სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განმარტა თუ როგორ მოხდება პურის ფასის სუბსიდირება. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემა შესთავაზა.
მისი თქმით, პურის ფასის სუბსიდირების საკითხში ბიზნესის პასუხისმგებლობა დიდია.
„ვიმუშავეთ როგორც მსხვილ წისქვილკომბინატებთან, ფქვილის მწარმოებელ კომპანიებთან, ისე პურის ინდუსტრიასთან. შედგა კონსენსუსი, მათთან პურის ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემას განვიხილავდით. უშუალოდ პურის მწარმოებლების სუბსიდირებით ფასის დაჭერაზე, მაგრამ ასევე ვსაუბრობდით ფქვილის ფასის შენარჩუნების სქემაზე. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენ სწორედ ფქვილის ფასის სუბსიდირებას ვაკეთებთ, იმგვარად რომ პურის მწარმოებლებისთვის პირველი ხარისხის ფქვილი არ გაძვირდეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
„როდესაც დიდი წნეხია ეკონომიკაზე, შეზღუდვების პერიოდში ჩვენ თითოეული ლარი ბიუჯეტიდან უნდა დავხარჯოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, დიალოგი შედგა პურის ინდუსტრიის ყველა მოთამაშესთან და მათ ეს სქემა კარგად იციან.
„უკვე ორშაბათიდან დაიწყება კომპანიების რეგისტრაცია. პურისა და ხორბლის ინდუსტრია, სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.