დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი .იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის შადრევნები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.
ტერიტორიაზე მიმდინარეობს ემონიუსის ბუჩქების და ტირიფების დარგვის პროცესიც, რომელშიც მონაწილეობა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმაც მიიღო.
სამუშაოებს შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939 028 ლარია.
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ეს არის პროექტი, რომელიც სოფელ ანანურს ტურისტულად უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის, გარდა რეკრეაციული ზონის მოწყობისა პროექტმა გააჩინა სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს“, განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მოქალაქეებს აღნიშნული ატრაქციით სარგებლობა მიმდინარე წლის ბოლოდან შეეძლებათ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.