logo_geo
eng_logo
ნოდარ ხორბალაძე: გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ პირდაპირ მითხრა: საზღვრები არაა ჩემი პრიორიტეტი, არ მაინტერესებსო!
- +

1 დეკემბერი. 2020. 02:16

 

 

 

1936–37 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის შინსახკომის რუკა არის ერთადერთი სრულფასოვანი რუკა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძის განცხადებით, ასახავს 1938 წლის მდგომარეობას და ეს ერთადერთი რუკაა, სადაც საზღვარი ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მომგებიანია. როგორც ვიცე–პოლკოვნიკი ამბობს, დელიმიტაციის პროცესში ამ რუკის იგნორირება არის დანაშაული.

 

 

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოდარ ხორბალაძესთან.

 

 

- დავით გარეჯთან და ზოგადად, საქართველოაზერბაიჯანის საზღვრის საკითხებში, იურიდიულად ორმხრივად შეთანხმებული რამდენი ტიპის რუკა არსებობს?

 

 

ნოდარ ხორბალაძე: ამ კითხვასთან დაკავშირებით მექნება მცირედი კორექტირება, კერძოდ, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის თვალსაზრისით არსებობს სამი ძირითადი იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება, რომლებთანაც ლოგიკურად არის დაკავშირებული შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა.

 

 

პირველი იურიდიული ძალის დოკუმენტი არის 1920 წლის 12 ივნისის აღსტაფის საზავო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. ამ ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს 1915 წელს გამოცემული 5-ვერსიანი რუკა, ამ ხელშეკრულებისა და რუკის მიხედვით, არა მარტო დავით გარეჯი, მთელი ყარაიაზის ველი და ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაშია.

მეორე იურიდიული დოკუმენტი არის 1938 წლის 5-7 მარტის შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის, რომლის თანახმადაც რესპუბლიკებს შორის საზღვრებს ხელი მოეწერა 1:500 000 მასშტაბის რუკაზე.

 

 

მესამე ეს არის 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიებს შორის, რომლითაც განისაზღვრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო გამყოფ ხაზად მიღებული იქნეს 1938 წლის მდგომარეობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1938 წლის შეთანხმება მოხდა 1:500 000 მასშტაბის რუკაზე, რომლის დედანიც ქართულ მხარეს რატომღაც არ გააჩნია. ერთადერთი მასალა, რომელიც ქართულ მხარეს 1938 წლის შეთანხმების დასტურად აქვს, არის 1:500 000 მასშტაბის რუკიდან ხელით შედგენილი „ამონახაზი“, რომელის მიხედვითაც შეუძლებელია კარტოგრაფიული ანალიზის ჩატარება.

რა თქმა უნდა, დგას საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული „ამონახაზის“ გაანალიზება-გაშიფვრა. ამისათვის არსებობს კარტოგრაფიულ მეცნიერებაში საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ანალიზისათვის, პირველ რიგში, გამოყენებულ უნდა იქნეს ის კარტოგრაფიული მასალა, რომლის საფუძველზეც შედგენილია ზემოთ ხსენებული 1:500 000 მასშტაბის რუკა. შესაბამისად, ეს არის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც ყველაზე ზუსტად ასახავს 1938 წლის მდგომარეობას ნებისმიერ სხვა კარტოგრაფიულ მასალასთან შედარებით.

გარდა ამისა, ამ რუკის სამართლებრივ მნიშვნელობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ 1936 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით დაიშალა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებელ რესპუბლიკებად შევიდნენ. ამის შემდეგ გამოიცა ზემოთ აღნიშნული 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომელზე დატანილი საზღვრებიც კონსტიტუციითაა გამყარებული.

 

 

- ბატონო ნოდარ, რატომ ვამბობთ, რომ საქართველოაზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 1:200 000 მასშტაბის რუკას, რომელიც 19363738 წლებში დაიბეჭდა და გამოიცა?

 

 

– შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა არის ერთადერთი სრულფასოვანი და ყველაზე მსხვილმასშტაბიანი რუკა, რომელიც ასახავს 1938 წლის მდგომარეობას. ეს რუკა არის საფუძველი იმ პერიოდში შექმნილი ყველა შედარებით წვრილმასშტაბიანი ანუ 1:500 000 მასშტაბის რუკისა, რაც ზოგადად, რუკათშექმნის კარტოგრაფიულ მეთოდს წარმოადგენს. გარდა ამისა, არაერთი იურიდიული დოკუმენტი მიუთითებს, რომ 1:200 000 რუკა არის ძალზე მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული დოკუმენტი. მაგალითად: არსებობს 1938 წლის 21 თებერვლის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ს. გოგლიძის წერილი აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნისადმი, სადაც ითხოვს რუკების შესწორებას 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში გამოცემულ 1:500 000 მასშტაბის რუკებზე პირდაპირაა მითითებული, რომ ისინი შედგენილია 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1:200 000 მასშტაბის რუკები გამოცემულია საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რომელმაც განაპირობა ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა და კონსტიტუციით გამყარებული რესპუბლიკათა საზღვრები დატანილ იქნა აღნიშნულ რუკაზე. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა ერთადერთი რუკაა, სადაც საზღვარი ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მომგებიანად არის დატანილი, ამიტომ ამ რუკის იგნორირება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.

 

 

- ივერი მელაშვილმა დაპატიმრებამდე გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში აღნიშნა, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკას საწყის ეტაპზე კომისიის მიერ ჩაუტარდა ანალიზი და ვციტირებ მის სიტყვებს თვითონ ამ სისტემას, მიუფლინგის სისტემას გააჩნია თავისი, ასე ვთქვათ, ცდომილებები, სხვა, მერე, შემდგომ წლებში კოორდინატთა სისტემის მიმართებაში და ამბობს არ გამოდგა იმიტომ, რომ თუ შევადარებთ ამ რუკას სხვა წლების გამოცემის რუკებს, ნებისმიერს, თუნდაც მაშინდელს, დავრწმუნდებით, რომ ერთი და იგივე რუკის ელემენტი, როგორიც არის მაგალითად გეოდეზური პუნქტი, ან რკინიგზა, ხიდი, გზია, ხრამი, მდინარე არ ემთხვევა, ანუ ცდომილება არის დაახლოებით 240300 მეტრი, ხან მეტი. ბატონო ნოდარ, რას იტყვით ამის შესახებ?

 

 

– ბატონი ივერი მელაშვილი იმაშიც კი ვერ ერკვევა, რომ არსებობს არა „მიუფლინგის სისტემა“ არამედ „მიუფლინგის პროექცია“, რომელიც სწორკუთხა მრავალწახნაგა პროექციაა და იგი თავის დროზე შეიქმნა მათემატიკურ საფუძვლად მსხვილმასშტაბიანი ანუ დეტალური რუკებისათვის. აღნიშნულ პროექციას მაღალი სიზუსტის მათემატიკური პარამეტრები გააჩნია. გარდა ამისა, 1937-38 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი სიზუსტის განმსაზღვრელი მათემატიკური ელემენტი. ეს არის გაუს-კრიუგერის სწორკუთხა კოორდინატთა ბადე, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირში მთელი შემდგომი პერიოდის მანძილზე სახელმწიფო დანიშნულების ტოპოგრაფიული რუკებისათვის და ეს ფაქტორი სრულიად გამორიცხავს მიუფლინგის პროექციის უზუსტობას.

რაც შეეხება იმას, რომ კომისიამ შეისწავლა და მიიჩნია, რომ ეს რუკა არის ცუდი და არ გამოდგება, ეს არის სრული აბსურდის თეატრი. თუკი კომისიამ მართლაც შეისწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული კარტოგრაფიული დოკუმენტი არ არის ვარგისი სადელიმიტაციო სამუშაოებისათვის, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი და პროფესიონალური დასაბუთება კომისიის ოქმში, მაგრამ მსგავსი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რასაც ბატონი ივერი ბრძანებს, ეს არის მტკნარი სიცრუე. რაც შეეხება რუკის ცდომილებას, ამ რუკას მხოლოდ და მხოლოდ ის ცდომილება გააჩნია, რაც არის დასაშვები ცდომილება ამ მასშტაბის რუკებისათვის. ნებისმიერ რუკას გააჩნია თავისი დასაშვები ცდომილება, რაც ყველა სპეციალისტისათვის კარგად არის ცნობილი.

 

 

უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ 1937-38 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის რუკაზე ვმუშაობდით, ყველა მნიშვნელოვანი წერტილი, მაგალითად: მწვერვალი უდაბნო, გეოდეზიური პუნქტები, რკინიგზის ხაზი, თითქმის იდეალურად ემთხვევა შემდეგი პერიოდის ტოპოგრაფიულ რუკებს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ იყო რაღაც ცდომილება, რომლის გამოც მოხდა ამ რუკის უვარგისად მიჩნევა, არის სრული აბსურდი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თუ რომელიმე რუკა „უვარგისია“, ამას სჭირდება პროფესიონალური დასაბუთება, რისი შესაბამისი კვალიფიკაციაც ი. მელაშვილს ნამდვილად არ გააჩნია.

 

 

- რის საფუძველზე ამბობს დაკავებული მელაშვილი, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა არის ცუდი?

 

 

– იური მელაშვილის არგუმენტი 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობის შესახებ აბსოლუტურად გაუგებარია. მისი მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ მოკლებულია ყოველგვარ პროფესიონალურ და ლოგიკურ არგუმენტაციას. როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი მთავარი არგუმენტი ე. წ. „მიუფლინგის სისტემის“ ცდომილებები არის. საქართველოში მოღვაწე ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მიუფლინგის პროექციას გააჩნია მაღალი სიზუსტის მათემატიკური პარამეტრები, რაც სრულიად საკმარისია 1:200 000 მასშტაბზე უფრო მსხვილი მასშტაბის რუკებისათვისაც. ამ სახეობის ანუ მრავალწახნაგა პროექციებს დღემდე იყენებს გერმანია, რომელსაც გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში მსოფლიოში დღემდე წამყვანი პოზიცია უჭირავს.

 

 

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, კარტოგრაფიული მასალის ანალიზისას, კოორდინატთა სისტემებზე და კარტოგრაფიულ პროექციებზე აპელირება არასწორი და კარტოგრაფიულად გაუმართლებელია, რადგან ასეთ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც კოორდინატთა სისტემებს და არც კარტოგრაფიულ პროექციას. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია რუკაზე დატანილი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება, რაც სხვადასხვა რუკების შედარებისას კარტოგრაფიული ანალიზისათვის მთავარი წინაპირობაა.

 

 

- თქვენს არგუმენტების საპირისპიროდ რა პოზიცია ჰქონდა მელაშვილს?

 

 

– მელაშვილის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ყოველთვის საპირისპირო იყო. მთელი ამ ხნის მანძილზე მას არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია არ წამოუყენებია, მხოლოდ ამბობდა, რომ დილეტანტები ვიყავით ყველა, ვინც მის აზრს არ ვეთანხმებოდით. მინდა ერთხელ კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ადამიანი არ არის სპეციალობით კარტოგრაფი და უმარტივეს კარტოგრაფიულ ნიუანსებშიც ვერ ერკვევა.

 

 

-ბატონო ნოდარ, არ დაუსვით კითხვა, რატომ მალავდნენ 1:200 000 რუკას?

 

 

– თავდაპირველად ჩვენ, კომისიას ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია 1:200 000 მასშტაბის რუკასთან მიმართებაში და პირადად ი. მელაშვილს რა დამოკიდებულება ჰქონდა. ძიების პროცესში ვერ მოვიპოვეთ რუკის ერთი ფურცელი (K-38-XXII), რომელზეც ხვდება დავითგარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენს კითხვაზე: ხომ არ ჰქონდათ კომისიაში აღნიშნული რუკის ფურცელი, უარი მივიღეთ. შემდეგ, როდესაც მაშინდელი პრემიერმინისტრის ი. ღარიბაშვილის დავალებით შესაძლებელი გახდა აღნიშნული რუკის მოძიება, ი. მელაშვილმა დაიწყო საუბარი, რომ ამ რუკის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული და იგი უვარგის მასალას წარმოადგენდა. უფრო მეტს გეტყვით – კომისიის სამუშაო მასალა, მაგალითად: კომისიათა შეხვედრის პროტოკოლები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყო და პირველად 2019 წლის ნოემბერში გადმოგვცეს. მანამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, უშდეგოდ ვითხოვდით დოკუმენტების ჩვენებას.

 

 

-რა წინააღმდეგობებს ხვდებოდით ამ კომისიაში, როგორც მელაშვილისგან, ასევე ილიჩოვასგან და როდის დაიწყო წინააღმდეგობა?

 

 

– წინააღმდეგობა დაიწყო 1:200 000 მასშტაბის რუკის გამოჩენის შემდეგ. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ამ რუკის ერთი ფურცელი (K-38-XXII) თავდაპირველად ვერ მოვიძიეთ და იგი საეჭვოდ იყო გამქრალი ყველა არქივიდან. რუკის მოძიების შემდეგ სისტემატურად მიმდინარეობდა საწინააღმდეგო აზრის მტკიცება შემდეგი არგუმენტებით: თითქოს 1:200 000 რუკას გააჩნდა არასაკმარისი სიზუსტე, შეგნებულად მახინჯდებოდა რუკის შედგენისა და გამოცემის თარიღი და 1937-38 წლების ნაცვლად, აქცენტი კეთდებოდა 1932-33 წლებზე, თითქოს არსებობდა საშიშროება, რომ აზერბაიჯანული მხარე მოითხოვდა 1929 წლის შეთანხმებაზე გადასვლას და ა. შ. უნდა მოგახსენოთ, რომ ყველა მათი არგუმენტი იყო აზრს მოკლებული პროფესიონალური თვალსაზრისით და სავარაუდოდ, კომისიის დანარჩენი წევრების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

 

 

-ბატონო ნოდარ, ხომ არ გინახავთ გიორგი თარგამაძის დროება, სადაც გეონფორმაციული სისტემების სპეციალისტი ირაკლი უგულავა საველე სამუშაოსა და კარტოგრაფიულ მასალის ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ 193738 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, კერძოდ, Google.Mapის რუკას. როგორია ამ საკითხზე თქვენი პასუხი, პოზიცია და რას უპასუხებთ ირაკლი უგულავას?

 

 

– აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება რომ არასწორია, ამის დასამტკიცებლად რამდენიმე არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ: საკითხი ეხება 1996 წელს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიისა და თავად ი. მელაშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგადაც თითქოს უვარგისად იქნა მიჩნეული 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა. 1996 წელს კვლევას ვერანაირად ვერ ჩაატარებდნენ იგივე მეთოდით, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ი. უგულავას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით ვერანაირად ვერ დამტკიცდება ი. მელაშვილის მიერ 1996 წელს განხორციელებული ქმედების სისწორე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს 1996 წელს კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან კომისიის არც ერთ დოკუმენტში ამის შესახებ არაფერი არ არის აღნიშნული. ამიტომ, სავარაუდოა, რომ აღნიშნული კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა.

 

 

ირაკლი უგულავას, როგორც დარგის სპეციალისტს, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დაახლოებით 80 წელზე მეტი ხნის წინათ შედგენილი და დაბეჭდილი რუკის შედარება თანამედროვე Google.Map-ის რუკასთან და ის ცდომილება (510 მ.) რაც ექსპერიმენტის დროს გამოიკვეთა, სულაც არ მიანიშნებს 1:200 000 მასშტაბის რუკის უზუსტობაზე, რადგან ადგილზე 500 მ. რუკაზე 2,5 მმ-ს შეესაბამება და ეს სიდიდე სრულიად მისაღებია კარტოგრაფიული სიზუსტის თვალსაზრისით ასეთი შედარებისას. უნდა აღინიშნოს, რომ Google.Map-ის რუკასთან ცდომილება, მასშტაბის შესაბამისად, გააჩნია როგორც საბჭოთა, ისე მის შემდგომ პერიოდში შედგენილ ნებისმიერ ტოპოგრაფიულ რუკას. გარდა ამისა, ექსპერიმენტის დროს აღებული ობიექტი (რკინიგზის ხიდი მდ. იორზე სოფ. სართიჭალასთან) არანაირ შეხებაში არ არის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და უმჯობესი იქნებოდა შედარებისათვის საზღვრის გასწვრივ აეღოთ კვლევის ობიექტი.

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პერიოდში გამოცემული ერთი და იგივე მასშტაბის რუკები ერთმანეთთან შედარებისას, შესაძლებელია, იძლეოდეს გარკვეულ განსხვავებას, რაც სავსებით ლოგიკური და დასაშვებია და ეს არანაირად არ მიუთითებს რომელიმე მათგანის უზუსტობასა და უვარგისობაზე. იდენტური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იგივე მასშტაბისა და გამოცემის რუკები. კარტოგრაფიული ანალიზისათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელობა აქვს რუკაზე ობიექტთა ურთიერთგანლაგებას, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დარღვეული სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა პროექციით შედგენილი რუკების შემთხვევაშიც კი. აქედან გამომდინარე, 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკაზე ყველაზე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საზღვარი გადის არა გარეჯის თხემზე და უდაბნოს მწვერვალზე, არამედ ამ გეოგრაფიული ობიექტების სამხრეთით აზერბაიჯანის მხარეს.

 

 

-რატომ გააკეთეს?

 

 

– კარტოგრაფიული თვალსაზრისით ეს არის პროფესიული უვიცობა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ვიღაცას რაღაც სხვა ინტერესი გააჩნია.

 

 

-რა არის ეს ინტერესი? მელაშვილიილიჩოვას მიერ ჩადენილი დანაშაულის ამ მეთოდებით გადაფარვა და საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ თქვენ მიზანმიმართულად არასწორად წაიყვანეთ ეს საქმე და, რომ აქ დიდი დოზით ჩართულია პოლიტიკა, ვიდრე სამართალი?

 

 

– ზუსტად ვერ გეტყვით, რა ინტერესი შეიძლება იყოს. ეს ყველა შემთხვევაში გამოძიების პრეროგატივაა. ფაქტია, რომ გადაცემა „დროებაში“ ჩატარებული ექსპერიმენტი პროფესიონალური თვალსაზრისით გაუმართლებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება ამის დამტკიცება თუნდაც პირდაპირი ეთერის საშუალებით.

 

 

-დავუბრუნდეთ გასულ წლებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავითგარეჯის თემა გაცოცხლდა, მაგრამ პრემიერმინისტრის ცვლილების შემდეგ თემაც გაჩერდა, კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილის პერიოდს ვგულისხმობ. წლების ამ მონაკვეთში რა წინააღმდეგობებს აწყდებოდით და რატომ იყო ეს თემა ტაბუდადებული? ფაქტია, რომ მხოლოდ დავითგარეჯში მოღვაწე ბერების დონეზე ისმოდა პროტესტი, მაგრამ რეაქცია იყო ნული. სამაგიეროდ, ამ პერიოდში აქტიურობს აზერბაიჯანი და ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას...

 

 

– 2015 წლის შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეიცვალა, ეს თემა საეჭვოდ შეჩერდა. დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შეკრებები იშვიათად იმართებოდა, დაახლოებით წელიწადში ერთხელ და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი საუბრებით. ყოველი სხდომის დასაწყისში სიტყვით გამოდიოდა ივერი მელაშვილი, რომელიც საზღვრების მდგომარეობის შესახებ ზოგად ინფორმაციას აცნობდა კომისიის დანარჩენ წევრებს. 2019 წლამდე კომისიის ყველა ხელმძღვანელს ივერი მელაშვილი რატომღაც კომისიის ყველაზე მცოდნე და შეუცვლელ წევრად მიაჩნდა.

 

 

სინამდვილეში ამ ადამიანს არ გააჩნდა შესაბამისი პროფესიული ცოდნა და რეალურად არასწორი გზით წაიყვანა საზღვრის დელიმიტაციის საქმე. ი. მელაშვილისთვის მიუღებელი იყო კომისიის წევრების მხრიდან რაიმე კითხვის დასმა, რაზეც მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. მის მხარდამჭერად გვევლინებოდნენ კომისიის ზოგიერთი ხელმძღვანელიც. შემიძლია ერთი მაგალითი გავიხსენო: კომისიის ერთ–ერთ სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ჯალაღანიამ დესტრუქციულ ქმედებაში დამდო ბრალი, რაზეც ვუპასუხე: „ბატონო დავით, აზერბაიჯანელების თანდასწრებით ხომ არ ვიქცევი დესტრუქციულად, ჩვენ აქ ვკამათობთ არსებულ სიტუაციაზე, რომლის ირგვლივაც მე მაქვს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებ, ეს დესტრუქციაა?“. სხვათა შორის, არსებობს კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ „თუ ქართული მხარე 1938 წლის რუკის მიხედვით მოითხოვს სადავო ტერიტორიებს, ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი დაკარგავს 6 500 ჰექტარს“.

 

 

-დავაზუსტოთ, ეს არის კომისიის თავმჯდომარის ბატონი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით დაწერილი დოკუმენტი?

 

 

– დიახ. როდესაც აღნიშნული დოკუმენტი გამოჩნდა, მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო აღნიშნული გამოთვლების წარმოება. აქედან გამომდინარე, კომისიისათვის ცნობილი იყო ამ რუკის შესახებ და გამოყენებულიც ჰქონდათ ზემოთ აღნიშნული მონაცემის მისაღებად, მაგრამ შემდეგ რატომღაც აღარ აწყობდათ მისი გამოჩენა. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა იმ მიმართულებით, რომ როგორმე დაემტკიცებინათ, 1:200 000 მასშტაბიანი რუკის უვარგისობა. ცდილობდნენ მოენახათ ავტორიტეტული კარტოგრაფი, ვინც შეძლებდა ჩვენთვის საწინააღმდეგო არგუმენტაციის პროფესიულად ჩამოყალიბებას. ამ მიზნით დაუკავშირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ თენგიზ გორდეზიანს, რომლისგანაც მიიღეს პასუხი, რომ „აღნიშნულ თემაზე მუშაობენ ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე და მათ მიმართეთო“.

 

 

-ვინ მივიდა თენგიზ გორდეზიანთან?

 

 

– ბატონი მალხაზ მიქელაძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ჩვენი ინფორმაციით ამჟამად იგი უწევს კოორდინირებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატების პროტესტს. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, წინააღმდეგობები გრძელდებოდა თავდაცვის სამინისტროში.

 

 

-რაში გამოიხატებოდა წინააღმდეგობა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან? ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ამ საქმემ სამი პრემიერის ხელში გაიარა და შესაბამისად, იცვლებოდნენ თავდაცვის მინისტრებიც...

 

 

– როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საქმე შეჩერდა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დროს. ამ პერიოდში საზღვრების თემაზე სამი საათის განმავლობაში დეტალურად ვესაუბრე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშელს. ამ შეხვედრას ესწრებოდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. აღნიშნული თემა აგრეთვე გავლილი მაქვს მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ანა დოლიძესთან. სწორედ ამის შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე სათავეში ჩაუდგა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

-ბროლა რაში გამოიხატებოდა?

 

 

– მუდმივად ხდებოდა ჩემი სამსახურის დაკნინება, რაც გამოიხატებოდა სამსახურის ორგანიზაციულ დაქვეითებაში. თავდაპირველად არსებობდა ტოპოგრაფიული სამმართველო, რომელიც შემდეგ გააერთიანეს უზრუნველყოფის ცენტრში, სადაც აგრეთვე შედიოდა რაგბის გუნდი, საკომენდანტო სამმართველო და სანტექნიკით უზრუნველყოფის სამსახური. ტოპოგრაფიულ სამმართველოს არანაირი პროფესიული შემხებლობა არ გააჩნდა აღნიშნულ სამსახურებთან, მაგრამ ეს ხდებოდა მიზანმიმართულად და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიზანი იყო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობიდან ჩემი ამოღება. ერთ-ერთი შეხვედრის დროს პირდაპირ მითხრა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ: „საზღვრები არ არის ჩემი პრიორიტეტი, არ მაინტერესებს!“ წარმოიდგინეთ, რომ ამას ამბობს უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირი.

 

 

-რატომ გითხრათ ეს გენერალმა, რა იყო ამ საუბრის წინაპირობა?

 

 

– სამსახურებრივად ვალდებული ვიყავი, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩამეყენებინა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობასთან და ზოგადად, საზღვრებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროში საგარეო საქმეთა სამინისტროდან იგზავნებოდა წერილები, რომლებშიც მოთხოვნილი იყო გარკვეული შინაარსისა და მოცულობის კარტოგრაფიული სამუშაოების ჩატარება და ანალიზი. აღნიშნულ წერილებზე აუცილებელი იყო არგუმენტირებული პასუხების მომზადება, რაც საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმეს წარმოადგენდა.

 

 

საპასუხო წერილების გაგზავნას გარკვეული სირთულე ახლდა თან. წერილი ადვილად გაიგზავნებოდა, თუ ჩემი სამსახურიდან იქნებოდა მარტივი შინაარსის პასუხი, რაც იმას გულისხმობდა, რომ შენიშვნები და წინადადებები არ გვქონდა. არგუმენტირებული პასუხის შემთხვევაში კი, წერილის გაგზავნა გაურკვეველი მიზეზით იბლოკებოდა. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც იძულებული გავხდი მიმემართა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის, რომელმაც უზრუნველყო საპასუხო წერილების გაგზავნა.

 

 

-ამ დიალოგში გითხრათ გენერალმა კაპანაძემ ფრაზა აზერბაიჯანელებს გინებას ხომ არ დავუწყებო?

 

 

– ორჯერ აქვს ეს ფრაზა ნათქვამი. ერთხელ პირადად მითხრა, „რა გინდა, აზერბაიჯანელებს გინებას ხომ არ დავუწყებ, მე არ მაინტერესებს საზღვრები“. გენერალი კაპანაძე კოორდინაციას უწევდა ჩემს წინააღმდეგ შექმნილ ჯგუფს, რომელიც საბოტაჟის გზით მოქმედებდა. ამ ჯგუფში გაერთიანებული იყო როგორც ჩემი სამსახურის ასევე გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ ჩრდილი მიეყენებინათ სამსახურისთვის და პირადად ჩემთვის. მინდა მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბატონი დავით ებრალიძე. ეს არის უჭკვიანესი და უაღრესად პატრიოტი ადამიანი, რომლის მხარდაჭერამ ნამდვილად დიდი დახმარება გაუწია ტოპოგრაფიულ სამსახურს.

 

 

-არ გიცდიათ პრემიერ კვირიკაშვილთან კომუნიკაცია?

 

 

– ვერაფრით ვერ მექნებოდა კომუნიკაცია, რადგან მოგეხსენებათ, რომ არსებობს სამსახურებრივი სუბორდინაცია, რისი დარღვევის უფლებაც სახელმწიფო მოხელეს და მით უმეტეს სამხედრო პირს არ აქვს.

 

 

-გასაგებია, ქართულმა მხარემ გაყინა საქმე, ამ პერიოდში რას აკეთებს აზერბაიჯანი?

 

 

– ამ პერიოდში აზერბაიჯანი ავითარებს ინფრასტრუქურას, რაც გამოიხატა გარეჯის თხემის მიმდებარედ აზერბაიჯანის მხრიდან გზების გაყვანასა და სასაზღვრო დანიშნულების ნაგებობების აშენებაში. ბრძოლას მხოლოდ დავითგარეჯში მოღვაწე ბერები აგრძელებდნენ. სხვა დონეზე ყველაფერი გაჩერებული იყო.

 

 

-მიდის კვირიკაშვილი, მოდის მამუკა ბახტაძე და იცვლება თავდაცვის მინისტრი, რა ხდება შემდეგ?

 

 

– ბატონი მამუკა ბახტაძის დროს არსებითად შეიცვალა სიტუაცია. იგი სერიოზულად დაინტერესდა ამ თემით. ასევე საკითხით დაინტერესდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი. პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტამდე შედგა ჩემი შეხვედრა პრემიერთან სახელმწიფო კანცელარიაში, რაშიც დახმარება გამიწია თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბატონმა გიორგი ბუთხუზმა. ამ შეხვედრის დროს ჩემს მიერ დეტალურად იქნა ახსნილი აღნიშნული თემა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბიანი რუკით.

 

 

-ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატებისგან ხშირად გამიგია, რომ როდესაც ჩვენ კომისიის შეხვედრაზე აზერბაიჯანის მხარეს 193738 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის რუკა, როგორც რეველანტური მასალა სამუშაოდ წარვუდგინეთ, მათ ეს თითქოს სასაცილოდაც არ ეყოთ და საუბარიც კი არ ისურვესო. რამდენად შეესაბამება მათი ეს თხრობა სიმართლეს?

 

 

– პირველად ამ რუკის თაობაზე აზერბაიჯანულ მხარესთან განცხადება გაკეთდა ჩემს მიერ ქ. ბაქოში 2019 წლის 23-24 მაისის კომისიათა შეხვედრაზე. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ იციან ამ რუკის შესახებ, მაგრამ შემდეგი პერიოდის კარტოგრაფიული მასალის გამოყენება უფრო მართებულად მიაჩნიათ 1938 წლის მდგომარეობის ანალიზისათვის, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ შემდეგი პერიოდის მასალა უფრო მსხვილმასშტაბიანი ანუ უფრო დეტალურია. ერთი სიტყვითაც არ თქმულა აზრი 1:200 000 მასშტაბის რუკის უვარგისობის შესახებ, რასაც დღემდე თავგამოდებით ამტკიცებს იური მელაშვილი სხვებთან ერთად.

 

 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძისა და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების უპასუხისმგებლო განცხადებები. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადავო უბნებზე ექსპერტთა ჯგუფების ერთობლივი მუშაობის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ 1:200 000 მასშტაბის რუკა წარმოადგინა როგორც კომისიის სამუშაო მასალა.

 

 

-მამუკა ბახტაძის პრემიერობის პერიოდში იგრძენით, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია ამ საკითხით?

 

 

– რა თქმა უნდა, საგრძნობლად უკეთესობისაკენ შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ პერიოდში მოხდა კომისიის ცვლილება და კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულ იქნენ ი. მელაშვილი და ნ. ილიჩოვა. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის სამსახურებს მათი არამართლზომიერი საქმიანობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რაც არ განხორციელებულა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს. გარდა ამისა, წლების შემდეგ პირველად შედგა ქართული და აზერბაიჯანული კომისიების შეხვედრა, რომელიც შემდეგ ექსპერტთა ჯგუფების სამუშაო შეხვედრებით გაგრძელდა.

 

 

-რამდენადაც ვიცი, მელაშვილი 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანულ მხარეს ედავება იმ ტერიტორიებს, რომელიც რეალურად არ არის საქართველოს ნაწილი. ეს რატომ კეთდებოდა?

 

 

– მრჩება შთაბეჭდილება, ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ შექმნილიყო აზრი, თითქოს საქართველო უფრო მეტ ტერიტორიას ედავება აზერბაიჯანს, ვიდრე პირიქით. სინამდვილეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტერიტორიებზე დავა შესაძლებელია გაგრძელდეს ათეული წლები და ამასობაში ფაქტობრივი მდგომარეობა უარესობისაკენ შეიცვალოს, რაც მოხდა კიდეც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. არასწორია დავა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 1938 წლის რუკით არ შემოდიოდა საქართველოს ფარგლებში. სწორედ ასეთი მიდგომა აძლევს საფუძველს აზერბაიჯანულ მხარეს, რომ შეეცადოს 1938 წლის სამართლებრივი სივრციდან გასვლას.

 

 

-რა ნაწილში ხედავთ ილიჩოვას ბრალეულობას?

 

 

– ქალბატონი ნატალია ილიჩოვა არის ტექნიკოსი კარტოგრაფი ანუ მხაზველი კარტოგრაფი. როგორც ჩემთვის ცნობილია, მის მიერ იყო შესრულებული კომისიის სამუშაო მასალის კარტოგრაფიული ნაწილი. ივერი მელაშვილის მსგავსად ნატალია ილიჩოვაც მიიჩნევს, რომ საზღვრის შეთანხმებული ნაწილი 1938 წლის მდგომარეობის მიხედვით შეთანხმდა, მაგრამ მისგან ამ საკითხის არგუმენტირებული მტკიცებულება არ მომისმენია. ანალოგიურად, მისთვისაც მიუღებელი იყო 1937-38 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკით ხელმძღვანელობა და მიაჩნდა, რომ ეს რუკა გამოუსადეგარი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ 1 : 200 000 მასშტაბის რუკის XXII ფურცელი, რომელიც თავდაპირველი ძიებისას ვერ ვიპოვეთ, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმა სასაზღვრო პოლიციაში აღმოაჩინეს, სადაც მუშაობდა ნატალია ილიჩოვა. თუმცა მანამდე ჩვენს შეკითხვაზე 1 : 200 000 მასშტაბის რუკის XXII ფურცლის არსებობასთან დაკავშირებით, უარყოფითი პასუხი გვქონდა მიღებული.

 

 

-ხელისუფლებაში ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი და საქმე გადადის ინტესიურ პროცესში. როგორ ვითარდება მისი ჩართულობის შემდეგ პროცესი? ცნობილია, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით ეს საქმე მივიდა იმ პროცესამდე, რომ პროკურატურამ დააკავა კომისიის ყოფილი წევრები. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოვისმინეთ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებაც...

 

 

– ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სიტუაცია არსებითად შეიცვალა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მამა კირიონს ჰქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან, შემდეგ მინისტრმა დამიბარა და მე დეტალურად ავუხსენი შექმნილი სიტუაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც აზერბაიჯანული მხარე აპირებს საქართველოში ჩამოსვლას კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების შეჯერებისათვის. ბატონი მინისტრი ჩავაყენე საქმის კურსში, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან, მოლაპარაკების წარმოებისათვის, აუცილებლად გვესაჭიროებოდა 1937-38 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1 : 200 000 მასშტაბის რუკის ოთხი ფურცელი, რომელიც ფარავს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ პერიმეტრს და ამასთანავე აღნიშნული რუკის ფურცლები უნდა ყოფილიყო საარქივო დამოწმებული ასლები.

 

 

ამის შემდეგ პროცესში ჩაერთო ბატონი დავით ხიდაშელი, რომელმაც ჩამოიტანა აღნიშნული რუკები რუსეთის არქივიდან, რითაც ნამდვილად საქვეყნო საქმე გააკეთა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წლების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით ამ მასალის მოძიებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკაში. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ რუკების მაინცდამაინც რუსეთის არქივიდან ჩამოტანა. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური არქივის სამართალმემკვიდრე არის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური არქივი, სადაც უამრავი მასალა ინახება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ. არსებობს მასალები, რომლებიც არც ერთ სხვა არქივში არ მოიძებნება მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, სხვა გზით აღნიშნული რუკების მოძიება და საქართველოში ჩამოტანა ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო.

 

 

-დაიწყო გამოძიება, დაპატიმრებულია ორი ადამიანი, დაცვის მხარე და ოპოზიცია ცდილობენ დაამტკიცონ მათი უდანაშაულობა...

 

 

– პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არავისი ცუდი არ მინდა, მაგრამ ჩემი დევიზია და შვილებსაც ასე ვზრდი – „ყველა უნდა ემსახუროს სამშობლოს, უნდა ემსახუროს ღირსეულად“. მათ სათანადოდ არ შეისწავლეს დოკუმენტები და მიიღეს ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილებები. რატომ? – ამას გამოძიება დაადგენს. მეტსაც გეტყვით, 2019 წლის აგვისტოში, როდესაც ჩატარდა ექსპერტთა ჯგუფების მიერ ერთობლივი საველე სამუშაოები, ჩიჩხიტურის კოშკთან ვერ მოხდა შეთანხმება, რის შედეგადაც აზერბაიჯანული მხარე არ გავატარეთ გარეჯის თხემზე, რადგან მათ არ მოგვცეს თხემიდან ქვემოთ ჩასვლის საშუალება. ჩვენი მოთხოვნა ეფუძნებოდა 1 : 200 000 მასშტაბის რუკაზე დატანილ საზღვარს, რომლის მიხედვითაც აზომვა უნდა ჩატარებულიყო თხემის ქვემოთ. აზერბაიჯანელ ექსპერტებს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ 1 : 200 000 მასშტაბის რუკასთან მიმართებაში, მაგრამ აღნიშნეს, რომ ქართულ მხარეს მსგავსი რამ არასოდეს არ მოუთხოვია, რაც ასახულია შესაბამის ოქმში. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი უტყუარი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ არასწორ ქმედებას.

 

 

-ბატონო ნოდარ, ამ საქმეში საინტერესოა ნინო კალანდაძის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის 5 მაისს გააკეთა. იგი პირდაპირ ამბობს, რომ დავითგარეჯის ეს მონაკვეთი არ ეკუთვნის საქართველოს. კალანდაძე იყო ის ფიგურა, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთებდა ამ განცხადებას?

 

 

– რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე განცხადება იყო და არის დღესაც. არ ვიცი, როგორ მიმდინარეობდა მაშინ შიდა პროცესები, მაგრამ ნინო კალანდაძეს ვერ ეცოდინებოდა და ვერც დღევანდელ მინისტრს ეცოდინება, თუ შემსრულებელი არ მიაწვდის სწორ და ღირებულ ინფორმაციას. ნინო კალანდაძემ ის ინფორმაცია გააჟღერა, რაც იცოდა ანუ რაც კომისიამ მიაწოდა. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც მინისტრის მოადგილეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

-მაშინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო იმით, რომ გარეჯის ეს მონაკვეთი არ ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში, უკვე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგივე პოზიციას იზიარებდა კვრიკაშვილის მთავრობა?

 

– ზუსტად პოზიციის შესახებ ვერ მოგახსენებთ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ კვირიკაშვილის უმოქმედობა აღნიშნულ საქმეზე უარყოფითად აისახა.

 

 

-მხოლოდ ილიჩოვამელაშვილის დონეზე იყო დანაშაული ჩადენილი?

 

 

– ვერ გეტყვით. ჩვენ, რა დოკუმენტებთანაც გვქონდა წვდომა, იმ დოკუმენტების შესაბამისად დავდეთ ჩვენი შედეგი. ამის იქით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ რა დოკუმენტები შეიძლება არსებობდეს, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. ივერი მელაშვილს რაიმე დავალება ჰქონდა ზემოდან თუ უცოდინარობით მოუვიდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.

 

 

-ბატონო ნოდარ, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ დავითგარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს...

 

 

– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის განხორციელება. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საბჭოთა პერიოდში ყველა მოკავშირე რესპუბლიკისათვის შეიქმნა სამეცნიერო კომპლექსური ატლასები. აზერბაიჯანის სსრ ატლასი გამოიცა 1963 წელს, სადაც ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების რუკაზე დატანილია „წითელი ხიდი“, როგორც მათი ძეგლი, ხოლო დავითგარეჯის მიდამოებში არანაირი აღნიშვნა არ არის დასმული. ეს ნიშნავს, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში აზერბაიჯანს დავითგარეჯი თავის ძეგლად არ მიაჩნდა. ეს ატლასი შექმნილია აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, რომელშიც აზერბაიჯანის არაერთი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობდა. ისმის კითხვა: თუ 60–იან წლებში აზერბაიჯანს დავითგარეჯში არაფერი არ გააჩნდა, 90–იან წლებში რატომ შეიცვალა სიტუაცია? გარდა ამისა, როგორც ჩემთვის ცნობილია, 2007 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელი აქვს მოწერილი „კეშიშჩი-დაღის ნაკრძალის“ შექმნის დოკუმენტზე. ე. ი. აზერბაიჯანმა არარსებული ნაკრძალი შექმნა.

 

 

დავით გარეჯის საერთო სარგებლობის ძეგლად გამოცხადება ნიშნავს, რომ საქართველო აღიარებს აზერბაიჯანული ძეგლის არსებობას, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ თუ ახლა დავითგარეჯის კომპლექსის 5%–ზე აქვთ პრეტენზია, შემდეგ 100%-ზე გაუჩნდებათ და თავიანთ მომავალ თაობას ასწავლიან, რომ ლავრა და დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ყველა სხვა ძეგლი მათი საკუთრება და ისტორიაა. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ, ნებისმიერი დანიშნულებით დავითგარეჯის საერთო სარგებლობის ზონად გამოცხადება სამომავლოდ კარგ შედეგს არ მოგვიტანს.

 

 

თამთა ქარჩავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner