logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი „ნაცმოძრაობას“: ნაძირლებო, თქვენ გელით დამსახურებული სასჯელი!
- +

2 ივლისი. 2016. 16:10


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი ნაციონალების მიერ ახალგაზრდების მობილური ჯგუფების შექმნაზე საუბრობს და ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.


- სააკაშვილის კრიმინალურ დაჯგუფებას, თავისი არსებობის მანძილზე არც ერთ არჩევნებში ლეგიტიმური გამარჯვება არ მოუპოვებია. მათ შორის, არც პირველ არჩევნებში, 2003 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. მახსოვს, მაშინ „არმენ პრესმა" დაწერა, საქართველოს ხელისუფლებაში ეთნიკური სომხები მოვიდნენო. ახლა, როცა „ნაციონალური მოძრაობის" პირსისხლიანი სახე დახატულია, როცა უკვე მათი მეფე შიშველია და უფრო მეტად გაგიჟებული, ვიდრე ის ნორმალურ ვითარებაში ითვლებოდა გიჟად, მითუმეტეს, არანაირი შანსი არა აქვთ, რომ მომავალ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ასეთ ვითარებაში დღეს მათი ერთადერთი ამოცანაა, არჩევნებამდე ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვა და ისეთი ფსიქოპოლიტიკური ფონის შექმნა, სადაც მცირეოდენი შეხლა-შემოხლაც კი, შესაძლოა, სისხლისღვრაში გადაიზარდოს. არ მოერიდებიან მკვლელობასაც, მათ შორის, თუნდაც თავისივე თანაგუნდელის, ოღონდ კი შექმნან კრიზისული ფონი და ამ ფონზე ისევ ამოტივტივდნენ. მიზნის მისაღწევად სააკაშვილმა უკვე ფინანსური უზრუნველყოფის წყაროსაც მიაგნო, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინანსური რესურსი, რომელიც ნამდვილად გააჩნია ოდესის ოლქს, კერძოდ კი, ოდესის პორტს, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური შემოსავლებით, ნაცმოძრაობის სალაროდ აქციოს.


პარალელურად, როგორც ჩანს, სააკაშვილმა უკვე აქტიურად დაიწყო ქვეყნის შიგნით მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება. ცოტა ხნის წინათ დამიკავშირდა რამდენიმე ახალგაზრდა, სტუდენტი, მათ შორის, ერთ-ერთი ჩემი ნათესავი და მითხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მათთან მიდის ინტენსიური მუშაობა, მოლაპარაკებები ჯგუფების შესაქმნელად.


- უფრო კონკრეტულად?


- სტუდენტებს უკავშირდებიან კონკრეტული პიროვნებები და საქართველოში სამოგზაურო ტურების მოწყობას სთავაზობენ ორკვირიანი გასვლებით. თითოეულ ასეთ ტურისტულ ჯგუფში 10-15 კაცი უნდა იყოს გაერთიანებული. ტურების დაგეგმვა ხდება შეკრებებზე. უკვე ცნობილია, რომ ივლისის თვეში ერთ-ერთი ჯგუფი ეკლესია-მონასტრების მოსალოცად გავა. დაგეგმილია ზემო იმერეთში რამდენიმე მონასტრის მონახულება, ასვლა მდინარე ყვირილას სათავესთან, ერწოს ტბაზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დღევანდელ ტერიტორიას ესაზღვრება. ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ მარშრუტით უშვებენ, ეუბნებიან - თუკი იქ რამე კონფლიქტური სიტუაცია იქნება, თქვენ მას უნდა გაუმკლავდეთ. გექნებათ ყველანაირი საშუალება, რომ რუსების პროვოკაცია დააფიქსიროთ. ყველაფერს გადაიღებთ და ჩამოსვლისთანავე მთელი ქართული მედია გვერდით დაგიდგებათ. ეს თქვენ გაძლევთ საშუალებას, იყოთ არა მხოლოდ სტუდენტები, რომლებმაც მოინახულეს ეკლესია-მონასტრები, არამედ თქვენ ხდებით ახალგაზრდა პოლიტიკოსები... როგორც უკვე გითხარით, მიდის სხვა ჯგუფების მომზადების ინტენსიური პროცესი.


საინტერესო ის არის, რომ გეგმის თანახმად, ქართველ სტუდენტთა ტურისტულ ჯგუფებს უკრაინელი მეგობრებიც უნდა შემოუერთდნენ. ჩემი ვარაუდით, ისინი ან სპეცსამსახურების თანამშრომლები იქნებიან, ან სხვადასხვა სპეცჯგუფების მებრძოლები, საბრძოლო ვითარებაში გამოცდილი ხალხი.

 

- რატომ ფიქრობთ, რომ ამ ტურისტული ჯგუფების შექმნას სხვა მიზანი აქვს?


- ამაში თავად სტუდენტები დაეჭვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ერთ-ერთი შეხვედრისას, საუბრის დროს ტურისტული ჯგუფების ნაცვლად, ნახსენები იქნა მობილური ჯგუფები. მე ამ სიტყვის არ შემეშინდებოდა და ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ გაკეთებული განცხადება - უნდა შეიქმნას პატარა მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველგან და ყველაფერზე რეაგირებას მოახდენენო.


შემდეგ გეგმა ასეთია: ეს ჯგუფები სხვადასხვა რეგიონების მონახულების შემდეგ თბილისში შეიკრიბებიან. მათ ევალებათ, რომ ჯგუფის წევრებმა და ხელმძღვანელებმა ერთმანეთი გაიცნონ და ნანახი პრობლემები გაუზიარონ, ანუ თბილისში მოხდება გაერთიანება და შემდეგ, ერთიანი ძალით დედაქალაქის პრობლემებზე აპელირება, გამოყენებული იქნება „კმარას" მიერ კარგად აპრობირებული მეთოდები, მათი აზრით უმტკივნეულო, სინამდვილეში კი უაღრესად პროვოკაციული.


არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ქალაქმა გაიღვიძოს და ყველა ეზოში, ყველა ქუჩაზე, ყველა სადარბაზოს წინ დაგვხვდეს წარწერა - „კმარა, წაეთრიეთ!"

 

- ბატონო სულხან, ის ახალგაზრდები, ვინც თქვენ დაგიკავშირდათ, პირადად ესწრებოდნენ ამ შეკრებებს?

 

- დიახ, პირადად ესწრებოდნენ. მათ შორის ჩემი ნათესავი, ბიძაშვილის შვილი.

 

- რა გითხრეს იმ ადამიანებმა, ვინც მათ ხვდება და ესაუბრება, ვინ არიან ისინი?


- მიხეილ სააკაშვილის ქართველი ემისრები, „ვერბოვშიკები", რომლებიც ახალგაზრდების გადმობირებაზე მუშაობენ, თანაც ისეთი უწყინარი ფორმით, რომ ეჭვის შეტანა გაგიჭირდება. თუმცა, ახალგაზრდები მაშინვე დაეჭვდნენ და, დამიკავშირდნენ. იმედი მაქვს, ხელისუფლება და განსაკუთრებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან, რა პროცესი მიმდინარეობს. თუ არადა, ახლა ხომ გაიგებენ. გაითვალისწინონ, რომ ინფორმაცია მოლაპარაკებებზე უშუალოდ დამსწრე პირებისაგან მივიღე. ისიც გაითვალისწინონ, რომ სააკაშვილის გამხელილი ოცნება საქართველოში დაბრუნებაზე არცთუ ისე არარეალურია. ადეიშვილსაც წამოსცდა ინტერვიუში, ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს იქნება სრულიად სხვა ადამიანების პარტიაო, ანუ გამოიყვანენ კრავის ფორმაში გადაცმულ მარიონეტებს და ჩატარდება სპეცოპერაცია ეგრეთ წოდებული არჩევნების სახელით, რომელიც საქართველოს გაცილებით დიდ სისხლის მორევში დააბრუნებს, ვიდრე ის ცხრაწლიანი რეჟიმი გახლდათ.

 

- ადეიშვილის ინტერვიუ ახსენეთ და გკითხავთ - რას იტყვით მის განცხადებაზე, ციხის კადრების უმეტესობა დადგმული იყოო?


- რომელსაც თავად დგამდნენ თავისივე სიამოვნებისთვის.

 

- რას გულისხმობთ?


- მე პირადად ჩემი თვალით მყავს ნანახი ადეიშვილი იმ განცხრომის მომენტში, როდესაც ბერიასეული ღიმილით უყურებდა პატიმრების წამებას. საკუთარი თვალით მყავს ნანახი ამ პროცესში ასევე ხათუნა კალმახელიძე და ბაჩანა ახალაია. ციხის ბუნტი რა იყო? „რეზბალნიცის" ყველა მაშინდელი პატიმარი დაადასტურებს, რომ ეს ბუნტი იყო ინსპირირებული. ჩვენს თვალწინ მოხდა უშუალოდ ბაჩო ახალაიასა და მისი თანმხლები პირების მიერ გიორგი ავალიანის სიკვდილამდე ცემა, რასაც „რეზბალნიცის" და მეხუთე საპყრობილის მიერ ხმაურიანი პროტესტის გამოხატვა მოჰყვა. ბუნტი ამას დაარქვეს. მერე გამოჩნდა, რომ ავალიანის ცემა მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო, რასაც ვითომ ბუნტი და ციხის შტურმი უნდა მოჰყოლოდა. იცოდნენ, რომ ახალაიას უწმაწური შეგინება ავალიანის მისამართით უპასუხოდ არ დარჩებოდა და ასეც მოხდა. დიდება მის მარჯვენას, ისეთი აწეპა ახალაიას, რომ ჰაერში ორი სალტო გააკეთებინა.


ყველაზე მტკივნეული, იცით, რა არის? არა ადეიშვილის, ან რომელიმე მისი მსგავსი კრიმინალის მიერ გაკეთებული რაიმე განცხადება, არამედ ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა სწორედ ამ კრიმინალების დასასჯელად მოიყვანა, დღეს ამბობს, რომ ნაცმოძრაობის, როგორც წამყვანი ოპოზიციური პარტიის, შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ამ დამოკიდებულებით და გამოძიების ამ ტემპებით სამართალი ნამდვილად ვერ აღდგება. თუმცა, ის მაიმედებს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულები ბოლო 50 წლის ყველაზე დიქტატორულ მმართველობებს შორისაც კი, ანალოგს ვერ პოულობს.


- მაგრამ სამართლიანობის აღსრულების თვალსაზრისით ეს რას ცვლის, ბატონო სულხან?


- 2014 წელს ჩილეში კომისია შეიქმნა. ჩილეს უზენაესმა სასამართლომ და ადვოკატთა ნაციონალურმა გაერთიანებამ ერთობლივი ყრილობის ჩატარების შემდეგ, საზოგადოების წინაშე ქედი მოიხარეს და ბოდიში მოიხადეს, რომ თავის დროზე მათი უფლებები ვერ დაიცვეს. დაახლოებით 40 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც, პინოჩეტის დანაშაულებრივ მმართველობას შესაბამისი შეფასება მიეცა. ამით იმის თქმა მინდა, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, სააკაშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას მოუწევს, პასუხი აგოს ქართველი ხალხის წინაშე. ადამიანები დღესაც იღუპებიან იმ ტრავმების შედეგად, რაც მათ სააკაშვილის რეჟიმმა მიაყენა. ახლახან გარდაიცვალა წყალტუბოს საკურორტო დაწესებულების ღვაწლმოსილი მთავარი ექიმი, ბატონი ნემსიწვერიძე, რომელმაც მეხუთე ინფარქტს ვეღარ გაუძლო. სააკაშვილის რეჟიმმა მისი ორი უწესიერესი შვილი ციხეში გამოკეტა. პირველი ინფარქტი მამამ სწორედ მაშინ მიიღო. ბევრი დღემდე მკურნალობს,  ზოგი - შედეგიანად, ზოგი - უშედეგოდ. ძნელია, ამ ადამიანებს გააგებინო, რომ ნაცმოძრაობის გადარჩენა დემოკრატიის აუცილებელი პირობა ყოფილა. ამას ვერ მივიღებთ, ეს არ მოხდება. ყველა თქვენსას მიიღებთ, თქვე ნაძირლებო, თქვენ გელით დამსახურებული სასჯელი ქართული მართლმსაჯულებისგან, ან იმ ხალხისგან, ვის წინაშეც ბრალი მიგიძღვით! ანგარისწორების უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა და ვაითუ მასობრივი სახე მიიღოს.




ესაუბრა ნონა ბენდელიანი




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner