logo_geo
eng_logo
ბექა ფერაძე: შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ შემოწმებული 10 374 ობიექტიდან, 4 194-ს საქმიანობის უფლება შეუჩერდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:22

 

 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მას შემდგომ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაიწყო და გრძელდება მკაცრი კონტროლი დადგენილების აღსრულებაზე.

 

„აღსრულება დაევალა შრომის ინსპექციას. ძირითადად კოორდინაციის პროცესი არის შრომის ინსპექციასთან. ასევე ამ პროცესში ჩართული არიან შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ფერაძემ.

 

მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში სულ შემოწმდა 10 374 ობიექტი, მათ შორის წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა სამი ობიექტი, 4 194 ობიექტს კი, შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა.

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის განმეორების გამო, ერთი ობიექტი გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის. რეგიონალურ ჭრილში ეს მაჩვენებლები შემდგენაირადაა გადანაწილებული: თბილისში შემოწმდა 4 711 ობიექტი, იმერეთში 1 137,კახეთში 814 ობიექტი, ქვემო ქართლში 828, შიდა ქართლში 493, სამეგრელო-ზემო სვანეთში 848, აჭარაში 1 111, სამცხე-ჯავახეთში 179, მცხეთა-მთიანეთში 140, გურიაში 106, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 7 ობიექტი.

 

რაც შეეხება შემთხვევას, რომელიც გუშინ მასმედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი ფიტნეს დარბაზი. როგორც მოგეხსენებათ, მან დაარღვია იზოლაციისა და კარანტინის დადგენილი წესები. მიუხედავად თავდაპირველი გაფრთხილებისა, რომ მას მოეხდინა შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისა, არ დაემორჩილა შრომის ინსპექციის მოწოდებას, რის გამოც 42-ე პრიმა მუხლით დაჯარიმდა 10 ათასი ლარის ოდენობით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ უარი განაცხადა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, შესაბამისად, ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ოქმი ჩაბარებულად ითვლება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს ადგილზე, და სამართალდამრღვევი უარს ამბობს ოქმის ჩაბარებაზე, აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი კეთდება ოქმში, შესაბამისად, ოქმი 2020 წლის 28 ნოემბრიდან ითვლება ჩაბარებულად და სამართალდამრღვევს აქვს 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება ჯარიმის გადახდა, კანონით დადგენილი წესით, ის მიეცემა იძულებით აღსასრულებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად არაერთ გზის მოწოდებისა, მას შეეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა, ამ შემთხვევაში, რომელიც იყო და არის საბჭოს მიერ მიჩნეული, როგორც მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, მან კვლავ განაგრძო საქმიანობა, რის გამოც ჩვენ განმეორებით დავაფიქსირეთ ფაქტი. მივმართეთ ფაქტის დადასტურების შემდგომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, რის შემდგომაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც იცით, საგამოძიებო პროცესში მოხდა ასევე ფიტნეს კლუბის დალუქვა. როგორც იცით, ასევე პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არის იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის. პირველ ეტაპზე ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლის სანქციის შესაბამისად, დადგენილია დაჯარიმება, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან დამრღვევი პირის მიმართ ლიკვიდაციისა და ჯარიმის ღონისძიებების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობა. ფიზიკური პირის მიმართ ეს არის შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

ამასთან, ბექა ფერაძემ საცალო-საბითუმო ვაჭრობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებით, მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა კი არ აიკრძალა, არამედ შეიზღუდა.

 

„რაც შეეხება საცალო-საბითუმო ვაჭრობას ზოგადად, როგორც იცით მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები, თუმცა ის შეზღუდვა, ხაზგასმით ვამბობ, შეზღუდვა არის და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდულია. შესაბამისად, გამონაკლისი არ არის არც საქართველო, ვინაიდან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოხდეს მსგავსი საქმიანობის შეზღუდვა. ხაზი გავუსვი, რომ ეს ხდება მთელი ევროპისა და განვითარებული ქვეყნების მასშტაბით, სადაც გაცილებით კარგად არის ორგანიზებული მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები და ყველგან არის შეზღუდული. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა, მათ შეუძლიათ, განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისი დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, მაგრამ არა უშუალოდ ადგილზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტები მკაცრად გაკონტროლდება.

 

„ჩვენი მხრიდან მიდგომა იქნება საკმაოდ მკაცრი ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედების მიმართ. აქ ეკონომიკური საქმიანობა კი არ არის რისკის შემცველი, არამედ ზოგადად ის ქმედებები, რაც ამ შემთხვევაში ხორციელდება და ის აქტივობები, რომელიც ფიტნესის პროცესში თან ახლავს. ამიტომ, ნებისმიერი მსგავსი პროცესი, სადაც იქნება დაფიქსირებული შრომის ინსპექციის მხრიდან, სხვადასხვა კოლეგა უწყებებთან ერთად, იქნება მკაცრად გაკონტროლებული და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები იქნება გატარებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner