logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: საქმეზე მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს
- +

2 ივლისი. 2016. 13:43


 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში ცხოვრების ფაქტზე სახელმწიფოსთან მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და საზოგადოებას არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას აწვდის. ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განაცხადა, რომ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად არ რეაგირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მასთან სადავო ქონების ირგვლივ წინადადებათა განხილვაზე.


 

„როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უკვე ორგზის - 31 მაისს და 15 ივნისს საქმეზე განხილვები სადავო ქონების საკითხზე მორიგების შესაძლებლობის საფუძვლით გადადო. სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგებაზე დრო ამჯერად საბოლოოდ, 8 ივლისამდე განუსაზღვრა, თუმცა გიორგი პაპუაშვილი სამინისტროსთან კომუნიკაციას თავს არიდებს. ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, როგორც მორიგების პროცესი, ასევე სასამართლო განხილვები განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს, თუმცა 8 ივლისს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარე აღარ აპირებს კიდევ ერთხელ სასამართლო სხდომა გადადოს.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ბინის საკითხზე სახელმწიფომ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის მზადყოფნა 2016 წლის მაისში გამოხატა. სასამართლო სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა 15 ივნისის სასამართლო სხდომაზეც ცალსახად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ როლანდ ბლადაძესა და სახელმწიფოს შორის არსებითად შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავა მორიგებით დასრულდეს", - განაცხადა კაიკაციშვილმა.

 

 

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პირობები დავის მონაწილე ყველა მხარის - სახელმწიფოს, როლანდ ბლადაძის და გიორგი პაპუაშვილის საერთო ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუმცა საქმეზე მორიგების აქტზე თანხმობას, მოცემულ დრომდე, გიორგი პაპუაშვილი აფერხებს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილს საფუძვლიანად არ მიაჩნია გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის განცხადება, თითქოსდა სახელმწიფო სასამართლოს თავმჯდომარესთან რაიმე სახის მოლაპარაკებას არ აწარმოებს და მორიგების აქტზე საუბარი მხოლოდ ცალხმრივი ნებაა.



„2012 წლის 11 დეკემბერს გიორგი პაპუაშვილმა თავად მიმართა საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს და სადავო ქონების დაბრუნება ნაცვალგების პრინციპით მოითხოვა. თუკი დღეს მსჯელობა მიმდინარეობს 2012 წლის დეკემბრის წერილში პირობების განხილვაზე, სახელმწიფო ვალდებულია, გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს საკუთრებაში, ხოლო გიორგი პაპუაშვილს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონით, უფლება არ აქვს, უარი თქვას სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე", - არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნული განცხადებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, სადაც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ალტერნატიულ ფართზე უარი, თითქოსდა ნაკლები ფართის შეთავაზებას უკავშირდება.

 

 

„დღეს როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა მთავრობის, მინისტრის და სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟის საკითხია.

შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა", - განაცხადა კაიკაციშვილმა.




სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, 2016 წლის 8 ივლისს, 10:00 საათზე განახლდება. საქმეს განიხილავს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner