logo_geo
eng_logo
მოლდოვას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ვინ არის ოპოზიციონერი მაია სანდუ
- +

30 ნოემბერი. 2020. 11:45

 

 

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. სანდუმ დაამარცხა მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. თავად მაია სანდუ კი პირიქით, პროდასავლურ კანდიდატად ითვლება.

 

როგორ წარიმართა მოლდოვაში არჩევნები?

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა, პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 57,75% მოიპოვა. იგორ დოდონმა, რომელიც ქვეყანას 2016 წლიდან მეთაურობს, ხმების 42,25% მიიღო. მაია სანდუ ლიდერობდა პირველ ტურშიც, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა. მან ხმების 36,16%, დოდონმა კი 32,61%  მიიღო.

 

 

იგორ დოდონი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე „დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობაზე“ ალაპარაკდა. ის ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დიასპორის წარმომადგენლების მოსყიდვაზე საუბრობდა. დოდონის შტაბმა საარჩევნო კამპანიაში ევროპელი პოლიტიკოსების „ჩარევაც“ დარღვევად მიიჩნია: მაია სანდუს ღიად დაუჭირეს მხარი პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარემ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.

 

 

„ჩემს მხარდამჭერებს ვპირდები, რომ არ დავთმობ. ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ვალდებული ვართ, არჩევნების შედეგები ყველა სამართლებრივი მეთოდით გავაპროტესტოთ. საამისოდ კი მივმართავთ ცესკო-ს, სასამართლოს, სააპელაციო პალატასა და საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა იგორ დოდონმა. ამის მიუხედავად, მან მაია სანდუს გამარჯვება მაინც მიულოცა.

 

 

მაია სანდუ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად არ მონაწილეობდა. ის და დოდონი 2016 წელსაც ფავორიტებად ითვლებოდნენ. მაშინ ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების 52,11%-ით გაიმარჯვა, სანდუმ კი ოდნავ ნაკლები - 48%-ი მიიღო.

 

ვინ არის მაია სანდუ?

მოლდოვის ახალი პრეზიდენტი 49 წლისაა. სანდუ პროფესიით ეკონომისტია. მისი ოფიციალური კარიერა 1994 წელს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში დაიწყო. 1998 წელს ის სამუშაოდ მსოფლიო ბანკის მოლდოვის ფილიალში გადავიდა, ხოლო 2005 წელს ეკონომიკის სახელმწიფო უწყებაში დაბრუნდა. აქ მაია სანდუ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა - კონსულტანტიდან დაწყებული, განყოფილების ხელმძღვანელით დასრულებული. 2010 წელს, ჰარვარდის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ის ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ორი წელი იმუშავა.

 

 

2012 წელს მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ, სანდუ ქვეყნის განათლების მინისტრი გახდა. მან გამოცდების ჩატარების პროცედურა გაამკაცრა. მაგალითად, ვიდეოკამერები გამოჩნდა იმ აუდიტორიებში, სადაც ბაკალავრიატის გამოცდები ტარდებოდა. გარდა ამისა, სწორედ სანდუს მინისტრობის დროს, 2014 წელს, მოლდოვის სკოლებში რუსული ენა გახდა არა სავალდებულო, არამედ ფაკულტატიური საგანი. თავად მაია სანდუმ განმარტა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსწავლეების მშობლებისთვის მიეცა არჩევანის უფლება თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელი ენა უნდა ესწავლათ მათ შვილებს. „არავინ აპირებს რამე მოიმოქმედოს რუსულენოვანთა წინააღმდეგ“, - განაცხადა მოლდოვის მაშინდელმა განათლების მინისტრმა.

 

განათლების მინისტრის პოსტი მაია სანდუმ 2015 წელს დატოვა. 2016 წელს ის პროევროპული პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ ლიდერი გახდა. იმავე წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

 

2019 წელს, მაია სანდუ ექვსი თვის განმავლობაში მოლდოვის პრემიერმინისტრი იყო. ის მთავრობას სათავეში ჩაუდგა მას შემდეგ, რაც მისი პარტია სხვა ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იგორ დოდონის სოციალისტურ პარტიას შეუერთდა, რათა ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკისთვის ქვეყანის პოლიტიკაზე კონტროლი შეეზღუდათ. თუმცა 2019 წლის ნოემბერში მაია სანდუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს: პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ამის ოფიციალურ მიზეზად მინისტრთა კაბინეტის მუშაობით გამოწვეული უკმაყოფილება დასახელდა. BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის წყაროები კი ვარაუდობენ, რომ რეალური მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო პროდასავლური პრემიერმინისტრის მიმართ მოსკოვის უკმაყოფილება ან ოლიგარქ პლახოტნიუკის გავლენის აღდგენა.

 

რას დაჰპირდა მაია სანდუ მოლდოველებს?

 

თავის საპრეზიდენტო კამპანიაში მაია სანდუ ამომრჩევლებს სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებას, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას, პენსიების გაზრდასა და ევროკავშირთან მოლდოვის დაახლოებას დაჰპირდა. ამჟამად ქვეყნის მცხოვრებლებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.

 

მაია სანდუს პროგრამის ცენტრალური კომპონენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

 

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში წესრიგს აღადგენს და ვიმუშავებ, რათა თითოეული მოქალაქის სამართლიანობა და კეთილდღეობა უზრუნველვყო!“ - წერს ის თავის საარჩევნო პროგრამაში.

 

გარდა ამისა, მაია სანდუ მოლდოვის პარლამენტის ვადაზე ადრე დათხოვნაზე საუბრობდა, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევდა.

 

„წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ, პარლამენტის ისედაც მერყევი ლეგიტიმურობა დასრულდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ზოგიერთი დეპუტატის შეცვლით, რაც პოლიტიკური წნეხისა და კორუფციის შედეგი იყო“, - ნათქვამია მის პროგრამაში.

 

დღეისათვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტი მანდატი იგორ დოდონის სოციალისტურ პარტიას აქვს (თუმცა ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ). ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს პრემიერმინისტრის კანდიდატურას, რომლის „ჩაგდებაც“ დეპუტატებს შეუძლიათ. მოლდოვაში სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებს მოიცავს, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მიმართულებებს კი მთავრობა ხელმძღვანელობს.

 

რას ფიქრობს მაია სანდუ რუსეთთან ურთიერთობაზე?

 

ზოგადად, მაია სანდუ პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება. მან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ არსებული დიასპორის წარმომადგენლებმაც მას აქტიურად მისცეს ხმა. ის სისტემატურად უჭერდა მხარს მოლდოვის დაახლოებას ევროკავშირთან და გამუდმებით აკრიტიკებდა დოდონს, რომელიც მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული. ამავდროულად, სანდუ ხაზს უსვამდა, რომ მას მოსკოვთან ურთიერთობის განვითარება სურს.

 

 

მაია სანდუ მხარს უჭერს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას, ხოლო ყირიმის საკუთრებაზე აზრს აკურატულად გამოთქვამს. უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს.

 

„ვთვლი, რომ მოლდოვა და უკრაინა ერთ გეოპოლიტიკურ კავშირში არიან“, - აღნიშნა მან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner