„არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია“, – ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„NATO-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა არის NATO-ს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა. ეს კი თავისთავად მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებას. მათ შორის, საქართველოსთან. საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია და ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კარგია NATO-სთვისაც, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებით ეხება ავღანეთის მისიას, რომელშიც დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო უკვე წლებია მონაწილეობს. ალიანსი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს შავ ზღვაში. ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში. მათ შორის, სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე, ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. NATO უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ NATO-ს ტრეინინგცენტრს თბილისთან ახლოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, განიხილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები და საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა.
ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალინდელი შეხვედრაზე ასევე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დამატებით შეუძლია რუსეთის სამხედრო გააქტიურების საპასუხოდ და შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის შესანარჩუნებლად.