logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა გაავანალიზო და ვისზე უნდა ვილაპარაკო – გადამტრიალებელ-გადმომტრიალებლებზე?
- +

28 ნოემბერი. 2020. 20:06

 

 

გვესაუბრება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე:

 

– ბატონო ამირან, რას ფიქრობთ, რა სურს ოპოზიციას?

 

– ოპოზიციას სურს ხელისუფლებაში მოსვლა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მეორე მხარეა, რამდენად არსებობს ამის სამართლებრივი საფუძვლები.

 

არჩევნებს აკვირდებოდა ევროპის უმაღლესი სადამკვირვებლო ორგანოები – ეუთო/ოდირი და ევროპის სადამკვირვებლო კომისიის წარმომადგენლები. ამათ გარდა ვინ უნდა მოახდინოს არჩევნების შეფასება არ მესმის, მაგრამ ესენი ამბობენ, რომ არ სცნობენ არჩევნების შედეგებს, როცა აწყობთ – ცნობენ, არ აწყობთ – არ ცნობენ და თითს იშვერენ ევროპისკენ და დასავლეთისკენ.

 

სადამკვირვებლო კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, კონკურენტუნარიანად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით.

 

არჩევნები შემდგარად ჩათვალეს და მოუწოდეს მხარეებს, შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას, სადაო საკითხები კი გადაწყვიტონ სამართლებრივად. ასე ხდებოდა ყველგან, მთელ მსოფლიოში. ყველა ვხედავთ, რა ხდება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. იქაც იყო წინააღმდეგობები, ოღონდ სამართლებრივ ჭრილში, რაღაც ეტაპზე შეწყდება იქ სასამართლო დავები და საბოლოოდ რა შედეგებიც გამოიკვეთება, ის იქნება გადამწყვეტი და არა ის, როგორც ჩვენთანაა – ყოველ არჩევნებზე რევოლუციური სცენარები წამოსწიონ და ახალი არჩევნები მოითხოვონ.

 

არსებობს სახელმწიფო ამბოხი, რაც, ტრადიციულად, იხარშება ზოგიერთების თავებში, ეს მორიგი უკრაინული „ფარული“ ჩანაწერიც სულ არ ყოფილა მოულოდნელი. მაგრამ ვინ უთხრა მაგათ, რომ ესენი, ეს ვითომ ოპოზიციონერები, არიან ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელები?მოსახლეობის უმეტესობას მშვიდი ცხოვრება უნდა. ეს უნდა იცოდნენ ახალი რევოლუციის მსურველებმა. რაც დღეს პოლიტიკურ არენაზე ხდება, პრიმიტივია. ანალიზიც არ ღირს ამის. რომ გავაანალიზო, ვისზე ვილაპარაკო – გადამტრიალებელ-გადმომტრიალებლებზე?!

 

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ პოლიტიკური დავები. ესაა გზა განვითარებისკენ, თუ არ გვინდა, მუდმივად ყირგიზეთის და სხვა ამ ტიპის ქვეყნების მსგავსად ქრონიკული რევოლუციების პირობებში ვიცხოვროთ.

 

ეუთო/ოდირმა დადო დასკვნები ნაკლოვანებების თაობაზე. ეს ის ნაკლოვანებებია, რომელიც მოგვყვება ჩვენ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში, თუმცა ამჟამინდელი შეფასებები გაცილებით უკეთესია, წინასთან შედარებით.

 

როგორც კი ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ ცნობს ეუთო/ოდირის შეფასებას და აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, ვსვამ კითხვას: დავუშვათ, მიაღწია ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებს, ვინ მოგვყავს დამკვირვებლად – ეუთო/დირი თუ დსთ-დან ჩამოვიყვანთ დამკვირვებლებს, ან აფრიკიდან?

 

ეუთო/ოდირის დასკვნას თუ არ ენდობიან, ვინ იქნება ჩვენი განმსჯელი? თუ თავად ჩაატარებენ არჩევნებს, ძალა, რომელიც მუდმივად აყალბებდა არჩევნებს!

 

ყველას გვახსოვს 2008 და 2012 წლის შეფასებები, როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ენდიაის. თავისი დღის წესრიგის მოხვევა უნდათ თავზე და არ გამოვა ეს. ასე ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.

 

– ოპოზიციური პარტიები ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის დაწყებულ თამაშს ხომ არ თამაშობენ, ზოგი გაცნობიერებულად ზოგი გაუცნობიერებლად?!

 

– ყველა თამაშობს ერთი პოლიტიკური პარტიის თამაშს და არ აქვთ ელემენტარული თავმოყვარეობა, რომ იყვნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები. ყველა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, მიშას დაკრულზე ცეკვავენ. იმ ერთმა პარტიამ ერთი რევოლუციის დროს ჩაყლაპა ყველა პარტია და ეს უნდა გაითვალისწინონ.

 

– და ახლა პირდაპირ აჯანყებისკენ მოუწოდებენ ხალხს.

 

– მე არ ვიცი აჯანყება უნდა თუ გადატრიალება, ამისთვის არის სათანადო ორგანოები და ისინი გააკეთებენ შეფასებას. ნორმალურმა სახელმწიფომ უნდა იცხოვროს არჩევნებიდან არჩევნებამდე და თუ რაიმე ნაკლოვანებები არის, უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება რევოლუციურ გზას, რას ვიღებთ აქედან? კარგი რა მივიღეთ, ან რომელიმე ქვეყანამ კარგი რა მიიღო რევოლუციებით.

 

– პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

 

– მათ მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ. მე არ ვემხრობი „ქართული ოცნების“ ზოგიერთ ლიდერის განცხადებებს: ადრეც ამბობდნენ არ შევალთო და მაინც შევიდნენ და ა.შ. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. უნდა დასხდნენ და უნდა ისაუბრონ, დიალოგი უნდა ჰქონდეთ პოლიტიკურ მოთამაშეებს ერთმანეთთან.

 

თუ არ შევიდა პარლამენტში ოპოზიცია, შევა მხოლოდ „ქართული ოცნება“. 50 პროცენტზე მეტს მოაგროვებენ, სცნობენ 2/3. ეს არის ახალი კონსტიტუციური ნორმა და პარლამენტი შეუდგება საქმიანობას.

 

ირანდა კალანდაძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner