საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს