ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფეზე თავდასხმის შედეგად 20 მძევალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის მთავრობა ავრცელებს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, თავდამსხმელებმა, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან, სასტიკად აწამეს ის მძევლები, რომლებმაც ვერ შეძლეს, ყურანი წაეკითხათ. „BBC"-ის ინფორმაციით, მძევლები ბასრი იარაღით არიან მოკლულები.
მომხდარ თავდასხმას ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა გამოეხმაურა და მომხდარს „საზარელი აქტი" უწოდა. მისი თქმით, თავდამსხმელები მუსლიმები არ არიან და მათ რელიგია არ გააჩნიათ.
ბანგლადეშის მთავრობის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ექვსივე თავდასხმელი ლიკვიდირებულია, გათავისუფლებულია 13 მძევალი.
გუშინ საღამოს დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.