„წინა კვირაში ჩვენ გვქონდა 6 ათასი საწოლი, ორშაბათიდან გვაქვს 7100 საწოლი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, არც ერთი ქვეყნის მიზანი არ არის ის, რომ გამოიყენოს საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა.
„საკმარისი საწოლების რაოდენობა“ - ზოგადად არ არსებობს ასეთი ცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა ძირითადად ყოველთვის დეფიციტურია.
აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, ისევე როგორც საქართველო, განსაზღვრავს ამ დეფიციტის პროცენტს, ან იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც იწყება საწოლფონდის დამატება. ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთვა, ამის შემდეგ იწყება ქმედება იმისთვის, რომ დავამატოთ საწოლფონდი. სხვა შემთხვევაში ამას ჰქვია არარაციონალური გამოყენება ყველა იმ რესურსის, რომელიც სახელმწიფოებს გააჩნიათ. ზოგადად არცერთ ქვეყანას არ აქვს მიზანი, რომ გამოიყენოს საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობა, სწორედ აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, დაწესდეს შეზღუდვები იმისთვის, რომ მოხდეს როგორც საწოლფონდის განტვირთვა ასევე პრევენციულად ინფექციის გავრცელება“, - აცხადებს ტიკარაძე.