logo_geo
eng_logo
კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია: სავსე ქართული პატიოსნებით
- +

28 ნოემბერი. 2020. 22:25

 

 

გამომცემლობა „მწიგნობარმა“ გამოსცა ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის მერაბ მეტრეველის ლექსების კრებული „მზე მეწამული“.

 

მერაბ მეტრეველი ქართულ ლიტერატურაში დებიუტანტი არ არის. მან ადრეც გამოსცა საინტერესო პოეტური კრებული „გზას სიყვარული მიკვლევდა“, რომელიც მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

 

გთავაზობთ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას წერილს, რომელიც მერაბ მეტრეველის ახალ წიგნს წინასიტყვაობად უძღვის.

 

მერაბ მეტრეველი სულით ხორცამდე ხელოვანია, მისი შემოქმედებითი ინტერესები და ნიჭიერება მრავალმხრივია, მოიცავს პოეზიას, სიმღერას, მხატვრობას, თუმცა ფორმადმქმნელობა მაინც უმთავრესია, მათი მეტამორფოზა ერთი ფორმიდან მეორეში, მათი ერუპცია და რაღაც მომენტში ისევ კლასიკურად დაცხრობა, გამომსახველობა, რომელიც თითქოს ძვლის ტვინიდან მოდის. ოდესღაც გალაკტიონმა თქვა, „ძაფი ნერვი არ არის ჩემში არაპოეტისო“, მერაბ მეტრეველის ქანდაკებაც პოეზიაა, ქვაში ან სხვა მასალაში დაყოვნებული თითქოს, როგორც ერთი ჰანგი, ერთი სიტყვა, ერთი განწყობა და საიდან მოდიან ეს ფორმები? როგორც ყვავილები მიწის წიაღიდან, როგორც ჩქეფა–ჩხრილი – ჩანჩქერიდან, როგორც ოროლები – ხის კენწეროდან. ხელოვანი იღებს მათ ხან ბუნებრივად, ხან არაბუნებრივად დასაწყვილებლად.

 

როდესაც მის სახელოსნოში შედიხარ, ხვდები, რომ ეს მისი სამოთხეა და, იმავდროულად, მისი უდაბნო, დევების მარანია, სადაც იქეიფეს დევებმა და რაღაც გრანდიოზული დატოვეს. იმავდროულად, ჩიტი ნიბლიას ბუდეა, სადაც მისი სიფრიფანა, მბრწყინავი ბუმბულები ფერებად გაფანტულა ჰაერში.

 

დადიხარ, ათვალიერებ და ნათელია, რომ ეს მისი ბედისწერაა, ვნებაა, სულია და სიყვარული. აქ მისი ოჯახური დინასტიის მიერ შექმნილი სურათების ექსპოზიციაცაა. ვფიქრობ, ეს მარადისობა არის მოქცეული წამში, თუ წამი მთელ მარადისობას შეიძლება იტევდეს?!

 

ისტორიის მგრგვინავ სვლას თავისი კვალი დაუტოვებია აქაც და მის სულშიც. წარსულის გმირები, ხელოვანნი და ბოლოს, ქარიშხლის ძენი – ზვიადი და მერაბი, რომელთა გამოსახვაც საოცრად კონტრაპუნქტულია. ერთი მხრივ, შეკავებული კლასიკურ ფორმაში და მაინც რამდენი რამის მთქმელი, რამდენი რამის გამომხატველი. ასეთია, მოკლედ თუ ვიტყვით, მერაბ მეტრეველის შემოქმედება, „სავსე ქართული პატიოსნებით“. ვუსურვებ მას, კიდევ ბევრჯერ და დიდხანს გაეხარებინოს მეგობართა და მისი ხელოვნების დამფასებელთა გულები.

 

კონსტანტინე გამსახურდია

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner