„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მიხეილ სარჯველაძე „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გაგრძელდება, თუმცა ეს არ იქნება ოპოზიციის განცხადებებით ნაკარნახევი.
„კონკრეტული შეთანხმების საგანი რა შეიძლება იყოს, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ჩვენი ხელისუფლება პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში და საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. თუმცა, ეს არ იქნება კონკრეტულად შინაარსი, რომელიც უკარნახა მმართველ პარტიას რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.
ჯაფარიძის თქმით, ამისთვის უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჩატარდება ისე, როგორც ამაზე პარტიები შეთანხმდნენ.