საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გოჩა ჯამარაულმა რამდენიმე წლის წინ, გადაცემაში “სპორტის ვარსკვლავები”, ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შესახებ საინტერესო ამბავი მოყვა.
"მარადონა საუკეთესო იყო მათ შორის ვისი თამაშიც მინახავს. 2008 წელს თბილისში იყო ჩამოსული და ქართველი ვეტერანები არგენტინელ ვეტერანებს ვეთამაშეთ. ამ ასაკშიც კი საოცრებებს აკეთებდა, სულ მინდოდა ბურთი მას ჰქონოდა.
ერთ მომენტში ბურთი მივიღე და წინ მარადონა მედგა, რომელმაც მითხრა, რომ ფეხბურთელი წაქცეული იყო და მეც შევტრიალდი, მარადონა მოვიდა, ბურთი წამართვა და წინ პასი გააკეთა. ისეთი განცვიფრებული სახე მქონდა არ ვიცოდი რა მეთქვა, შემდეგ მკითხა რა უნდა ვქნა რომ მაპატიოო, მეც ვუთხარი რომ მაისურა გაეცვალა და თამაშის შემდეგ გავცვალეთ კიდეც. მარადონას მაისურა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც ფეხბურთისგან მიმიღია" - თქვა ჯამარაულმა.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.