კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები ქართველი ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობენ, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ემსახურება. მოლაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სააკაშვილის გამხელილი ოცნება საქართველოში დაბრუნებაზე არცთუ ისე არარეალურია.
„მიხეილ სააკაშვილის ქართველი ემისრები, „ვერბოვშიკები", ახალგაზრდების გადმობირებაზე მუშაობენ, ისეთი უწყინარი ფორმით, რომ ეჭვის შეტანა გაგიჭირდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება და განსაკუთრებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან, რა პროცესი მიმდინარეობს. თუ არა და, ახლა ხომ გაიგებენ. გაითვალისწინონ, რომ ინფორმაცია მოლაპარაკებებზე უშუალოდ დამსწრე პირებისაგან მივიღე. ისიც გაითვალისწინონ, რომ სააკაშვილის გამხელილი ოცნება საქართველოში დაბრუნებაზე არცთუ ისე არარეალურია. ადეიშვილსაც წამოსცდა ინტერვიუში, „ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს იქნება სრულიად სხვა ადამიანების პარტიაო, ანუ გამოიყვანენ კრავის ფორმაში გადაცმულ მარიონეტებს და ჩატარდება სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებული არჩევნების სახელით, რომელიც საქართველოს გაცილებით დიდ სისხლის მორევში დააბრუნებს, ვიდრე ის ცხრაწლიანი რეჟიმი გახლდათ", - აცხადებს მოლაშვილი.