logo_geo
eng_logo
დავით გარეჯის საქმის პროკურორი: დაკავებულთა ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ
- +

27 ნოემბერი. 2020. 22:38

 

დავით გარეჯის საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს,  რომ დაკავებულების ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ. პროკურორი ასევე არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზარდოს.

 

 

„ჩვენ დავკითხეთ მოწმე ნინო კალანდაძე და მის დაკითხვას არ დაესწრნენ ივერი მელაშვილის ადვოკატები. ლეგიტიმური იქნებოდა, რომ მოწმესთან კითხვები დაცვის მხარესაც ჰქონოდა, თუმცა ისინი საერთოდ არ გამოცხადდნენ. უფრო მეტიც, ივერი მელაშვილის ადვოკატებმა ბრალის წარდგენის შემდეგ დღემდე მტკიცებულებები არც კი მოითხოვეს. ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება მოვიპოვეთ და მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, თუნდაც ყოველდღე მოითხოვონ ახალი მტკიცებულებები, რასაც პროკურატურა მოიპოვებს, თუმცა 8 ოქტომბრის შემდეგ მათ საერთოდ მტკიცებულებები არ მოუთხოვიათ. პარალელურად ისინი საქმის პოლიტიზებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თითქოსდა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. თუმცა დაცვის პოზიცია სამართლებრივი შემადგენელისგან აბსოლუტურად თავისუფალია. მტკიცებულებებს ისინი საერთოდ არ ითხოვენ, შესაბამისად, მე ვთვლი, რომ მათ პოზიციაში საღი აზრი ნაკლები არის. კომპიუტერებიდან ინფორმაციის აღდგენის კონტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოლოდინი გვაქვს. ეს იქნება ელექტრონული რუკები, რომლებსაც ისინი შეგნებულად არ იყენებდნენ. მაღალი ალბათობით, ექსპერტიზის შედეგად დადასტურდება, რომ ამ ადამიანებს საქმეში ნახსენები რუკები არა მხოლოდ მატერიალური სახით, არამედ ელექტრონული სახითაც ჰქონდათ“, - აცხადებს მიხეილ სადრაძე „ქრონიკასთან“ .

 

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner