„ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის“. – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
აბაშიძის თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ მცირე პროგრესია და გამოითქვა მზაობა, ხელი შეეწყოს შესაბამისი საექსპერტო ჯგუფების მუშაობას.
„ასევე, რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არის ატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – რუსეთის იმიჯს.
ასე, რომ მომავალში, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწყნარდება, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ასეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ადრეც გვაქვს ნათქვამი. მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლიდან იწყებენ ყაზბეგი-ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს – რეკონსტრუქციას, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, ხელი შეუწყონ ტვირთების მიმოსვლას”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.