logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: დღეს საღამოს ესენი, დედაჩემივით „მოიგებენ" არჩევნებს
- +

29 ნოემბერი. 2020. 19:21

 

 

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, ნიკა გვარამიას დღევანდელი გადაცემის შესახებ წერს:

 

„ანონსი ვნახე, გვარამიას პოსტსაარჩევნო "კვლევა" ჩაუტარებია ლეგენდარულ იფსოს-უკრაინასთან ერთად და დღეს, თურმე, შედეგებს გაგვაცნობს. ამაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ. საბჭოთა პერიოდში, ოჯახში 3%-იანი ე.წ. "ოქროს ობლიგაციები" გვქონდა, რომლის ნომრებიც პერიოდულად ლატარიის პრინციპით თამაშდებოდა, შედეგები კი, გაზეთში ქვეყნდებოდა. დედაჩემიც დიდი რუდუნებით გადმოიღებდა ხოლმე ობლიგაციის დასტას და ადარებდა ნომრებს, ხომ არ მოვიგეო. ერთ დღესაც გადაწყვიტა, საქმეს შემოქმედებითად მიდგომოდა, აქეთ-იქით აღარ ეთრია ობლიგაციის დასტები, ამიტომ ნომრები რვეულში გადმოწერა და გაიადვილა საქმე - გათამაშების შედეგები რომ ქვეყნდებოდა გაზეთში, პირდაპირ რვეულიდან ადარებდა ხოლმე ნომრებს.

 

ერთხელაც, სკოლიდან დაბრუნებულს, ძალიან აჟიტირებული დამხვდა, ბევრი ფული მოვიგეო და თავი მაგიდაზე განფენილ ობლიგაციებში ჩარგო. ხელის დასაბანად შევედი და მესმის შეკივლება: "მოვიგე, კიდევ მოვიგე...". გამოვედი აბაზანიდან და ვხედავ, ამოუღია დედაჩემს ობლიგაციის დასტა, გაზეთის მაგივრად გადაუშლია რვეული, ადარებს და ყველა ნომერი ემთხვევა. დაემთხვეოდა, აბა რა იქნებოდა, თავად ჰქონდა ამოწერილი ნომრები. როცა ფრთხილად შევაპარე, როგორ დრამატულ შეცდომას უშვებდა, ძლივს გამოვიდა შოკიდან. ხოდა, დედაჩემს კი ბოდიშს ვუხდი ამ მედია-ანტისანიტარიასთან შედარებისთვის, მაგრამ დღეს საღამოს ესენი, დედაჩემივით, თავისივე ვერმიღებულ, მაგრამ დაჩემებულ პროცენტებს, მათ მიერვე გაყალბებული კვლევის შედეგებს შეადარებენ და დედაჩემივით "მოიგებენ" არჩევნებს. ძირითად სხვაობას თავად აღმოაჩენდით - დედაჩემი გულწრფელად ცდებოდა, ეს ბოროტი „ჟულიკები“ და სერიოზულ სახეებს დაალაგებენ და ისე მოგვიყვებიან, მოგვიგიაო, თითქოს ჩემზე კარგად არ იცოდნენ, სასტიკად რომ გაასხეს“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner