2020 წლის პოსტარჩევნების პოლიტიკური სურათი ასეთია – არჩევნების გაყალბების მოტივით ქუჩაში გასული ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით დაიმედებული ხელისუფლება, რომელსაც ერთპარტიულ რეჟიმში მოუწევს პარლამენტში კანონების მიღება. რეალურად რა პოლიტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს პროცესები, ამის შესახებ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს:
– პროფესიით ფსიქოლოგი გახლავართ და სოციოლოგიას მეტ-ნაკლებად ვენდობი, მაგრამ მაშინაც, როცა დამკვეთი ოპოზიციური ორგანიზაცია იყო, თითქმის იგივე შედეგი მივიღეთ, რაც არჩევნების შემდგომ დაიდო. ამიტომ მეეჭვება, არჩევნების შედეგები გაყალბებული იყოს!
– მაშინ, რა პოლიტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე?
– აქ ძირითადი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია! ოპოზიცია პარლამენტში რომ შევიდეს და ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება დაიწყოს, მომავალი არჩევნები მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაიმართება და ამ 4 წელიწადში რა უნდა აკეთოს სააკაშვილმა? ამბობენ, უკრაინაშიც ცუდად აქვს საქმეო და იქიდან სად უნდა წავიდეს?! როგორ შეინარჩუნოს პოლიტიკური აქტივობა? მას საქართველო სჭირდება, სადაც რევოლუციის გარეშე ვერ ჩამოვა. რევოლუცია რომ მოხდეს, ამისთვის კი ქუჩაში გასვლა და აქციებია საჭირო.
– გამოდის, „ნაციონალებთან“ ერთად მთელი ოპოზიცია სააკაშვილზე მუშაობს?
–სხვანაირად სრულიად გაუგებარია, რატომ არ შედიან პარლამენტში. დამოუკიდებლები რომ არ არიან, ნათელია. ხან ნათელაშვილის ეზოში იკრიბებიან, ხან „ლელოს“ ოფისში. ერთმანეთს ხელს ვერ უშვებენ. ძნელი სათქმელია, რითი არიან სააკაშვილზე დამოკიდებულნი – ფულით თუ კომპრომატებით? ფაქტია, ეს ყველაფერი სწორედ სააკაშვილის ინტერესებში შედის. მისი ამოცანაა, პარლამენტი არ შედგეს, ხელისუფლება კრიზისში მოექცეს და ამას რევოლუციური პროცესები მოჰყვეს, თუმცა, სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ დღეს ქვეყანაში რევოლუციური განწყობა არ არის.
– ანუ ქუჩაში გასული ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციას გამორიცხავთ?
– 2003 წელს, როცა რევოლუცია მოხდა და შევარდნაძე წავიდა, სულ სხვა ვითარება იყო ბუშს სჭირდებოდა „ხავერდოვანი რევოლუციების“ სერია და „ვარდების რევოლუციაც“ სწორედ ამ იდეის ეგიდით მოხდა. სააკაშვილს მაშინ მთელი დასავლეთი ეხმარებოდა. დღეს დასავლეთმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა! არის კიდევ ერთი დამაფიქრებელი გარემოება – რუსეთის პოზიცია. თუ საქართველოში მხარეები ერთმანეთს დაეტაკებიან და ვერავინ გააშველებს, შესაძლოა, ამით რუსეთმა ისარგებლოს და მშვიდობის დამყარება გადაწყვიტოს.
– ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ პროცესებში რუსეთის ხელიც ერიოს? სხვათაშორის რამდენიმე თვის წინათ ხაზგასმით აღნიშნეთ ჩვენთან საუბარში – სააკაშვილი რუსეთის კაციაო!
– „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული ვიძახი ამას, მაგრამ ვინ არის გამგონი? „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილეობდა როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მხარე, თუმცა, 22 ნოემბერს საქართველოში ივანოვი ჩამოვიდა! მიხეილ სააკაშვილს მოხდილი აქვს სამხედრო სამსახური უკრაინაში სასაზღვრო ჯარების პროფილით. მოგეხსენებათ, ეს კაგებეს ჯარია. ბიძა ჰყავს კაგებეს პოლკოვნიკი. სხვათაშორის ეს ის ბიძაა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმდენად აქტიური იყო, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომებს ესწრებოდა.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩამოიყვანეს რუსეთიდან ცხონებული კახა ბენდუქიძე, რომელმაც ნახევარი საქართველო რუსეთს მიჰყიდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს რუსეთთან ომში საქართველო 5 დღეში დაამარცხა – რუსეთს დარჩა ამერიკული შეიარაღება და საქართველოს ტერიტორიების 20 პრცენტი, სააკაშვილის ხელისუფლებამ გადასცა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები. მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ იფიქრო, რუსეთზე მუშაობს?! უშუალოდ ხელფასიანი აგენტი არის თუ არა, ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ მისი მოღვაწეობა რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი მოვლენა იყო, ეს ფაქტია. სააკაშვილი ხელს უწყობდა საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას!
– ამას იმ სააკაშვილზე ამბობთ, რუსეთის გინების მეტს რომ არაფერს აკეთებს?
– ეს ჯერ კიდევ საკითხავია, პუტინის გინება ანტირუსული თუ პრორუსული ნაბიჯია! წესით, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინს ლილიპუტს ეძახდა, ასეთი დაპირისპირების ფონზე რუსეთიდან საქართველოში ინვესტიციები არ უნდა წამოსულიყო. მაგათთვის ლანძღვა არის ძირითადი არგუმენტი იმისა, რომ რუსეთს უპირისპირდები, თორემ საქმით რას იზამ, საინტერესო აღარ არის. ეს სტილი შემოიტანა და დაამკვიდრა სააკაშვილმა. შევარდნაძე, რომლის გადაგდებაც რუსეთს ძალიან უნდოდა, არასოდეს ლანძღავდა რუსეთს, მაგრამ ნავთობსადენი გაიყვანა. სხვათა შორის, ელცინი შეპირდა შევარდნაძეს, ინანებ ამასო და ნავთობსადენის გაყვანიდან ერთ კვირაში მოუწყვეს ტერაქტი. თუ ყოფილი კაგებე არ არსებობს, ე.ი. ის პედალირება დაუმორჩილებლობაზე, რომელსაც თემურ ალასანია აკეთებს, მარტო მისი და სააკაშვილის ინტერესი არ უნდა იყოს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რომც არ იდგეს დირიჟორის პულტთან, ერთადერთი, ვინც საქართველოში შექმნილ არეულობას გამოიყენებს, რუსეთი იქნება!
– ოპოზიცია ისევე, როგორც ხელისუფლება საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულია...
– როდესაც ქუჩას ირჩევ და არ არის ის მუხტი, მასშტაბი, რაც რევოლუციას სჭირდება, ყოველთვის ოფიციალური ხელისუფლება რჩება მოგებული. ვინც ხელისუფლებას ერთპარტიულობისთვის უსაყვედურებს, მიმდინარე შეფასებებს დაუდებს წინ. ვერავინ მოსთხოვს პასუხს, ერთპარტიული რატომ ხართო, მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება!
როდესაც უგულავასა და ოქრუაშვილის ციხეში ყოფნას დასავლეთიდან მწარე რეაქცია მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა განაცხადეს, მართალია, ეს გადაწყვეტილება სწორედ არ მიგვაჩნია, მაგრამ დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს ვუწევთ და მათ შეწყალების მექანიზმით ვათავისუფლებთო. ანალოგიური რიტორიკით შეიძლება, ოპოზიციაც შევიდეს პარლამენტში, მაგრამ არ აკეთებს ამას.
– რატომ?
– ისევ სააკაშვილი – მიშას უნდა „კრიშა“ ჩემი რჩევაა, მოეჭიდონ ამ მიზეზს და შევიდნენ პარლამენტში. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ნაციონალები მინდა, ვიხილო პარლამენტში, უბრალოდ, სხვაგვარი ქმედებით. პირველ რიგში, ქვეყანა რჩება წაგებული! როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, ჭკუით, ქართველებო!
ნატო ფოცხიშვილი