძე, სახლთან მემორიალური დაფაა: „ამ სახლში, რომელიც ეკუთვნოდა საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ვოლსკის, ბათუმში ჩამოსვლისას ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე“. ერთ სართულიანი იყო სახლი, სადაც გრიგოლ ვოლსკის მხოლოდ 2 ოთახი ეკუთვნოდა, ესეც უნდა გავაგებინოთ „ახალ ქართველებს“ სასახლეებიდან რომ დაჰყურებენ ვითომ უბრალო ხალხს და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ურევენ გონებას. გავაგებინოთ, როგორ იყვნენ თავდაუზოგავნი ქართული საქმის კეთებაში გრიგოლ ვოლსკი და ქართველი მწერალი, დიდი მოღვაწე დავით კლდიაშვილი. წავაკითხოთ ყველას დავით კლდიაშვილის ჩანაწერები, „ჩემი ცხოვრების გზაზე“ და კიდევ უფრო შეუყვარდებათ გრიგოლ ვოლსკი, დიდი ქართული საქმეების გამო, რომელიც თურმე არასოდეს იღლებოდა. ერთადერთ დღეს ითხოვდა დასასვენებლად — კვირას.
მაყვალა ბერიანიძე