„მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების განთავსება რეგიონში სტაბილურობის გარანტიას ვერ შექმნის“, – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გააკეთა. დიპლომატი ამბობს, რომ რეგიონში თურქეთის გააქტიურებაც დადებით ფაქტორად ვერ ჩაითვლება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– ბატონო მინისტრო, ინტერვიუს დავიწყებთ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნებით. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გამოაქვეყნა, რომელიც ისეთივე გზავნილებს შეიცავდა, როგორიც იყო ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთის პოზიცია არის ერთიანი, თუ მაინც ეჭვები არსებობს?
– დასავლეთი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში მეტ-ნაკლებად ერთიანია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არჩევნები წესებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა, თუმცა ჩვენც და სხვებმაც აღვნიშნეთ, რომ იყო ზოგიერთი ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ოპოზიციასთან ნორმალური და ღირსეული საუბარი აუცილებელია, რაც სამწუხაროდ, მუდამ პრობლემატურია საქართველოში, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენ ვერ უარვყოფთ ამ არჩევნებს და ვერ ვიტყვით, რომ ის არასწორად ჩატარდა. ახლა მნიშვნელოვანია წინსვლა და პრობლემების გადაჭრა, რადგან გადამწყვეტი პერიოდია დასავლეთთან ინტეგრაციისა და რეფორმების გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მდგრადობის შენარჩუნება და წინ წაწევა. საერთო ჯამში, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასება დასავლეთში მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. ლიეტუვა გამონაკლისი არ არის.
– მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს არ წყვეტენ. როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯს?
– ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. ეს მთლიანობაში ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია.
– ახლა შევეხოთ ჩვენს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს. გვაინტერესებს, თქვენი მოსაზრება საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე.
– მთიანი ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმების ერთადერთი პოზიტიური მხარე ცეცხლის შეწყვეტაა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ეს უნდა შეჩერებულიყო. კარგია, რომ ცეცხლის შეწყდა, თუმცა არ ვიცით, რამდენიმე ხნით. ცვლილებები არის, თუმცა კონფლიქტი არ გადაჭრილა. სწორედ ეს არის რუსეთის ტაქტიკა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, უფრო ხშირად ქმნის ახლა კონფლიქტებს და ამ გზით ცდილობს, სიტუაციაზე ზეგავლენა მოახდინოს. მთიანი ყარაბაღიც არ არის გამონაკლისი. რუსეთი მეტ ბერკეტსა და ძალაუფლებას იძენს. რუსეთი საკუთარ სამხედროებს აგზავნის ადგილზე. რა მნიშვნელობა აქვს, რას უწოდებს მათ, სამშვიდობოებს თუ სხვა რამეს. ამის გაკეთება მათ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ახლა სამხედროები უკვე ადგილზე არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, გაყინული კონფლიქტი გრძელდება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, სიტუაციის შეცვლა შეძლეს არა მინსკის ჯგუფმა, არა ევროკავშირმა, არამედ თურქეთმა და რუსეთმა.
– ანუ კავკასიაში არსებული სხვა კონფლიქტების გარეშემო სიტუაცია ასევე შეიძლება შეიცვალოს, თუ ამაზე თქვენს მიერ ნახსენები სახელმწიფოები, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდებიან?
– დიახ, ამის შესაძლებლობა არსებობს. კიდევ ერთი ასპექტი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება, არის დარტყმა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მიიღო. ფაშინიანი იყო საზოგადოების ლიდერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ვერც მე და ვერავინ სხვა ვერ იტყვის, რომ ფაშინიანი რუსეთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ იყო კომფორტული ლიდერი რუსეთისთვის. ასე რომ, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები უნდა იყოს გაკვეთილი ფაშინიანისა და ყველა სხვა პოპულარული ლიდერისთვის, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები შეიძლება, სხვაგანაც მოხდეს. რეალობას ვერ უარყოფ. იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტების მართვას თუ შეეცდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც რეალურად კონფლიქტებს კი არ აგვარებენ, არამედ ქმნიან მათ, ეს არ იქნება დადებითი მოვლენა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც უნდა გაითვალისწინონ. ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი, რადგან თუ ჩვენ დროულად არ ვიმოქმედებთ, მაშინ ამას სხვები გააკეთებენ. ეს კი უფრო პრობლემური საკითხი იქნება. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, სულ ცოტა ხანში ასევე ველოდები, რომ შეიძლება, გააქტიურდეს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი. ვგულისხმობ დნესტრისპირეთს. ეს მოხდება მოლდოვაში პროევროპული პრეზიდენტის არჩევის შემდეგ და ეს მაია სანდუსთვის, მოლდოველი ხალხისთვის იოლი არ იქნება. მხოლოდ ღმერთმა უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები.
– მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა დღეს?
– რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული მდგომაროება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია, მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილური სიტუაცია იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური ქცევა. სხვების დადანაშაულებას ყოველთვის ჯობია, ჯერ შენს თავს შეხედო. ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც საქართველო აკეთებს, მნიშვნელოვანია და ასე უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია კრიტიკაზე რეაგირება, ყველა ხარვეზიდან სწორი დასკვნის გამოტანა და გაკვეთილის სწავლა. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. პოლიტიკურად საქართველომ ძალიან ბევრი რამ მიიღო, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისია, ალიანსის წევრობის დაპირება, მხარდაჭერის არსებითი პაკეტი და ა.შ. ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და არა ობიექტური. არ არსებობს კონკრეტული ამოცანები, რასაც შეასრულებ და ავტომატურად ნატო-ში მიგიღებენ. ასე არ ხდება. შეიძლება, ყველაფერი შეასრულო, მაგრამ მაინც არ მიგიღონ. საქართველო უნდა მოემაზდოს. ცხადია, საზღვრებზე პრობლემები პოზიტიური არ არის. არც ისაა პოზიტიური, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. არც გაყინული კონფლიქტების არსებობაა დადებითი, მაგრამ ამის გამო საქართველომ უკან არ უნდა დაიხიოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებულია, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, ნატო-სკენ გზა უნდა განაგრძოს და გაწევრიანების დრო აუცილებლად მოვა. როდესაც ეს დრო დადგება, მაშინ საქართველო უნდა იყოს მზად.
– და ბოლოს, გკითხავთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე. თქვენი აზრით, ხომ არ არის დრო, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირის უფრო მეტ ინსტიტუტში მოხდეს?
– ზოგადად მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად მეტი უნდა გავაკეთოთ. საქართველოსა და თქვენს რეგიონში ევროკავშირი უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ნატო კი უნდა იყოს წარმოდგენილი შავ ზღვაში. ამის გაკეთება აუცილებელია. ეს შექმნის სხვაგვარ ვითარებას, რადგან რაც ვნახეთ მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენების სახით, ნამდვილად შემაშფოთებელია. ამიტომ საჭიროა საქართველოსთან მეტი თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავება. ლიეტუვა მუდამ უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს.