„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენცია დღეს გამართეს და განაცხადეს, რომ სასწავლო წელი, შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლების სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჭირო რაოდენობის სტატისტიკაც არ აქვს.
აღნიშნულ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა და აღნიშნულს არასწორი ინფორმაცია უწოდა.
„არასწორი ინფორმაციაა, როგორც ხშირად ხდება. დაახლოებით 3 თვეა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, 83 ქართული მომწოდებელი კომპანია იყო ჩართული ამ პროცესში, 15 სექტემბრისთვის ეს პროცესი სრულად იქნება დამთავრებული. ის ბავშვები, ვისაც შეგვიძლია, ძველი წიგნებიდან ვარგისი კომპლექტები შევახვედროთ, მიიღებენ ძველ, მაგრამ კარგად შენახულ წიგნებს, ახლები მიიღებენ ახალდაბეჭდილს", - განაცხადა ალექსანდე ჯეჯელავამ.